მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
 























მთავარი >> ზოგადი ინფორმაცია >> ისტორია
ისტორია

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი არის სამართალმემკვიდრე 1958 წელს შექმნილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტისა, რომელიც 2011 წლიდან შევიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებერებაში.

ამჟამად ინსტიტუტის განკარგულებაშია მისი არსებობის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე შექმნილი მდიდარი სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა მეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიცაა ეთნოგრაფია (ეთნოლოგია), არქეოლოგია, ისტორია, ფოლკლორი, ემიგრანტული ლიტერატურის კვლევა და დიალექტოლოგია, ზეპირსიტყვიერება, ეკონომიკა, სოციოლოგია. ეს დარგები შეისწავლებოდა და შეისწავლება დღესაც, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.

აღნიშნული მეცნიერული პრობლემების შესწავლის შედეგად გამოცემულია 2000-ზე მეტი ნაშრომი შრომების, დარგობრივი კრებულების, მონოგრაფიების, ბუკლეტების თუ სხვა გამოცემების სახით.

დიდ სამეცნიერო მიღწევად უნდა ჩაითვალოს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების აჭარის ოთხტომეულის მომზადება და გამოცემა (2077–2012 წლებში), რომელიც მოიცავს პერიოდს უძველესი ხანიდან 1990 წლამდე. დაწყებულია მუშაობა ინსტიტუტის ფონდებში დაცული ფოლკლორულ–დიალექტოლოგიური მასალების გამოსაცემად. უკვე გამოიცა ამ მასალების პირველი ტომი („აჭარის საუნჯე“), გამოსაცემად მზადაა მეორე ტომი.
2009 წელს ინსტიტუტის მეცნიერთა ძალებით მომზადდა და გამოიცა წიგნი-ალბომი “აჭარა” (იგი 2011 წელს მეორედ გამოიცა).
ინსტიტუტის განკარგულებაშია ასევე მდიდარი სამეცნიერო ფონდი საექსპედიციო დღიურების, წლიური ნაშრომების, ფოტო–ილუსტრაციების სახით, სამეცნიერო ბიბლიოთეკა 20 ათასზე მეტი წიგნადი ფონდით, რომელიც შეიცავს იშვიათ გამოცემებს ქართულ და უცხოურ ენებზე და წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო ბაზას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაციების მომზადებაში.

1997-2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსებით შესრულდა 15 საგრანტო პროექტი. 2006-2010 წლებში 10-ზე მეტი პროექტი წარდგენილ იქნა საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. ამათგან მხოლოდ 2008 წელს ერთი საგრანტო პროექტი დაფინანსდა (გრანტის მასალები დაიბეჭდა ორ წიგნად და ორი ბუკლეტის სახით).

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეერთების შემდეგ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, შეეცვალა სახელი და გარდაიქმნა ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებად. 2012 წლიდან მას ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ეწოდება.

ინსტიტუტი შედგება ადმინისტრაციისა და სამი განყოფილებისაგან, რომელიც აერთიანებს 28 თანამშრომელს. ადმინისტრაციაში შედის 4 კაცი. მიმართულებაში შემავალი განყოფილებებია: ისტორიისა და არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის, ფოლკლორის ,ემიგრანტული ლიტერატურის კვლევისა და დიალექტოლოგიის.

ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილებაში მუშაობს შედის 9 მეცნიერი თანამშრომელი: განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 4 მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 3 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 2 მეცნიერი თანამშრომელი.

ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილებაში შედის 7 მეცნიერი თანამშრომელი: განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 5 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1 მეცნიერი თანამშრომელი.

ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილება შედგება 6 მეცნიერი თანამშრომლისაგან: განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 2 მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 2 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 2 მეცნიერი თანამშრომელი.

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის საგანია აჭარისა და ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიის (ეთნოლოგიის), არქეოლოგიის, ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის, სოციოლოგიის, ტურიზმის სამეცნიერო პრობლემები. ინსტიტუტი ყოველწლიურად აწყობს სამეცნიერო ექსპედიციებს, აჭარასა და მის ფარგლებს გარეთ (თურქეთის ქართული რაიონები) გამოსცემს შრომებს, ბუკლეტებს. მონაწილეობს საერთაშორისო და სხვა სამეცნიერო კონფერენციებში.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა