მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
 

























მთავარი >> დეპარტამენტები >> ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი >> დეპარტამენტის შესახებ
დეპარტამენტის შესახებ

ეკონომიკურ მეცნიერებათა შემსწავლელი დისციპლინებიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიკის საგნის სწავლება დაიწყო ჯერ კიდევ პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსების დღიდან. პირველად ამ საგნის სალექციო კურსი წაიკითხა დოც. პ. პატარაიამ.
თავიდანვე ეკონომისტთა კადრების მომზადებაში ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტს დიდი სამსახური გაუწია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურმა ფაკულტეტმა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 90_იანი წლები, როგორც რადიკალური ეკონომიკური ცვლილებების, გარდამავალი ეკონომიკის გამოცხადების და საბაზრო სტრუქტურების ფორმირების პროცესის დასაწყისი, რამაც პრინციპულად შეცვალა ეკონომიკური დისციპლინების, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ეკონომიის სწავლებისადმი მიდგომის ხერხები, მისი შინაარსი და მეთოდიკა. აღნიშნულმა გარემოებამ მრავალი პრობლემა დააყენა, მათ შორის პროგრამებისა და სასწავლო გეგმების დამუშავება, კადრების გადამზადება, ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა. აღნიშნული პრობლემების მოგვარება დაეკისრა ეკონომიკის ფაკულტეტს (დეკანი დოც.დ.დევაძე) რომელიც ჩამოყალიბდა 1992 წელს ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში. 1994 წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ეკონომიკისა და მართვის კათედრა (გამგე - დოცენტი დ. დიასამიძე).
1996 წელს დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაზაზე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ეკონომიკის ფაკულტეტი - დეკანი ზ. შაშიკაძე.
1997 წლიდან ჩამოყალიბდა ეკონომიკური თეორიის საფუძვლების კათედრა
(გამგე - დოც. დ. დიასამიძე, შემდგომში კი კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა დოც. ნ. წიკლაშვილი). ამავე წელს ჩამოყალიბდა ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრა (გამგე - ვ. ვერულიძე)
2006 წლიდან უნივერსიტეტში გატარებული რეორგანიზაციების შედეგად მოხდა ეკონომიკური თეორიის საფუძვლებისა და ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრების გაერთიანება. შეიქმნა ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი რეზო მანველიძე, რომელიც არის აგრარული განათლების საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, ხუთი პერიოდული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. დეპარტამენტში მოღვაწეობდა 80-მდე თანამშრომელი, მათ შორის ერთი სრული, 21 ასოცირებული, და 8 ასისტენტ_ პროფესორი და მოწვეული მასწავლებლები.
აღნიშნული პერიოდისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა დეპარტამენტის აკადემიური მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად. კერძოდ, გადამუშავდა სასწავლო პროგრამები, მილევად რეჟიმში გადავიდა ის სპეციალობები, რომლებიც არ შეესაბამებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებულ ბაკალავრიატის სპეციალობის ჩამონათვალს. აღნიშნული პერიოდისათვის საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნა ახალი პროგრამები. საბაკალავრო: ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, ტურიზმი; სამაგისტრო: ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, სახელმწიფო და მუნიციპალური მართვა, ზოგადი მენეჯმენტი, მარკეტინგი. პროგრამების სრულყოფის პარალელურად დამკვიდრდა ისეთი დისციპლინები, რომლებიც დიდი ხანია აპრობირებულია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და სპეციალისტებს უყალიბებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, ბიზნესსა და საზოგადოებაში ადაპტირების უნარს.
2009 წლის ოტომბერში მოხდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის გაყოფა და შეიქმნა ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი (ხელმძღვანელი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი რეზო მანველიძე).
შექმნის დღიდან დეპარტამენტი, აქტიუად თანამშრომლობს საქართველოსა და ასევე უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით, სასწავლო და სახელმწიფო დაწესებულებებთან. ამის გამოხატულებაა ის, რომ დეპარტამენტში 2007-2011 წლებში მოქმედებდა ორი ერთობლივი პროგრამა: საერთაშორისო ბიზნესი_ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან ერთად და საერთაშორისო ფინანსები_ირლანდიის ელექტრონულ უმაღლეს ბიზნეს სკოლასთან ერთად. ამჟამად დეპარტამენტში შემავალ სპეციალობებზე სწავლობენ სტუდენტები თურქეთის რესპუბლიკიდან, ხოლო დეპარტამენტის სპეციალობის სტუდენტები მივლენილნი არიან სომხეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში.
2011-2012 სასწავლო წლიდან დეპარტამენტში მოქმედმა საბაკალავრო (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ეკონომიკა), სამაგისტრო (ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა) და სადოქტორო (ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა) წარმატებით გაიარა ავტორიზაცია-აკრედიტაცია.
2013-2014 სასწავლო წლის მონაცემებით საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ირიცხება 430-მდე სტუდენტი, სამაგისტრო პროგრამაზე - 70 სტუდენტი, ხოლო სადოქტორო პროგრამაზე - 24 სტუდენტი, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე ირიცხება 14 დოქტორანტი, ხოლო ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე 10 დოქტორანტი.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დეპარტამენტში მოქმედებს სადოქტორო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. 2008-2013 სასწავლო წლებში დოქტორის აკადემიური ხარისხი დაიცვა 17 დოქტორანტმა. დისერტაციები ძირითადად მოიცავდა მარკეტინგის, მენეჯმენტის, ბიზნესის ორგანიზაციისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს, რომლებსაც დიდი პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობა აქვთ. დასმული და განნხილული წინადადებები რეკომენდაციით მიეწოდა შესაბამის სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურებს.
დეპარტამენტში სასწავლო პროცესთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო მუშაობაც. პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტების შესაბამისად შემოქმედებითად მუშაობენ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებზე. 2009-2013 გამოცემულია 10-ზე მეტი მონოგრაფია, გამოქვეყნებულია 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, დეპარტამენტის თანამშრომლებს აგრეთვე მიღებული აქვთ მონაწილეობა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებში. 2010 წლის აპრილში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ინოვაციები ბიზნესში”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოთხი ქვეყნიდან დაახლოებით ოთხმოცდახუთმა მეცნიერმა. ეკონომიკური პილიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტში მუშავდება საგრანტო პროექტი, ასოცირებული პროფესორის, ბადრი გეჩბაიას ხელმძღვანელობით, რომელმაც 2012 წელს გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში - ,,პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის“. პროექტი დაფინანსებული იქნა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა ,,კავკასიის რეგიონის ეკონომიკის პრიორიტეტები და ტენდენციები გლობალიზაციის ხანაში (კონკურენტუნარიანობა, პრობლემები, გამოწვევები,
პერსპექტივები)“
დეპარტამენტს შემუშავებული აქვს სტრატეგიული ხედვა, რომელიც გულისხმობს სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებით ურთიერთობებს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, სწავლებისა და პრაქტიკის, უნარჩვევების ხარისხის უწყვეტი ამაღლების შესაძლებლობას და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პირობების გაუმჯობესებას: კერძოდ, სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და ხერხების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის დაუფლებაში მიღწევების სტიმულირების, სწავლისადმი ინტერესისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას; სტუდენტის ინდივიდუალური პოტენციალისა და პირადი კომპეტენციის დადგენას; თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური ურთიერთობებისა და პრინციპების ,ეკონომიკური კრიზისებისა და განვითარების სწავლების გააქტიურებას; ბოლონიის პროცესის სტანდარტებით აკადემიური მობილობის, საგანმანათლებლო პროგრამების თავისუფალი არჩევანის, პროფესიული ცოდნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიღწევას; სასწავლო და სამეცნიერო პროცესების ეფექტურობის უზრუნველმყოფი მატერიალური ბაზის განვითარების წინაპირობების შემუშავებას; დისტანციური სწავლების (განსაკუთრებით სამაგისტრო პროგრამების) სასწავლო-მეთოდური და პროგრამული კომპლექსის ფორმირებას.
დეპარტამენტი ყოველწლიურად აწყობს შეხვედრებს კურსდამთავრებულებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან.
გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ბაქოს ბიზნესისა და ეკონომიკის ინსტიტუტთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივ სამინისტროებთან, ქ. ბათუმის მერიასთან, საფინანსო ორგანიზაცია - „ლაზიკა-კაპიტალთან“, შპს „ანაგთან“, ბათუმის ბიზნეს-ინკუბატორთან, გაეროს განვითარების ფონდთან და სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან.
2013 წლის სექტემბრიდან დეპარტამენტში საგანმანათლებლო საქმიანობას ემსახურება 3 სრული, 6 ასოცირებული, 4 ასისტენტ-პროფესორი და 7 მოწვეული სპეციალისტი.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა