მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























უნივერსიტეტის სიახლეები
09 აგვისტო 2014 წელი
ომში დაღუპული გმირის ამირან მამალაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან ამირან მამალაძის საფლავი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ედიშერ ჩავლეიშვილმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და თანაკურსელებმა გვირგვინით შეამკეს. უნივერსიტეტელებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ხსოვნას და მის ღვაწლზე ისაუბრეს. V ქვეითი ბრიგადის კაპრალი ამირან მამალაძე ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარის რეგიონიდან, რომელიც 9 აგვისტოს დაიღუპა.
09 აგვისტო 2014 წელი
„დიპლომამდელი სამედიცინო განათლების რეფორმა“
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ბაზაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის USAID-ის პროგრამა ,,შენარჩუნების“ მხარდაჭერით ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „დიპლომამდელი სამედიცინო განათლების რეფორმა“. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, ასისტენტ პროფესორმა თამარ ანელავამ და თინათინ გაგუამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ჯანდაცვის მიმართულების აკადემიურ პერსონალს სამედიცინო განათლების მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს. სამედიცინო განათლების რეფორმის ინიციატივის ფარგლებში, უნივერსიტეტთან არსებულ სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრს უსასყიდლოდ გადმოეცა სამეანო და გინეკოლოგიური სიმულატორების სრული პაკეტი.... »»»
04 აგვისტო 2014 წელი
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების კვლევა-ძიების შედეგების წარდგინება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და დეპარტამენტების მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგების წარდგინება გაიმართა. შეხვედრაზე მკვლევრებმა საქართველოს მეცნიერებთა ეროვნული აკადემიის ანგარიში წარმოადგინეს. შეფასების მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და დეპარტამენტების კვლევებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მიერ მიღებული უმაღლესი შეფასება. კვლევითი ინსტიტუტი რამდენიმე სამეცნიერო პროექტს ახორციელებს. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამწლიანი სამეცნიერო პროექტის - „სტამბულის ქართული სავანის ეპისტოლურ და მემუარული მემკვიდრეობა“ ფარგლებში მკვლევრები უახლოეს მომავალში თურქეთში გაემგზავრებიან. სექტემბერში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით მეცნიერები საქართველოს ისტორიული მხარეების - ტაო-კლარჯეთის კვლევას განაგრძობენ. ... »»»
29 ივლისი 2014 წელი
ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასიფ ტალიბოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ჰუსეინ ნაზიმ ნაჯაფოვი, ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სალეხ მახარამოვი და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. შეხვედრაზე ბსუ-ს საპატიო დოქტორმა ვასიფ ტალიბოვმა უნივერსიტეტთან ერთად განხორციელებული გაცვლითი პროგრამები შეაფასა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა. ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აზერბაიჯანში 8 სტუდენტმა გაიარა ერთსემესტრიანი სასწავლო პროგრამა, ხოლო ბსუ-ში 8 აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობდა. სექტემბრიდან ნახჭევანში სასწავლებლად 4 სტუდენტი გაემგზავრება.
29 ივლისი 2014 წელი
სამეცნიერო კონფერენცია ,,ელქტრონული მმართველობის ფორმირება საქართველოში“
უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ,,ელქტრონული მმართველობის ფორმირება საქართველოში“. ბსუ-სა და თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა სამეცნიერო სესიაზე ელექტრონული მმართველობის ფორმირების ზოგად თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს. მომხსენებლებმა წარმოადგინეს საქართველოში ელექტრონული მმართველობის კუთხით არსებული მდგომარეობის ანალიზი და განიხილეს ელექტრონული მმართველობის ფორმირების პროცესში არსებული პრობლემები. ასევე შეაფასეს აჭარის მაგალითზე რეგიონალური ელექტრონული მმართველობის ფორმირების არსებული მდგომარეობა. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
23 ივლისი 2014 წელი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ (EULISC) დასრულდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ავსტრიის გრაცის უნივერისტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა - „ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ (EULISC) დასრულდა. ბსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ, ევროპული სამართლის ინსტიტუტის პროფესორმა ბენედიქტ ჰარცლიმ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით მიქელაძემ 13 ქვეყნის 40-მდე სტუდენტს სასეირნო გემზე სერტიფიკატები გადასცეს. ახალგაზრდებმა უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტის ექსპერტებთან ერთად, ორი კვირის განმავლობაში კავკასიის პრობლემატურ საკითხებზე, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემებზე იმსჯელეს. უნივერსიტეტი საზაფხულო სკოლას მომავალ წელს მესამედ უმასპინძლებს და მასში მონაწილეობა სამართლის მიმართულების სტუდენტებს შეეძლებათ.
22 ივლისი 2014 წელი
,,გეოპოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში: მეთოდები, იდენტობები, სირთულეები“
ფრანგულ-ქართული საზაფხულო სკოლა ,,გეოპოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში: მეთოდები, იდენტობები და სირთულეები“ ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფრანგი პროფესორები ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში გეოპოლიტიკის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სწავლებისას წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პოსტსაბჭოთა სივრცე: გეოპოლიტიკური რეალობა თუ წარმოსახვითი კავშირი; კრიზისი: არქტიკიდან შავი ზღვისპირეთამდე, კორუფცია, კრიტიკა, მეთოდები; კიბერსივრცე - პოსტმოდერნისტული გეოპოლიტიკის არენა; გეოპოლიტიკა და ადგილობრივი მმართველობა; საქართველო და შავი ზღვის რეგიონი - ახალი ბალანსისაკენ? ასევე წარმოდგენილი იქნება თემები: გეოპოლიტიკა როგორც მეცნიერება: მეთოდოლოგია და ეპისტემოლოგია, გარე და შიგა გეოპოლიტიკა და ახალი პოსტსაბჭოთა ოლიგარქია: პოლიტიკური ანალიზი. საზაფხულო სკოლა საფრანგეთის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სამინისტროსა და პარიზის მე-8 უნივერსიტეტის გეოპოლიტიკის ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
16 ივლისი 2014 წელი
განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ნაშრომების დაცვა და საზეიმო გაცილება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა და საზეიმო გაცილება გაიმართა. განათლების ადმინისტრირების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებს. საგანმანათლებლო პროგრამა პირველად ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ხელმძღვანელების მომზადებას განათლების ყველა საფეხურისათვის. სასწავლო პროცესს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების, განათლების მიმართულების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მმართველ პოზიციებზე... »»»
12 ივლისი 2014 წელი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ გაიხსნა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ავსტრიის გრაცის უნივერისტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საზაფხულო სკოლა - „ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ (EULISC) გაიხსნა. საზაფხულო სკოლა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და იედიტეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი) იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ჰალუქ ქაბალიოღლუმ გახსნეს. პროექტში მონაწილეობას ქართველი, ამერიკელი, ავსტრიელი, ფრანგი, იტალიელი, ესტონელი, სომეხი, თურქი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, რუსი და ბელარუსი სტუდენტები ღებულობენ. მომავალ იურისტებს ლექციებს ორი კვირის განმავლობაში ცნობილი უცხოელი ექსპერტები წაუკითხავენ. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას, მათ დაინტერესებას ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებით. ... »»»
11 ივლისი 2014 წელი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა “ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის ერთობლივი ეკოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ტარდება თემაზე: “ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. სამი დღის განმავლობაში 50-მდე ქართველი და თურქი მონაწილე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობა, როგორიცაა: კლიმატის გლობალური ცვლილება და მისი შედეგები, დაცული ტერიტორიების თანამედროვე ბიოეკოლოგიური მდგომარეობა, ლანდშაფტური ბიომრავლფეროვნება და ბიოეკოლოგია, შავი ზღვის სანაპიროსა და ჭოროხის დელტის ეკოლოგიური პრობლემები. ასევე განიხილავენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და ჩამდინარე წყლების ეკოლოგიურ პრობლემებს. საზაფხულო სკოლა ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მეცნიერების პოპულარიზაციას, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესებასა და საველე პირობებში კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საზაფხულო სკოლა ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ტექნოლოგიური ფაკულტეტისა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება.
10 ივლისი 2014 წელი
ბსუ-ს ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი ეწვია
ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. პროფესორ-მასწავლებლებთან და ბათუმის საარქივო სამმართველოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩმა ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრა. დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრის დასასრულს, ფილიპ დიმიტროვმა აკადემიური პერსონალის აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
10 ივლისი 2014 წელი
უნივერსიტეტი ,,Erasmus mundus”-ის კოორდინატორთა შეხვედრას მასპინძლობს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,Erasmus mundus”-ის გაცვლითი პროგრამის პროექტ “ELECTRA”-ს მმართველ გუნდს მასპინძლობს. შეხვედრაზე საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების კოორდინატორებმა დაინტერესებულ პირებს ერაზმუს მუნდუსის პროგრამების სამიზნე ჯგუფები, პრიორიტეტები, გრანტის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები და შესაძლებლობები გააცნეს. ერაზმუს მუნდუსის პროექტები ითვალისწინებს არა მხოლოდ კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მობილობას ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არამედ ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, სტუდენტისა და პროფესორის მონაწილეობას პროგრამაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007 წლიდან აქტიურადაა ჩართული ,,ერაზმუს მუნდუსის“ გაცვლით პროგრამებში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პროგრამის ბენეფიციარი ბსუ-ს 35 წარმომადგენელი გახლდათ, მომავალი სასწავლო წლისთვის მობილობის გრანტი მოპოვებული აქვს 23 წარმომადგენელს.... »»»
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
განათლების ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში ცხადდება კონკურსი მოწვეული მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობებზე... »»»
08 ივლისი 2014 წელი
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით
გერმანიის, რუმინეთის, მაკედონიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტურიზმის ფაკულტეტის დეკანები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს და ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანს როსტომ ბერიძეს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ოთხი ქვეყნის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება ტურიზმის მენეჯმენეტის მიმართულებით. პროგრამული აკრედიტაციის გავლის შემდეგ სტუდენტები მობილობის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებში ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან.
08 ივლისი 2014 წელი
უნივერსიტეტს სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო დონორობის რეგულარული მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო დონორობის რეგულარული მხარდაჭერისათვის დააჯილდოვა. უნივერსიტეტს მადლობის სიგელი ორგანიზაციის სახელით აჭარის ა. რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ სისხლის ბანკ ,,ჰემა 2012“-ში გადასცა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დევიზით -,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ სისხლის ბანკის შესავსებად აქციები გამართეს. საქველმოქმედო ღონისძიებები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტრადიციად იქცა და მომავალშიც გაგრძელდება.





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა 3 199 400 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ