მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
 























მთავარი >> დეპარტამენტები >> ქიმიის დეპარტამენტი >> დეპარტამენტის შესახებ
დეპარტამენტის შესახებ ძველი

ქიმიის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა ქიმიის კათედრის ბაზაზე 2006 წლის იანვრიდან. ქიმიის კათედრა თავის მხრივ შეიქმნა 1935 წლის 4 ოქტომბერს ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტთან. ქიმიის კათედრამ 75 წლის მანძილზე ჩამოყალიბებისა და ორგანიზაციული სრულყოფის რთული გზა განვლო. მის პირველ გამგედ არჩეულ იქნა დოცენტი გიორგი ციციშვილი (1935-45 წწ.).

1945 წ. იანვარში სამასწავლებლო ინსტიტუტის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად გარდაქმნის გამო, აუცილებელი გახდა საბუნებისმეტყველო კათედრების ჩამოყალიბება. 1946 წ. სექტემბერში ქიმიის ლაბორატორიები გამოეყო ბუნებისმეტყველების კათედრას და შეიქმნა ქიმიის კათედრა. 1946 წ. კათედრის გამგედ არჩეული იქნა პროფ. ვიქტორ კოკოჩაშვილი. ამ დროისათვის კათედრაზე მუშაობდნენ: დოც. ა. ნოღაიდელი, უფრ. მასწავლებლები: ვ. ქემხაძე, ნ. ჟორდანია და დ. იმნაძე, ხოლო კათედრის გამგე იყო პროფ. ვ. კოკოჩაშვილი

ბ-ნი ვიქტორის დამსახურებით სტუდენტურ ბიბლიოთეკას არა ერთი ქართული სახელმძღვანელო შეემატა. დიდია ბ-ნ ვიქტორ კოკოჩაშვილის დამსახურება ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.

1948 წელს ქიმიის კათედრას სათავეში ჩაუდგა დოც. ვლადიმერ ქემხაძე (1907-1983 წწ). 1955 წელს ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში განხორციელდა პროფილების გაერთიანება, რის გამოც ქიმიის კათედრა გაუქმდა და ქიმიკოსები გაერთიანდნენ ბუნებისმეტყველების კათედრაზე. კათედრის გამგედ არჩეული იქნა დოცენტი ჯემალ მესხიძე, ხოლო ქიმიის კათედრის ყოფილი გამგე ვლ. ქემხაძე დაწინაურებული იქნა ინსტიტუტის დირექტორად. ქიმიის ლაბორატორიებისა და სალექციო აუდიტორიების მოწყობაში ქიმიის კათედრას დიდი დახმარება გაუწია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალმოლეკულური ნაერთების ქიმიის კათედრის გამგემ, აჭარის მკვიდრმა, პროფესორმა ალექსანდრე (ახმედ) ნოღაიდელმა. მან ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიის ლაბორატორიებს უსასყიდლოდ გადასცა ქიმიური რეაქტივები, ჭურჭლები და ხელსაწყო-აპარატურა. 2009 წელს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, ქიმიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით ჩატარდა პროფ. ალ. ნოღაიდელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორატმა ღირსეულად დააფასა პროფ. ა. ნოღაიდელის ღვაწლი ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის წინაშე და 2009 წელს მისი სახელი მიენიჭა ქიმიის სალექციო აუდიტორიას.

1971 წლის მაისში ბიოლოგიის კათედრას გამოეყო ქიმიის ლაბორატორიები და შეიქმნა საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მეთოდიკისა და ქიმიის კათედრა. კათედრის გამგის თანამდებობაზე არჩეული იქნა დოცენტი ირაკლი ნაკაიძე.

1978 წლის 26 ივნისს საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს ბრძანებით ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში Aშეიქმნა ქიმიისა და ბუნებისმცოდნეობის კათედრა. კათედრაზე გაერთიანდა ქიმიური დისციპლინები, ასევე მცენარეთა ფიზიოლოგია, მიკრობიოლოგია, სოფლის მეურნეობის საფუძვლები და ბუნებათმცოდნეობა.

ახლად შექმნილი კათედრის გამგედ აირჩიეს ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ოთარ შამილიშვილი, რომელიც 1971 წლის აპრილში, საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრის, აკადემიკოს გიორგი ჯიბლაძის მითითებით გადმოყვანილი იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრიდან. 

იგი ქიმიის კათედრას ხელმძღვანელობდა 28 წლის მანძილზე, 1978 წლის 26 ივნისიდან 2006 წლის 16 იანვრამდე. სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მუშაობისათვის იგი მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული ქების სიგელებითა და მედლებით. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. ამ წლებში ქიმიის კათედრის ინიციატივით, საუნივერსიტეტო მასშტაბით მოეწყო შემდეგი ღონისძიებები: დოც. ვლ. ქემხაძის, პროფ ალ. ნოღაიდელის საიუბილეო საღამოები, ამიერკავკასიის ქიმიკოსთა ყრილობა.

2006 წლის იანვარში ქიმიის კათედრის ბაზაზე შეიქმნა ქიმიის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ს.მ.მ.დ., პროფესორი ნინო კიკნაძე, ხოლო 2006 წლის სექტემბრიდან დღემდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობს - ქ.მ.კ., ასოცირებული პროფესორი ნატო დიდმანიძე.

დეპარტამენტში ფუნქციონირებს არაორგანული და ორგანული ქიმიის მიმართულება, რომელთა სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტებს შეადგენს: არაორგანული ქიმიის მიმართულებით: 1.ბიომეტალებთან ახალი ბიოკოორდინაციული ნაერთების სინთეზი და კვლევა; 2.შავი ზღვის წყლის ზოგიერთი ქიმიური პარამეტრის სეზონური დინამიკის შესწავლა (აჭარის სანაპირო ზოლში);

ორგანული ქიმიის მიმართულებით: 1.ფიზიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა შესწავლა სხვადასხვა ბიოლოგიურ ობიექტში; 2. ნაყოფების გადამუშავების უნარჩენო, ეკოლოგიურად სუფთა კომპლექსური ტექნოლოგიის შექმნა.

ქიმიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს შეადგენს პროფესორ-მასწავლებლები: ქ.მ.კ. ირინა ბეჟანიძე, ბ.მ.დ. ალეკო კალანდია, ბ.მ.კ. მაია ვანიძე, ქ.მ.კ. ნატო დიდმანიძე, ქ.მ.კ. თინა ხარებავა, ბ.მ.კ. გულთამზე თავდგირიძე.

2000 წლიდან ქიმიის კათედრაზე გაიხსნა მაგისტრატურა სპეციალობით “კომპლექსნაერთთა ქიმია.” მაგისტრატურასთან აქტიურად თანამშრომლობს ქ.მ.დ. რევაზ მაჩხოშვილი. მას დიდი წვლილი მიუძღვის რსუ-ს ქიმიის დეპარტამენტში მაგისტრატურის გახსნის, მაგისტრების აღზრდისა და კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.

ქიმიის დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს მაგისტრატურის შემდეგი მოდულები: “ბიოორგანული ქიმია”, “მემბრანული პროცესების ფიზიკური ქიმია”, “ქიმიური ანალიზი და ექსპერტიზა”.

2009 წლიდან ქიმიის დეპარტამენტში ფუნქციონირებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა “ბიოორგანული ქიმია”, რომელზეც ჩარიცხულია ორი დოქტორანტი.

 ქიმიის დეპარტამენტის საკუთრებაშია ზოგადი და არაორგანული ქიმიის, ორგანული ქიმიის, ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის, ბიოლოგიური ქიმიის, კომპლექსნაერთთა ქიმიის და ბიოორგანული ქიმიის ლაბორატორიები და ერთი სალექციო აუდიტორია. ქიმიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრებისათვის სასწავლო და სამეცნიერო კვლევებისათვის გამოყენებულია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის, მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ბაზა, ასევე, სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის აგრარული ბიოტექნოლოგიისა და ბიზნესის ინსტიტუტის ტექნიკური ბიოქიმიისა და კვების პროდუქტების უსაფრთხოების ლაბორატორიები.

ქიმიის დეპარტამენტის პროფესორ - მასწავლებლებს პედაგოგიური მოღვაწეობითა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობით მოკრძალებული წვლილი შეაქვთ როგორც ქიმიური მეცნიერების განვითარების, ისე ახალი თაობის აღზრდისა და ჩამოყალიბების, ქიმიაში კვალიფიციური კადრების მომზადების საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეში.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა