მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
 























მთავარი >> განყოფილებები >> მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილება >> განყოფილების შესახებ
განყოფილების შესახებ

მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილება
მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილება ჩამოყალიბდა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს 2011 წლის 21 ოქტომბრის №2 სხდომის დადგენილების საფუძველზე ორი სამეცნიერო ლაბორატორიის – მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და დაავადებებისგან დაცვის და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიების გაერთიანების შედეგად.
მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და დაავადებებისგან დაცვის ლაბორატორია ჩამოყალიბდა ფიტოპათოლოგიის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დაარსებისთანავე, 1959 წელს და იწოდებოდა ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიად, ხოლო 2010 წლის მაისიდან ფუნქციონირებდა, როგორც მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და დაავადებებისაგან დაცვის ლაბორატორია. ლაბორატორიას დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდნენ: პლატონ ქვარცხავა, რეზო გუნთაიშვილი, ვლადიმერ ლებედევი, ანატოლი კლაჩკო, ედუარდ მეგრელიძე, 2011 წელს განყოფილებას ხელმძღვანელობდა ავთანდილ მესხიძე.
ლაბორატორიის მიზანს წარმოადგენს დაავადებების ზუსტი და დროული დიაგნოსტიკა; დაავადების გამომწვევთა პოპულაციების სახეობრივი შედგენილობის იდენტიფიკაცია: პათოგენთა ბიოლოგიის და კულტურალურ – მორფოლოგიური თვისებების შესწავლა.
მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დაფინანსებით (პროექტი G-1093p) 2007 წელს შეიქმნა. ლაბორატორიის თანამშრომლებმა გაიარეს სტაჟირება დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სამეცნიერო ცენტრში (Central Scientific Laboratory York, UK). 2007 წლიდან ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა გალინა მეფარიშვილი.
მოლეკულური დიაგნოსტიკა, როგორც ცალკე მიმართულება, სწრაფად განვითარდა 70-იანი წლების დასაწყისში, მოლეკულური ბიოლოგიის გარკვეული საკითხების ფუნდამენტური შესწავლის შემდეგ. მსოფლიო ბიოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო 1985 წელს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) აღმოჩენა. ამ გამოგონებამ საფუძვლიანად შეცვალა მოლეკულური ბიოლოგიის არსი. PCR- ანალიზს განსაკუთრებული ადგილი უკავია თანამედროვე დიაგნოსტიკაში
PCR-მეთოდმა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა აიყვანა პრინციპულად მაღალ დონეზე – ნუკლეინის მჟავების (დნმ და რნმ) განსაზღვრამდე, რაც საშუალებას გვაძლევს პირდაპირ აღმოვაჩინოთ ინფექციის აგენტი ან გენეტიკური მუტაცია ნებისმიერ ბიოტურ და აბიოტურ საკვებ არეზე (ნიადაგი, წყალი და ა. შ.).
PCR– ის დიაგნოსტიკური მგრძნობელობა და სპეციფიურობა ბევრად აღემატება კლასიკურ კულტურულ მეთოდს, რომელიც მცენარეთა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკაში ცნობილია ,,ოქროს სტანდარტად”. თუ გავითვალისწინებთ დაავადების გამომწვევის სუფთა კულტურაში გამოყოფის პროცედურების ხანგრძლივობას და ობლიგატური სოკოების უუნარობას გაიზარდონ in vitro სისტემაში, PCR მეთოდის უპირატესობა ეჭვგარეშეა.
PCR ანალიზის შედეგები შეიძლება მიღებულ იქნას 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ამასთან, ანალიზისათვის შერჩეული ნიმუშების შენახვა შესაძლებელია მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში შესაბამისი ტემპერატურული ნორმების დაცვით.
ფიტოპათოლოგიაში PCR ანალიზი ძირითადი გამოიყენება დიაგნოსტიკისა (აუცილებლობის შემთხვევაში პათოგენის გამოვლენა მცენარის ქსოვილში ან იმ შემთხვევაში, როცა დაავადება მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე, ლატენტურად მიმდიმარე ინფექციები) და პათოგენის პოპულაციებში მიმდინარე ცვლილების მონიტონგის(საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ მიმდინარე ცვლილებებს და ვაწარმოოთ მათი განვითარების საფრთხის პროგნოზირება) მიზნით.
უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცენარეთა დაავადების გამომწვევის დეტექციისათვის ტესტ-სისტემების შემუშავებას. მსგავსი ტესტ-სისტემები უკვე შემუშავებულია ისეთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებებისათვის, როგორიცაა მარცვლოვნების სეპტორიოზები, ჰელმინტოსპორიოზები, ჟანგები, ნაცრები, კარტოფილის ფიტოფტოროზი და სხვა.
გარდა ამისა, PCR დიაგნოსტიკა წარმატებით გამოიყენება დაავადებებისადმი მცენარეთა გამძლეობის სელექციაში. კერძოდ, PCR ანალიზი საშუალებას იძლევა სასელექციო მასალაში გამოვლენილი იქნას კონკრეტული დაავადებისადმი გამძლეობაზე პასუხისმგებელი გენები.
მოლეკულურ ბიოლოგიური ლაბორატორია თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშარისო ორგანიზაციებთან: საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ISTC; რუსეთის ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი; ვაშინგტონის უნივერსიტეტი.

განყოფილებას ეკუთვნის წაღვერის საყრდენი პუნქტი.
წაღვერის საყრდენი პუნქტი
წაღვერი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით. წაღვერზე გადის ბორჯომი-ახალქალაქის საავტომობილო გზა. ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტმა წაღვერში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები დაიწყო 60-იან წლებში და გრძელდება დღემდე. 2012 წლამდე წაღვერის საყრდენი პუნქტის საცდელ ნაკვეთზე ითესებოდა ხორბლის იზოგენური ხაზები და ჯიშები ხორბლის სხვადასხვა დაავადების მიმართ გამძლეობის დადგენისა და ჩანასახოვანი პლაზმის ბანკის შენახვა-შევსებისთვის სათესლე მასალის გაახლების მიზნით.
2012 წლიდან სამეცნიერო-თემატური გეგმით გათვალისწინებულია ტრადიციული და ინტროდუცირებული ხორბლის, კარტოფილის, სიმინდის ჯიშებისა და ჰიბრიდების ეკოლოგიური გამოცდა წაღვერში. კვლევის მიზანია ჯიშთა ფენოფაზებსა და კლიმატს შორის კავშირის, ფიტოსანიტარული მდგომარეობისა და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობის გაფართოებული კომპლექსური შესწავლა ორ განსხვავებულ აგროეკოლოგიურ ზონაში (ქობულეთი-წაღვერი).
გარდა ამისა, 2013 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ ,,საქართველოს შემოსავლების სამსახურს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ინტროდუცირებული კულტურების სათესლე მასალის ეკოლოგიური გამოცდის მიზნით წაღვერის საცდელ ნაკვეთზე დაითესა კარტოფილის, სიმინდის, ხორბლის, მზესუმზირის, იონჯის ჯიშები(ლაბორატორიული ექსპერტზის შემდეგ).
ვინაიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი აწარმოებს საკარანტინო ობიექტების(დაავადებები, მავნებლები, სარეველები) მონიტორინგს და დიაგნოსტიკას საქართველოს ყველა რეგიონში, ამიტომ წაღვერის საყრდენი პუნქტი თავისი მიკროკლიმატური პირობებით არის მნიშვნელოვანი საკვლევი ზონა ფიტოსანიტარული მდგომარეობის მრავალწლიანი პროგნოზის შედგენისა და დაავადებებთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებისთვის.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა