მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
 























მთავარი >> ზოგადი ინფორმაცია >> ინსტიტუტის დებულება
ინსტიტუტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. „ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (შემდგომში - ინსტიტუტი) არის სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
1.2. ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით, ბსუ-ს წესდებითა და ამ დებულებით.
1.3. ინსტიტუტი ბსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ბსუ-ს სამეცნიერო ცენტრის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო მიმართულების სამართალმემკვიდრეა.
1.4. ინსტიტუტის დებულებას იხილავს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები, ფუნქციები და
საქმიანობის საგანი
2.1. ინსტიტუტის მიზნები და ფუნქციებია:
ა) სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებთან, ხელშეკრულების დადება. მათი შეკვეთით კვლევითი სამუშაოს შესრულება საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მეთოდების შესაბამისად;
გ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
დ) სამეცნიერო საქმიანობისთვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
ე) ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
ვ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება;
ზ) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;
თ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) სამეცნიერო კადრების მომზადებაში უნივერსიტეტისთვის ხელშეწყობა, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
კ) სასოფლო - სამეურნეო და ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი სხვა მცენარეული კულტურების სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების მონიტორინგი და დიაგნოსტიკა, პათოგენთა შიგასახეობრივი დიფერენციაციის, ვირულენტობის გენების შეხვედრის სიხშირისა და მათი დინამიკის შესწავლა; დაავადებებისგან დაცვის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების ეფექტურობის შეფასება; კვლევის თანამედროვე მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდების გამოყენება; ფიტოპათოგენთა ეროვნული კოლექციის შექმნა-შევსება;
ლ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და კონსერვაცია - ინტროდუცირებული, ადილობრივი და ინვაზიური ფლორის კვლევა; სასოფლო - სამეურნეო კულტურების გენეტიკური რესურსების შეფასება; იხტიოფაუნისა და ზღვის ძუძუმწოვრების სახეობრივი მრავალფეროვნების ინვენტარიზაცია და მონიტორინგის ინდიკატორების პროგრამების შემუშავება.
2.2. ინსტიტუტი უფლებამოსილია უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე საქმიანობა ხელშეკრულებათა საფუძველზე, მათ შორის, საპროექტო, საექსპერტო და ტექნოლოგიური საქმიანობა.

მუხლი 3. ინსტიტუტის მართვის ორგანოები და სტრუქტურა
3.1. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას მართავს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების საერთო კრების მიერ და შედგება 7 წევრისაგან.
3.2. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ/საორგანიზაციო საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით ნიშნავს ბსუ-ს რექტორი.
3.3. ინსტიტუტის ქვესტრუქტურული ერთეულია სამეცნიერო განყოფილება.
მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილებანი
4.1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო:
ა) განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უზრუნველყოფს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელებას;
ბ) მოისმენს და განიხილავს ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს;
გ) განიხილავს ინსტიტუტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს და დასამტკიცებლად წარუდგენს ბსუ-ს ადმინისტრაციას;
დ) ბსუ–ს აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის წლიურ ანგარიშს;
ე) განიხილავს სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;
ვ) განიხილავს და გასცემს რეკომენდაციებს სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით;
ზ) განიხილავს ინსტიტუტის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში.
4.2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
4.3. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4.4. . სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. ცალკეულ შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დადგინდეს გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი.
4.5. სამეცნიერო საბჭოს სხდომა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან ცენტრის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
4.6. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს.
4.7. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი სურვილი;
ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სხდომებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება;
ე) გარდაცვალება;
ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლება.
4.8. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი.
მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
5.1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ფარული კენჭისყრით აირჩევა ამ საბჭოს უფლებამოსილების (5 წლის) ვადით სამეცნიერო საბჭოს წევრთა მიერ, სიით შემადგენლობის უმრავლესობით.
5.2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
5.3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს და უძღვება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
ბ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;
გ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას;
დ) ხელს აწერს სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებებს.
5.4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
ე) გარდაცვალებისას.
მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოს არჩევა
6.1. სამეცნიერო საბჭო აირჩევა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა საერთო კრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
6.2. ინსტიტუტის საერთო კრება შედგება ინსტიტუტში დასაქმებული სამეცნიერო პერსონალისაგან.
6.3. სამეცნიერო საბჭოს არჩევნებში თავისი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირს.
6.4. სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს ბსუ-ს რექტორი ან სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილე.
6.5. სამეცნიერო საბჭოს არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. თითოეული მეცნიერი ხმას აძლევს პირადად. არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მოიპოვებენ ყველაზე მეტ ხმას.
6.6. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრობის ორი ან მეტი კანდიდატი დააგროვებს ხმათა თანაბარ რაოდენობას, იმავე დღეს ინიშნება განმეორებითი კენჭისყრა იმ კანდიდატებს შორის, რომელთაც თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვეს. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი.
6.7. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადამდე (5 წლამდე) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ინიშნება სამეცნიერო საბჭოს წევრის დამატებითი/რიგგარეშე არჩევნები. სამეცნიერო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.
6.8. არჩევნებს ატარებს ბსუ-ს საარჩევნო კომისია.
მუხლი 7. ინსტიტუტის დირექტორი
7.1. ინსტიტუტს წარმოადგენს დირექტორი.
7.2. ინსტიტუტის დირექტორი:
ა) წარმართავს ინსტიტუტის ადმინისტრაციულ საქმიანობას ბსუ-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;
ბ) უზრუნველყოფს ინსტიტუტის ეფექტურ საქმიანობას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ბსუ-ს მართვის ორგანოთა აქტების შესრულებაზე;
დ) ახორციელებს ბსუ-ს აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
7.3. დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის საფუძველზე;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შედეგად;
დ) გარდაცვალებისას.
მუხლი 8. ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი
8.1. ინსტიტუტის განყოფილებათა რაოდენობა განისაზღვრება ბსუ-ს, კერძოდ კი ინსტიტუტის სტრუქტურით/საშტატო განრიგით.
8.2. განყოფილების ხელმძღვანელი:
ა) შეიმუშავებს განყოფილების დებულების პროექტს და წარუდგენს დირექტორს;
ბ) შეიმუშავებს განყოფილების პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;
გ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
დ) ახორციელებს განყოფილების დებულებით გათვალისწინეულ სხვა უფლებამოსილებებს.
8.3. სამეცნიერო განყოფილების უფროსის თანმდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და 3 წლის სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ მიმართულებაში.

მუხლი 9. ინსტიტუტის პერსონალი
9.1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება ადმინისტრაციული, სამეცნიერო და დამხმარე პერსონალისაგან.
9.2.ადმინისტრაციული თანამდებობის პირია დირექტორი;
9.3. სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები - მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
9.4. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობას მიეკუთვნება:
ა) მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
9.5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:
ა) მეცნიერ - თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) უფროსი მეცნიერ - თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გააჩნია ამ მიმართულებაში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გააჩნია მიმართულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
9.6. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი და დამატებით პირობები განისაზღვრება სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესით.
9.7. ინსტიტუტის დამხმარე პესონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ბსუ-ს საშტატო განრიგით.

მუხლი 10. სამეცნიერო პერსონალის უფლებები და მოვალეობები
10.1. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში;
დ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა, დამატებით მიიღოს მონაწილეობა საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე, ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის დაფინანსებით, მიუხედავად სამუშაო ადგილის შეცვლისა;
ე) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ისარგებლოს ბსუ–ს ბიბლიოთეკით და სხვა ქონებით;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
10.2. მეცნიერი ვალდებულია:
ა) დაიცვას ბსუ-ს წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, ბსუ–ს მართვის ორგანოთა აქტებისა და ინსტიტუტის დებულების მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) გაუფრთხილდეს ბსუ–ს ქონებას;
დ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
10.3. მეცნიერთა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება სტრუქტურული რეორგანიზაციის ან/და საშტატო ერთეულების შემცირების თაობაზე;
გ) შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) სამი წლის განმავლობაში სამეცნიერო გრანტზე პროექტის წარუდგენლობა;
ვ) ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო გრანტის მიუღებლობა;
ზ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
თ) გარდაცვალება.

მუხლი 11. ინსტიტუტის დაფინანსება
11.1.ინსტიტუტის დაფინანსება ხორციელდება ბსუ-ს ბიუჯეტიდან.
11.2. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება გახდეს:
ა) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ბ) გრანტებით მიღებული შემოსავალი;
გ) შემოწირულობები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
11.3. ცენტრის საქმიანობით მოზიდული სახსრებიდან ბსუ იტოვებს შემოსული თანხის 15 %-ს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 12. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ინსტიტუტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა