მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
 























მთავარი >> დეპარტამენტები >> ფიზიკის დეპარტამენტი >> დეპარტამენტის შესახებ
დეპარტამენტის შესახებ ძველი

ფიზიკის კათედრა სათავეს 1935 წლიდან იღებს, მაშინ როდესაც დაარსდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ორწლიანი ინსტიტუტი. ინსტიტუტის დაარსების პირველი დღიდან ფიზიკის მასწავლებლად დანიშნული იქნა პედაგოგიური ტექნიკუმისა და ინდუსტრიული ტექნიკუმის ფიზიკა-მათემატიკის სახელმოხვეჭილი მასწავლებელი სტრატონ სიმონის ძე თოთიბაძე (1939-1973). ამავე წლიდან ფიზიკა მათემატიკის ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა დოცენტი ანდრო ივანის ძე ბეგიაშვილი.

1938 წელს პროფესორ რაჟდენ ბათლომეს ძე ხუციშვილის (1938-1942) მიერ დაარსდა ფიზიკის კათედრა. შეიქმნა ფიზიკის სასწავლო ლაბორატორიები.

1939 წელს პროფესორმა რ. ხუციშვილმა ფიზიკის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე მოიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, მისი ყოფილი სტუდენტები, ხუსეინ თევრათის ძე ხალვაში (1939-1986) და შაქირ ახმედის ძე ნაკაშიძე (1910-1970). ამ პერიოდიდან კათედრაზე გაიშალა ნამდვილი სამეცნიერო მუშაობა.

1949 წლიდან ფიზიკის კათედრას უფრ. მასწ. ხ. ხალვაში ჩაუდგა სათავეში. ხ. ხალვაში ფიზიკის კათედრაზე ეწეოდა მეტად მრავალფეროვან შემოქმედებით, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ის მრავალი, სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო შრომების ავტორი იყო. გამოირჩეოდა დიდი ორგანიზატორული ნიჭითა და უნარით. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ფიზიკის კათედრასთან შეიქმნა სასწავლო სახელოსნო. აღნიშნულ სახელოსნოში გამოცდილი ოსტატების ხელმძღვანელობით სტუდენტები ღებულობდნენ ლითონისა და ხეზე მუშაობის უნარ-ჩვევებს, ამზადებდნენ ლაბორატორიებისათვის საჭირო ხელსაწყო იარაღებს.

თბილისიდან მოწვეულ კვალიფიციურ კადრებს კათედრა იყენებდა ადგილობრივი კადრების მომზადების საქმეში. 1954 წლიდან ფიზიკის კათედრას უკვე ჰყავდა თავისი კადრები.

წლების განმავლობაში უფ. მასწ. შ. ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტულ საგნობრივ წრეს, ს. თოთიბაძე სასწავლო-მეთოდურ წრეს ხ. ხალვაში კი თეორიულ წრეს. ამ წრეებში გაიზარდნენ: რეზო ჩხეიძე; გენო ღლონტი; თემურ ხალვაში; ხასან კახიძე; ჟუჟუნა დიასამიძე; ომარი ნაკაშიძე; იოსები აბაშიძე; ლამარა თადუმაძე; ხესპი ღომიძე; ზურაბი შაშიკაძე; შოთა ბოლქვაძე და სხვები.

1945 წელს ორწლიანი პედაგოგიური ინსტიტუტი გადაკეთდა ოთხწლიან სასწავლებლად, გაიზარდა ზოგადი და თეორიული ფიზიკის კურსები, რის გამოც პირველ ხანებში თსუ-დან მოწვეული იყვნენ ფიზიკოსები: ვ. ქობულაძე (1944-1945), ლ. ხუციშვილი (1946-1947), მ. გობეჯიშვილი (1946-1947), ვ. პარკაძე (1947-1949), დ. ლოლაძე (1947-1948), გ. თევზაძე (1949-1953), გ. კიკვაძე (1950-1951), ბიკენტი გურგენიძე (1951-1954), ო. მღებრიანი (1952-1953), გ. მირიანაშვილი (1945-1946).

ფიზიკის სპეციალობაზე ისწავლებოდა მანქანად მცოდნეობის საფუძვლები. კათედრასთან არსებობდა მანქანათმცოდნეობის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილი იყო ყველა საჭირო თვალსაჩინოებითა და ხელსაწყო-იარაღებით. აღნიშნულ საქმეს უნარიანად ხელმძღვანელობდა გამოცდილი ინჯინერი და პედაგოგი ნიკოლოს გორდაძე.

ფიზიკის კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ადგილობრივი კადრები: ვ. გელაძე (1946-1962), ბ. პაპამოსკიჩი (1937-1938), ვ. სურგულაძე (1948-1949), რ. ჩხეიძე (1949-1954), Iე. ხარაზი (1952-1953), გ. კალანდაძე, ვ. ახალაძე (1953-1958), ნ. გორდაძე (1958), ხ. კახიძე (1958), მ. ლორთქიფანიძე (1958), ე. დოლაბერიძე (1958-1960), ნ. ჭიჭინაძე (1958-1960), თ. ხალვაში (1959-1986), ე. გელაძე (1983 -1997).

ფიზიკის კათედრის სრულყოფაში დიდი წვლილი შეიტანა ნელი ბეგლარის ასულმა კალანდაძემ (1946-1962), რომელიც წლების განმავლობაში კითხულობდა ასტრონომიის კურსს. მის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე ბათუმში პლანეტარიუმის გახსნა, სადაც ლექციებს ფიზიკის კათედრის მასწავლებლები კითხულობდნენ. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტში ჩამოყალიბდა დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე ვიზუალური დაკვირვების სადგური.

ფიზიკის კათედრის ინიციატივით წლების განმავლობაში იმართებოდა ბათუმში საქართველოს ფიზიკოსთა რესპუბლიკური კონფერენციები, რომელზეც მიხსენებებით გამოდიოდნენ არა მარტო საქართველოს არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესსორ-მასწავლებლები.

1974 წლიდან 1991 წლამდე ფიზიკის კათედრას სათავეში ჩაუდგა პროფესორი ჯემალ ქაზიმის ძე ბერიძე. პროფ. ჯ. ბერიძემ საფუძველი ჩაუყარა სინათლის მრავალჯერადი და კომბინაციური გაბნევის კვლევითი ლაბორატორიების შექმნას. ამ ლაბორატორიაში საბჭოთა კავშირის პერიოდში შესრულებულ იქნა შვიდი სამეურნეო-სახელშეკრულებულო სამუშაო. ძირითადად აღნიშნულ სამუშაოთა დაფინანსების ხარჯზე შეძენილ იქნა აპარატურა, რომელიც დღესაც განაგრძობს მოქმედებას. ამჟამად ამ ლაბორატორიების ბაზაზე სისტემატურად სრულდება სამაგისტრო შრომები.

1974 წლიდან ფიზიკის კათედრასთან ჩამოყალიბდა ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის სპეციალობა, ხოლო 1975-წლიდან ფიზიკის კათედრას გამოეყო ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დოც. სელიმ ნიჟარაძე.

1990 წელს ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გადაკეთდა სახელმწიფო უნივერსიტეტად.

1991 წელს ფიზიკის კათედრა გაიყო ზოგადი (ექსპერიმენტალური) და თეორიული ფიზიკის კათედრებად. ზოგადი ფიზიკის კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ჯ.ბერიძე, ხოლო თეორიული ფიზიკის კათედრას კი პროფესორი ჟუჟუნა დიასამიძე. იგი 1971 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს თეორიულ ფიზიკაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობის ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). 2009 წელს კონკურსის წესით დაიკავა ამ უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა.

1991 წლიდან თეორიული ფიზიკის კათედრაზე მოწვეული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ვახტანგის ძე ჯანდიერი, რომელიც დღემდე ნაყოფიერად მოღვაწეობს ბათუმის უნივერსიტეტში. გ.ჯანდიერის ხელმძღვანელობით სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ჟ.დიასამიძემ (1998), ხოლო საკანდიდატო დისერტაციები კი: ნუგზარ ღომიძემ (1997), ზებურ სურმანიძემ (1998), იზოლდა ჯაბნიძემ (1999), ვლადიმერ ღლონტმა (1998), ინგა სურმანიძემ (2000), მზია დიასამიძემ (2001), ნუგზარ ფირცხალაშვილმა (2002), მადლენა დავითაძემ (2005). ამჟამად გ. ჯანდიერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორია, ხოლო ბათუმის უნივერსიტეტში განაგრძობს მოღვაწეობას მოწვეული პროფესორის სტატუსით. მისი გვარი შესულია “ვინ ვინ არის ელექტრომაგნეტიზმში” ბიბლიოგრაფიულ წიგნში. გ.ჯანდიერი 1998 წელს აირჩიეს “ვინ ვინ არის მსოფლიოში” გენერალური დირექტორის (N.S.Law) მოადგილედ საქართველოში. დაჯილდოებულია ამ ორგანიზაციის დიპლომებითა და მედლით.

2005 წელს ზოგადი და თეორიული ფიზიკის, აგრეთვე ზოგადტექნიკური დისციპლინების კათედრათა ბაზაზე შეიქმნა ფიზიკის დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს სრული პროფ. ნუგზარ ხესპის ძე ღომიძე. დღეისათვის ფიზიკის დეპარტამენტი აერთიანებს 8 სასწავლო ლაბორატორიას, 3 საგანმანათლებლო პროგრამას და 3 პროგრამულ მიმართულებას.

2010 წლიდან ფიზიკის დეპარტამენტში 6 აკადემიური პერსონალი მუშაობს. ორი სრული პროფესორი: ნუგზარ ღომიძე და ჟუჟუნა დიასამიძე ორი ასოცირებული პროფესორი: ლალი კალანდაძე და ზაურ გამიშიძე, ორი ასისტენტ პროფესორი: თამაზ ბერიძე და იზოლდა ჯაბნიძე.

ფიზიკის დეპარტამენტი განაგრძობს ტრადიციებს და შემოქმედებითად უდგება სასწავლო და სამეცნიერო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ: მუშავდება სადოქტორო პროგრამები, მიმდინარებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დახვეწა. იგეგმება პროფესორ–მასწავლებელთა მოწვევა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. მიმდინარეობს ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა. ფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახის სამეცნიერო გრანტებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშავდება ახალი საგრანტო პროგრამები. ერთი სიტყვით ფიზიკის კათედრის, ახლა უკვე დეპარტამენტის ისტორიის ფურცლები თანმიმდევრობით იზრდება.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა