მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
 























02 დეკემბერი 2013 წელი
ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტი - 55

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის 55 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ორი დღის განმავლობაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში სამეცნიერო სესია, ეთნოგრაფიული ფოტოებისა და ნაშრომების გამოფენა, წიგნის „აჭარული საუნჯე“ და ფილმის „საქართველოს ეროვნული გმირი - სელიმ ხიმშიაშვილი“ წარდგინება გაიმართა. საიუბილეო სამეცნიერო სესია გახსნა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების 55-წლიანი კვლევა-ძიების შედეგებზე ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ. მკვლევარებს მნიშვნელოვანი დღე ასევე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ სულიკო თებიძემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გურამ ლორთქიფანიძემ, ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და ემერიტუს-პროფესორებმა: შუშანა ფუტკარაძემ, ამირან კახიძემ და აკაკი ბერიძემ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგის ინსტიტუტის პროფესორებმა: დოდო ჭუმბურიძემ, ლელა სარალიძემ და ნუნუ მინდაძემ, საქართველოს ანდრია პირველწოდებულის საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა, „სტამბოლის ქართული სახლის“ დირექტორმა გიორგი ირემაძემ და სხვ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის საზეიმო გახსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით დასრულდა.

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი 1958 წელს დაარსდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა აჭარისა და მისი მომიჯნავე რეგიონების, მათ შორის თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული ქართველებით დასახლებული რაიონების მეცნიერულ შესწავლას.

ინსტიტუტი გადაიქცა ქართველოლოგიური, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების კვლევის ძირითად კერად სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში. ამ ხნის განმავლობაში მკვლევარებმა შეისწავლეს აჭარისა და მისი მეზობელი სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ისტორიის, ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის, სოციოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემები. აღნიშნულ საკითხებზე გამოქვეყნებულია 2300–მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 80–ზე მეტი მონოგრაფია, 90–ზე მეტი 8 დასახელების დარგობრივი კრებული.

2008 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომთა მიხედვით სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ მეორე ადგილი დაიკავა აკადემიის სისტემაში შემავალ ინსტიტუტებს შორის. ნაშრომებმა ეთნოლოგიის, არქეოლოგიის, ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის დარგებში სპეციალისტთა ფართო აღიარება და მოწონება დაიმსახურა საქართველოს საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებშიც. გამოცემულ კრებულებს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტანდარტის ნომერი და შეტანილია ოქსფორდის ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიულ გამოცემაში.

ინსტიტუტის სამეცნიერო ნაშრომებს შორის განსაკუთრებულია სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების აჭარის ოთხტომეული, „ბათუმი, წარსული და თანამედროვეობა“, „აჭარული საუნჯის“ I ტომი.

ინსტიტუტის არსებობის 55 წლის სამეცნიერო საქმიანობაში მნიშვნელოვან წარმატებად უნდა ჩაითვალოს სამეცნიერო კადრების მომზადება, სულ დაცულია 11 სადოქტორო, 38 საკანდიდატო და აკადემიური დოქტორის მოსაპოვებელი დისერტაცია. მეცნიერების განვითარებისა და სამეცნიერო კადრების აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1983 წელს ინსტიტუტი დააჯილდოვა საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

ინსტიტუტის სამეცნიერო წარმატებებში დიდია მისი ხელმძღვანელების, განსაკუთრებით ასლან ინაიშვილისა და დავით ხახუტაიშვილის დამსახურება. ასლან ინაიშვილი ინსტიტუტს დაარსებიდან ოცი წლის განმავლობაში ედგა სათავეში, ხოლო პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი დავით ხახუტაიშვილი - 21 წელი. 1999–2004 წლებში ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობას ასრულებდნენ პროფესორები გურამ ჩაგანავა (1999 წლის აპრილი–დეკემბერი), იური ბიბილეიშვილი (1999–2004), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი ვახტანგ შამილაძე (2004). 2006 წლიდან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულების დირექტორია ისტორიის აკადემიური დოქტორი როინ მალაყმაძე.

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ნაყოფიერად განაგრძობს მუშაობას აჭარისა და მისი მეზობელი ისტორიულ–ეთნოგრაფიული რეგიონების შესასწავლად.





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა