მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























უნივერსიტეტის სიახლეები
29 მაისი 2014 წელი
ესეების კონკურსის „ქვათა ღაღადის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება
ესეების კონკურსის „ქვათა ღაღადის“ საუკეთესო ნაშრომების ავტორების დაჯილდოება შედგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემებზე წარმოდგენილ 30-მდე ესეს შორის 7 გამარჯვებულ კონკურსანტს ორგანიზატორებმა სამახსოვრო საჩუქრები და სამცხე-ჯავახეთის ერთდღიანი ტურის საგზურები გადასცეს. ესეების კონკურსის მონაწილეებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბიძინა აფხაზავამ არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა შესთავაზა. ესეების კონკურსი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის, სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებითა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.
28 მაისი 2014 წელი
მემორანდუმი საქართველოს მთავარ პროკურატურასთან
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი პროკურორების მიერ სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის ლექციებისა და სემინარების ჩატარებას, იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვასა და პროფესორ-მასწავლებლების პროექტებში ჩართულობას ითვალისწინებს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ბსუ-ს ის სტუდენტები დაჯილდოვეს, რომლებმაც პროკურატურაში სტაჟირება გაიარეს და მონაწილეობა მიიღეს პროექტში ,,ერთი დღე პროკურორად“.
28 მაისი 2014 წელი
სტუდენტთა კარიერული მომსახურების დანერგვა საქართველოში
ტემპუსის პროექტის ,,სტუდენტთა კარიერული მომსახურების დანერგვა საქართველოში“ (CASEDE) ეგიდით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი სემინარი გაიმართა. სამი დღის განმავლობაში პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ინგლისელ, უნგრელ და ლიტველ ექსპერტებთან ერთად, სტუდენტთა კარიერული განვითარების აქტუალურ საკითხებზე მსჯელობდნენ. შეხვედრაზე მონაწილეებმა ბოლო პერიოდში დანერგილი პროექტები განიხილეს და ერთიანი კონცეფცია შეიმუშავეს. პროექტის მიზანი საქართველოში სტუდენტთა კარიერული მომსახურების დანერგვა და განვითარებაა.
25 მაისი 2014 წელი
სტუდენტური დღეები - „აჭარა 2014“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური დღეების - „აჭარა 2014“ პირველობა ორ ნომინაციაში მოიპოვა. „მის-უნივერსიტეტის“ ტიტული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტ გვანცა თოფურიას მიენიჭა, ხოლო საუკეთესო ორიგინალური ნომრის ნომინაციაში თანამედროვე ცეკვების ჯგუფმა ,,M style 13”-მა გაიმარჯვა. სტუდენტური დღეები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში რეგიონში მოქმედი ოთხი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ. სტუდენტური დღეები - „აჭარა 2014“ ერას მოედანზე გამართული კონცერტით დასრულდა.
23 მაისი 2014 წელი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრისა და ქალაქ ბათუმის I საჯარო სკოლის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენციები გაიმართა. 22 მაისს ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა შოთა რუსთაველის საკონფერენციო დარბაზში გამართულ სესიაზე სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. 23 მაისს ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა I საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა: ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა, ეროვნული საბჭოს შექმნა და 1921 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
21 მაისი 2014 წელი
მანგლისისა და წალკის ეპარქიის მღვდელმთავრმა, მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, მანგლისისა და წალკის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ლაზიკის ეპარქია“ (ლოკალიზაციის პრობლემა). მღვდელმთავარმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ლაზიკის ეპარქიის ისტორიისა და მისი ადგილმდებარეობის საკითხები გააცნო. წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით, ლაზიკის ეპარქიის მთავარი საეპისკოპოსო ცენტრები: პიტიუნტი, სევასტოპოლისი, ფაზისი და პეტრა მდებარეობდა არა დასავლეთ საქართველოში, არამედ შავი ზღვის სამხრეთ ტერიტორიაზე (ჭოროხიდან ტრაპიზონამდე). საჯარო ლექციის დასასრულს დისკუსია გაიმართა და მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
19 მაისი 2014 წელი
მემორანდუმი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების, მასტერ-კლასების, ტრენინგების, ლექცია–სემინარების, კონფერენციების, კონკურსების ჩატარებაზე შეთანხმდნენ. უნივერსიტეტის ბაზაზე სკოლამდელი სექტორის განვითარების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების 370 აღმზრდელი და 27 მეთოდისტი გადამზადდება.
16 მაისი 2014 წელი
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე
სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტების, რეზიდენტებისა და ექიმი-სტომატოლოგებისთვის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა. ქვეყნის სხვადასხვა წამყვანი კლინიკების ექიმებმა დარგში არსებული სიახლეები და პრობლემები განიხილეს. სესიის ფარგლებში ასევე გაიმართა მასტერ-კლასი ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: სხვადასხვა თაობის ადჰეზიური სისტემები, სარესტავრაციო მასალები, მუშაობის პრაქტიკული რეკომენდაციები, პირის ღრუს გავრცელებული დაავადებები, დეფექტების ქირურგიული რეკონსტრუქცია და მკურნალობის მენეჯმენტი. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა და უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.
15 მაისი 2014 წელი
ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო
სოფელ ახალსოფელში ეკლესიის მშენებლობისას ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების: თორნიკე მახარაძისა და მამუკა მიქელაძის ხსოვნას მიეძღვნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული პოეზიის საღამო. სტუდენტებმა და მეგობრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას, გაიხსენეს მათი ცხოვრება და ლექსები წაიკითხეს. პოეზიის საღამო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელშეწყობით ჩატარდა.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სარეზიდენტო/გადამზადების პროგრამებზე... »»»
14 მაისი 2014 წელი
აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საიუბილეო საღამო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანის საკონსულოს ინიციატივით აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 91-ე წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში ჰუსეინ ნაჯაფოვმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ჰეიდარ ალიევის ღვაწლსა და მიღწევებზე ისაუბრეს. საიუბილეო საღამოზე აზერბაიჯანელი ხალხის ლიდერის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგა.
14 მაისი 2014 წელი
თამარ მეფის ხსენების დღე
წმიდა მეფე თამარის ხსენების დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციით - "თამარ მეფე წმინდანი" აღინიშნა. მკვლევრებმა, პოეტებმა, ხელოვანებმა მოხსენებები წარმოადგინეს თემებზე: თამარ მეფე საქართველოს ოქროს ხანის შემოქმედი, თამარ მეფის სახე ქართულ პოეზიაში, ფოლკლორში, პროზაში, „ვეფხისტყაოსანში“, პუბლიცისტიკაში, ხატწერაში. კონფერენციის დასასრულს პოეტებმა წმინდანისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. სესია უნივერსიტეტის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აჭარის განყოფილებისა და აჭარის ქალთა დარბაზის ორგანიზებით გაიმართა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მეფე თამარის ხსენების დღეს 1917 წლიდან აღნიშნავს.
13 მაისი 2014 წელი
სპექტაკლი ,,პინოქიო“ ინკლუზიური ჯგუფის მოზარდების მონაწილეობით
სააქტო დარბაზში N6 საჯარო სკოლის ინკლუზიური ჯგუფის მოზარდებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით სპექტაკლი ,,პინოქიო“ წარმოადგინეს. უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების მიერ დადგმული რიგით მეოთხე სპექტაკლია. ინტეგრირებული და ინკლუზიური ჯგუფის ბაზაზე დასი ,,ცისარტყელა“ შეიქმნა, რომელიც მოზარდების უნარების განვითარებასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
10 მაისი 2014 წელი
ვიზიტი პრაღის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხალვაში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან გიორგი მასალკინთან, დავით ბაციკაძესთან და ირაკლი ჯაშთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ერთკვირიანი ვიზიტი მიზნად ისახავდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა განვითარების ხელშეწყობას. პრაღის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (CULS) აგრობიოლოგიის, კვების პროდუქტებისა და ბუნებრივი რესურსების, სატყეო საქმეთა და ხე-ტყის რესურსების მართვის ფაკულტეტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელთან პროფესორ იარომირ ნემეცთან გამართულ შეხვედრებზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. მხარეებმა შეიმუშავეს თანამშრომლობის მემორანდუმის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას, ერთობლივ სამეცნიერო მუშაობას, სემინარებისა და კონფერენციების მოწყობას. შეთანხმების თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან, ქართველი სტუდენტები და მაგისტრები 6 თვით ან ერთი წლით აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ ისწავლიან.
09 მაისი 2014 წელი
9 მაისი- ფაშიზმზე გამარჯვების დღე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანებმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი მიულოცეს, 1941-1945 წლებში ბრძოლის ველზე დაღუპული გმირები გაიხსენეს და ფერიის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს. მეორე მსოფლიო ომში 700 000-ზე მეტი ქართველი მონაწილეობდა.





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა 3 199 400 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ