მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
 























მთავარი >> ფაკულტეტის შესახებ >> ისტორია
ისტორია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი თავისი არსებობის ისტორიას სამასწავლებლო ინსტიტუტის გახსნიდანვე - 1935 წლიდან იწყებს. იგი ერთ-ერთია იმ ოთხ ფაკულტეტს შორის, რომელთა ბაზაზეც ჩამოყალიბდა უმაღლესი სასწავლებელი ბათუმში. ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო ნიკოლოზ ლორთქიფანიძე. ფაკულტეტმა წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება და სტრუქტურა. სხვადასხვა დროს ფაკულტეტის დეკანები იყვნენ: ნადიმ ნიჟარაძე, დიმიტრი უჩანეიშვილი, ნოე ყიფიანი, ნადია ჯიბუტი, გიორგი ჩხაიძე, ჯემალ მესხიძე, ოთარ ახვლედიანი, ვიქტორ ბორჩხაძე, ანზორ დიასამიძე, რევაზ ზოსიძე.
1945 წლიდან პედაგოგიური ინსტიტუტის ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტი ამზადებდა პედაგოგიურ კადრებს ბიოლოგიის, ქიმიის, გეოგრაფიის სპეციალობით. სხვადასხავა დროს ფაკულტეტის შემადგენლობაში შედიოდა დაწყებითი განათლებისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალობები.
1990 წელს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა უნივერსიტეტი და ფაკულტეტზე სწავლებაც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. დაიწყო საბუნებისმეტყველო დარგების სამეცნიერო კადრების მომზადებაც. უნივერსიტეტის გეოგრაფიული მდებარეობისა და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების გათვალისწინებით შეიქმნა ახალი საუნივერსიტეტო სპეციალობები. ტრადიციულ დარგებს დაემატა წყლის ბიორესურსების, აკვაკულტურის და ეკოლოგიის სპეციალობები. ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა ჯერ ბიოსამედიცინო ეკოლოგიური გენეტიკისა და პროფილაქტიკური მედიცინის, ხოლო მოგვიანებით - სამკურნალო საქმისა და პედიატრიის სპეციალობები, რომლებიც შემდგომში დამოუკიდებელი სამედიცინო ფაკულტეტის სახით ჩამოყალიბდა.
1999 წელს ბუნებისმეტყველების ფაკულტეტი გაიყო და ჩამოყალიბდა ბიოლოგია-ქიმიის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. რ.ზოსიძე) და გეოგრაფია-წყლის ბიორესურსების და ეკოლოგიის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ნ. თურმანიძე).
2005 წელს უნივერსიტეტში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და ბიოლოგია-ქიმიის, გეოგრაფია-წყლის ბიორესურსების, ეკოლოგიისა და სამედიცინო ფაკულტეტების ბაზაზე ჩამოყალიბდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი. დეკანად არჩეულ იქნა პროფ. რუსუდან ხუხუნაიშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად - ასოც. პროფ. ლეილა ახვლედიანი. 2007 წელს ფაკულტეტს შეუერთდა ფიზიკის სპეციალობა, ხოლო 2008 წლიდან გამოეყო მედიცინის მიმართულება. 2010 წელს ფაკულტეტების ინტეგრაციასთან დაკავშირებით საბუნების-მეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტები სხვა ფაკულტეტებთან ერთად ერთი დიდი ფაკულტეტის - განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში გაერთიანდა (დეკანი ასოც. პროფესორი მ.ქორიძე).
2013 წელს განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტს გამოეყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, რომლის დეკანადაც არჩეული იქნა ასოც. პროფესორი მარინა ქორიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად - ასოც. პროფ. ლეილა ახვლედიანი. ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ დაინიშნა მედიცინის დოქტორი ნატო ზოსიძე. ფაკულტეტის ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულნი მდივნები: მანანა კოხრეიძე, ნინო ცინცაძე, ლალი რესულიძე.
1. ფაკულტეტის ძირითადი მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.
2. ფაკულტეტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირების - ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება;
ბ) პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების მქონე პირების - დიპლომირებული სპეციალისტების მომზადება.
3. ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
3.1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის მიმართულებით აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, ერთსაფეხურიანი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამების, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა (პროფესიული მზადების) და გადამზადების პროგრამების განხორციელება. ესენია:
ა) საბაკალავრო პროგრამები: ბიოლოგია, ეკოლოგია, ზღვის ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფარმაცია;
ბ) ერთსაფეხურიანი - მედიცინა, სტომატოლოგია;
გ) სამაგისტრო პროგრამები: ბიოლოგია (გენეტიკა, ბიომრავალფეროვნება, ჰიდრობიო-ლოგია,); ქიმია (არაორგანულ და კოორდინაციულ ნაერთთა ქიმია, ბიოორგანული ქიმია, მემბრანული პროცესების ფიზიკური ქიმია, ქიმიური ექსპერტიზა); ფიზიკური გეოგრაფია, ნიადაგური რესურსები და გარემოს მდგრადი განვითარება;
დ) სადოქტორო პროგრამები: ბიოლოგია, ბიოორგანული ქიმია;
ე) რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამები (პროფესიული მზადების) - სამედიცინო რადიოლოგია, თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია.
ვ) გადამზადების პროგრამები: თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია.
3.2 სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელება;
3.3. სხვა სახის საგანმანათლებლო საქმიანობა.
ფაკულტეტზე საქმიანობას წარმართავს რვა დეპარტამენტი: ბიოლოგიის (ხელმძღვანელი სრ. პროფ. ქ.დოლიძე), ქიმიის (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. მ.ვანიძე), გეოგრაფიის (ხელმძღვანელი სრ. პროფ. მ.ფუტკარაძე), საბაზისო მედიცინის (ხელმძღვა-ნელი ასოც. პროფ. ზ. ჩომახაშვილი), კლინიკური თერაპიის (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ვ. ბერიძე), კლინიკური ქირურგიის (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. რ. თანდილავა), ფარმაციის (სრ. პროფ. ა. ბაკურიძე), სტომატოლოგიის დეპარტამენტი )ხელმძღვანელი ასოც. პროფ. მ. ბაქრაძე)
ფაკულტეტზე მოღვაწეობენ: 4 ემერიტუსი, 12 სრული პროფესორი, 19 ასოცირებული პროფესორი და 16 ასისტენტ -პროფესორი.
ფაკულტეტზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები: ხორციელდება არაერთი საგრანტო პროექტი. ფაკულტეტის პროფესორები და დოქტორანტები მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში.
მემორანდუმის საფუძველზე წარმოებს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები შავი ზღვის ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების, აგრარული ტექნოლოგიებისა და მემბრანული ტექნოლოგიების, მცენარეთა იმუნიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების და ბოტანიკურ ბაღის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ზღვის ნაპირების მონიტორინგის განყოფილების; გარემოს ეროვნული სააგენტოს, შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის საკვლევ ბაზებზე.
ფაკულტეტის კვლევითი პრიორიტეტებია:
- სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ბიომრავალფეროვნების (შავი ზღვის, კოლხეთის ჭაობის, მდინარე ჭოროხის აუზის და სხვა ეკოსისტემების) შესწავლა, დაცვა და მონიტორინგი;
- სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ადამიანთა პოპულაციების ბიოლოგიური და პათოლოგიური კანონზომიერების კვლევა, ბიოგერონტოლოგია;
- ბუნებრივი მასალიდან მოპოვებული ბიოლოგიური (ფიზიოლოგიური) აქტივობის მქონე ნივთიერებების შესწავლა, ან ალტერნატიული, წინასწარ გამიზნული სხვადასხვა პრაქტიკული ღირებულების (ფარმაკოლოგიური, ტექნიკური, საკვები და ა.შ) მქონე ნივთიერებათა სინთეზი;
- მცირე ენერგო და მასალატევადი, ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო მემბრანული ტექნოლოგიებით ღირებული პროდუქტების მიღება;
ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლის სამეცნიერო კვლევის შედეგები სისტემატურად ქვეყნდება საქართველოს თუ უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში, იბეჭდება მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სისტემატურად გამოდის უნივერსიტეტის შრომების კრებულის საბუნებისმეტყველო სერია.
სწავლებისა და და კვლევის პროცესში გამოყენება ფაკულტეტის სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები: თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი იმუნოგენეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია; ეკოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და ბიოტექ-ნოლოგიის, გენეტიკის, ბოტანიკის, უხერხემლოთა და ხერხემლიანთა ზოოლოგიის, ანატომიისა და ფიზიოლოგიის სასწავლო კაბინეტები, ზოგადი და არაორგანული, ფიზიკური და კოლოიდური, კოორდინაციულ ნაერთთა და ეკოლოგიური, ანალიზური, ორგანული ქიმიის, ბიოქიმიის და კვლევის ფიზიკური მეთოდების სასწავლო ლაბორატორიები; გეოლოგიის, ტოპოგრაფია–კარტოგრაფიის, ფიზიკური გეოგრაფიის, ზოგადი დედამიწათმცოდნეობის სასწავლო კაბინეტები. ტარდება საველე პრაქტიკები, ექსპედიციები, მათ შორის შავი ზღვის აკვატორიაში გასვლით.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს საბაზო სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც ჩართულია სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამისა და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების - სარეზიდენტო პროგრამების განხორცი-ელებაში. კლინიკის ბაზაზე ტარდება პრაქტიკული/ კურაციული მეცადინეობები, ასევე მიმდინარეობს სარეზიდენტო პროგრამების კლინიკური მოდულების სწავლება.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულია „სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი’’, ცენტრი საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: სამედიცინო განათლების პოპულარიზაცია, პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობა; მასობრივი პრევენციული და სარეაბილიტაციო ღონისძიებათა საჭიროების გამოვლენა/ხელ-შეწყობა/განხორციელება; დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა - სტუდენტთა სამეცნიერო განათლებისა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში დახელოვნების ხელშეწყობა; მედიკოსთა დახელოვნებასა და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგების, დისკუსიების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებათა მოწყობა;
კურიკულუმის კომიტეტი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურთან ერთად სისტემატურად ზრუნავს სწავლების ხარისხის ამაღლებაზე, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასა და სრულყოფაზე.
აქტიურია სტუდენტური ცხოვრებაც: მოქმედებს პროფილური საზაფხულო სკოლა, სკოლა-სემინარი ბიომედიცინაში, ბიოლოგიური კალენდარი, ეწყობა ვორქ-შოპები, დისკუსიები, დებატები, საქველმოქმედო აქციები. აღნიშნულ ღონისძიებებში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ საჯარო სკოლების მოსწავლეებიც.
საბუნებისმეტყველო დარგების პოპულარიზების მიზნით ფაკულტეტზე სისტემატურად ტარდება საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციები და სამეცნიერო-პოპულარული ლექციები სტუდენტებისა და აბიტურიენტებისათვის.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა