მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
 























მთავარი >> ზოგადი ინფორმაცია >> ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმა
ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმა

• ქვეყნის სამეცნიერო–ტექნოლოგიური პროგრესისათვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება და ახალი ტექნოლოგიების შემუშავება - დანერგვა.
• ტრადიციული და პერსპექტიული სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და სხვა, მნიშვნელოვანი მცენარეული სახეობების დაავადებათა გამოვლენა, მათი გავრცელებისა და განვითარების ინტენსიობის განსაზღვრა, მავნეობის ხარისხის დადგენა, დაავადების ნიმუშების შეგროვება. დაავადებებთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება.
• მცენარეთა დაავადებებით გამოწვეული სერიოზული ზარალის თავიდან აცილებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ ღონისძიებათა სისტემის შემუშავების მიზნით დაავადებათა ზუსტი და დროული დიაგნოსტიკა; დაავადების გამომწვევთა პოპულაციების სახეობრივი შემადგენლობის იდენტიფიკაცია; პათოგენთა ბიოლოგიის და კულტურალურ - მორფოლოგიური თვისებების შესწავლა, რაც აღნიშნული პრიორიტეტის მიზანს წარმოადგენს.
• პათოგენთა შიდასახეობრივი დიფერენციაციის, ვირულენტობის გენების შეხვედრის სიხშირისა და მათი დინამიკის შესწავლა, რაც აუცილებელია ვირულენტობის გენოფონდის გრძელვადიანი პროგრამებისათვის, რომელიც, საბოლოო ჯამში, აუცილებელი წინაპირობაა წარმატებული სელექციური საქმიანობისათვის. მოცემული კვლევის მიზანია დაავადებებისადმი გამძლე ჯიშებისა და გამძლეობის ეფექტური წყაროების გამოვლენა ბუნებრივი და ხელოვნური ინფექციური ფონის გამოყენებით, რაც მოსავლის შენარჩუნებისა და გაზრდის საიმედო რეზერვია.
• ფიტოპათოგენთა კოლექციის შექმნა და შენახვა, რაც აუცილებელია მთელი რიგი ფუნდამენტური თუ გამოყენებითი კვლევებისათვის, ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და შენარჩუნების მიზნით, საგანმანათლებლო და საწარმოო მიზნებისათვის. სტრატეგია მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, რომელთა მიხედვითაც ფიტოპათოგენთა კულტურათა კოლექცია უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ნორმებს და შესაძლებელი უნდა იყოს მსოფლიოს სხვადასხვა კოლექციებთან კავშირის დამყარება.
• ფიტოპათოგენთა პოპულაციებში მიმდინარე ცვლილებების შესწავლა და სოფლის მეურნეობისათვის საშიში ტენდენციების იდენტიფიცირება. ფიტოპათოლოგიაში მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდების ათვისება და გამოყენება დაავადებათა სწრაფი დიაგნოსტიკისა და პათოგენთა პოლიმორფიზმის შესწავლის მიზნით.
• ბიომრავალფეროვნების კუთხით სტრატეგიული განვითარების გეგმას განსაზღვრავს მისი კავშირი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კონვენციებთან, საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიითა და მოქმედებათა გეგმით (2005) განსაზღვრულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების (კულტურული, ველური) დაცვის სამთავრობო პრიორიტეტებთან. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტი ენიჭება სამეცნიერო კვლევებს, ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის მონიტორინგს და ბიოლოგიური მრავალფეროვნების in situ და ex situ კონსერვაციას.
• აჭარის ზღვისპირეთის ინტროდუცირებული, ადგილობრივი და ინვაზიური ფლორის კვლევა.
• ინვაზიურ (ადვენტურ) სახეობათა კომპლექსების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა.
• აჭარის ზღვისპირეთის ფლორის ანტიმიკრობული თვისებების შესწავლა და პრაქტიკული გამოყენების რეკომენდაციების შემუშავება.
• აჭარაში გავრცელებულ ადგილობრივ და ინტროდუცირებულ დეკორაციულ და ხეხილოვან მცენარეთა სელექციურ-გენეტიკური შესწავლა მათი გენოფონდის შენარჩუნების, პერსპექტიული ჯიშების გამოვლენისა და შემდგომი გამოყენების მიზნით.
• იხტიოფაუნისა და ზღვის ძუძუმწოვრების სახეობრივი მრავალფეროვნების ინვენტარიზაცია და მონიტორინგის ინდიკატორების პროგრამების შემუშავება.
• მჭიდრო თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, კავშირი საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან.
• სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მომზადება და შესაბამისად მაგისტრებისა და დოქტორების აღზრდა.
• ინსტიტუტის სამეცნიერო რესურსისა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი აპარატურის გამოყენება ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორების ცოდნის დონის ასამაღლებლად.
• მცენარეთა დაავადებებზე და დაცვის ღონისძიებებზე ფერმერთა ცოდნის გაუმჯობესება ლექცია-სემინარების, ტრენინგების, ღია კარის დღეებისა და მცენარეთა კლინიკების მოწყობის გზით.
• საექსპერტო მომსახურების გაწევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სააგენტოს, საბაჟო დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, კერძო ფირმებისა და ფერმერთა მხრიდან შემოსული შეკვეთების შემთხვევაში.

ინსტიტუტში მიმდინარე კვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა საქართველო გახდა ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი, სადაც ხდება სხვადასხვა ტვირთის ექსპორტ-იმპორტი და სადაც ტვირთებთან ერთად შეიძლება მიკროორგანიზმებიც გადაადგილდეს.ასეთ ვითარებაში იცვლება ფიტოსანიტარული სურათი, იზრდება საქართველოში საკარანტინო ობიექტების შემოტანისა და გავრცელების რისკი და აქვე ჩნდება საზღვრებთან და პორტებთან მკაცრი ბიოლოგიური კონტროლის დაწესების აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სოფლის მეურნეობისა და გარემოსათვის საშიში პათოგენური ობიექტების დროული და ზუსტი იდენტიფიკაციის მიზნით, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში (მდებარეობს სტრატეგიულ ადგილზე, ქ. ქობულეთში) განხორციელებული კვლევები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მდგომი ქვეყნისთვის.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა