მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
 























მთავარი >> დეპარტამენტები >> ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი >> დეპარტამენტის შესახებ
ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის შესახებ

ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველაზე დიდი და ტრადიციული დეპარტამენტია.

ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩამოყალიბებული ოთხი ფაკულტეტიდან ერთ–ერთი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, რომელსაც 1935–36 წლებში გრიგოლ გიორგაძე (1893-1937) ხელმძღვანელობდა. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას დაარსებიდან 1937 წლამდე უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვუკოლ ბერიძე, რომელმაც კათედრის ორგანიზაციის, პირველი სიძნელეების დაძლევისა და მეცნიერთა ძალების შემოკრების საქმეში ბევრი რამ გააკეთა.

თავდაპირველად ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე სალექციო კურსებს ხელმძღვანელობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ვუკოლ ბერიძე (1883–1963) – ქართული ლიტერატურის ისტორიასა და ქართულ ენაში; გიორგი ახვლედიანი (1887–1973) – ენათმეცნიერებაში; დოცენტი პანტელეიმონ ბერაძე (1901–1968) – მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში; დოცენტი შოთა ძიძიგური (1911–1994) – ქართულ ენაში.

1937 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას გამოეყო ქართული ენის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დოც. შ. ძიძიგური. ამავე წლიდან ქართული ლიტერატურის კათედრას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განაგებდა ალ. ჩავლეიშვილი.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ახალი კადრებით შევსება მალევე დაიწყო. კათედრაზე სამუშაოდ მოიწვიეს დოცენტები: ჯ. ნოღაიდელი, ალ. ღლონტი, კ. კაპანელი, ნ. ურუშაძე, ს. ყუბანეიშვილი, ნ. კანდელაკი, თ. ბეგიაშვილი, ი. მაისურაძე, კ. გიგინეიშვილი და სხვები.

ჯ. ნოღაიდელი (1906–1966) 1935 წლიდანვე მოიწვიეს ქართული ენის კათედრაზე ასისტენტად და 1940 წელს, ადგილობრივ პედაგოგთაგან პირველმა, დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1941 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1944–1947 წლებში მუშაობდა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ დაუსწრებელი სწავლების დარგში, 1958 წელს კი სამუშაოდ გადავიდა ახლადდაარსებულ ბათუმის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ფოლკლორის განყოფილებას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარის დიალექტური, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალების შეგროვებისა და შესწავლის საქმეში. 1936 წელს დაისტამბა მისი მონოგრაფია ,,აჭარა დიალექტიურად“, რომლითაც აჭარული კილოს მეცნიერული შეწავლის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.

1945 წელს ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტი პედაგოგიურ ინსტიტუტად გადაკეთდა. მომხდარი რეორგანიზაციის შემდეგ სწავლების ხანგრძლივობა გაიზარდა ორიდან ოთხ წლამდე. ინსტიტუტს შეემატა პროფესორ–მასწავლებელთა ახალი თაობა, რომელსაც მეცნიერული წრთობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებში ჰქონდა გავლილი.

ამ პერიოდში ქართული ენის კათედრაზე მუშაობდნენ: კონა გიგინეიშვილი (უფროსი მასწავლებელი, კათედრის გამგე 1839–54 წლებში), დოცენტები: ჯემალ ნოღაიდელი, როგნედა ღამბაშიძე; უფროსი მასწავლებლები: შოთა ნიჟარაძე, გრიგოლ ჭყონია, ალექსანდრე მანჯგალაძე და მასწავლებელი ელენე ჯანგველაძე. 1954 წლიდან კათედრაზე მოიწვიეს დოც. ნადეჟდა საბაშვილი.

ქართული ლიტერატურის კათედრაზე პედაგოგიურ, სასწავლო–მეთოდურ და სამეცნიერო–კვლევით მუშაობას ეწეოდნენ: დოც. ალექსანდრე ჩავლეიშვილი (კათედრის გამგე 1937–1955 წლებში), დოცენტები: სოლომონ ყუბანეიშვილი და თედო ბეგიაშვილი; უფროსი მასწავლებლები: ბიძინა ქიქოძე (1950–1957 წლებში მუშაობდა პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო დარგში), ივანე კაკაბაძე, ნელი დუმბაძე და ვაჟა აფხაზავა (მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ბრძოლაში დაკარგა კიდურები, 1954–1985 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიაში).


1955 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრები გაერთიანდა.

1955–1962 წლებში გაერთიანებულ კათედრას სათავეში ედგა პროფ. ალ. ჩავლეიშვილი (1908–1978), რომელიც 1937 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს მე–19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიასა და ლიტერატურის თეორიაში. იგი ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში მობილიზაციის წესით მოავლინეს. მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გორის პედაგოგი-ურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს. 1937 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1971 წელს – სადოქტორო დისერტაცია („აკაკი წერეთლის მხატვრული ოსტატობის საკითხები“). ხანგრძლივი დროის მანძილზე იკვლევდა ახალი ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის პრობლემებს. კვლევის შედეგები აისახა მის წიგნებში: „ილია ჭავჭავაძე ლიტერატურის თეორეტიკოსი“ (1939), „ნარკვევები მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ (1949), „ლიტე-რატურის თეორიის საკითხები“ (1955), „ლიტერატურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ (1960), „ლიტერატურულ–კრიტიკული ნარკვევები“ (1962), „აკაკი წერეთლის მხატვრული ოსტატობის საკითხები“ (1969), „ლიტერატურათმცოდნეობის ნარკვევები“ (1972), „ლიტერატურულ–ესთეტიკური ნარკვევები“ (1978). მანვე შეადგინა და 1977 წელს გამოსცა კრებული „ანდაზები და აფორიზმები“. ალ. ჩავლეიშვილი წარმატებით იღვწოდა სალიტერატურო კრიტიკის სფეროშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წერილები, რომლებიც ბათუმში მოღვაწე ქართველ მწერლებს ეხება. მკვლევარი ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ორ ათეულ წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მწერალთა წრეს და ხელნაწერ ჟურნალ „მაჭახელას“. თავისი კვალიფიციური რჩევა–დარიგებებით მეცნიერი მრავალ დამწყებ მწერალს დაეხმარა გზის გაკვლევაში. ალ ჩავლეიშვილის მეცნიერული და შემოქმედებითი მოღვაწეობის უდავო აღიარებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოებისა და საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრად.

1949 წელს მოიწვიეს კათედრაზე და ნახევარი საუკუნის მანძილზე ერთგულად ემსახურა ახალგაზრდა ლიტერატორთა აღზრდა–დაოსტატების საქმეს ნელი დუმბაძე (1919–2005) – ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის პირველი ქალი პროფესორი. ნ. დუმბაძის შემოქმედებითი გემოვნება და მეცნიერული კვლევის სიღრმე კარგად ჩანს მის წიგნებში: ,,დავით კლდიაშვილი“ (1949), ,,ლიტერატურული წერილები“ (1959), ,,ლადო ასათიანის ყმაწვილკაცობის ფურცლები“ (1974). განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონოგრაფია ,,ქართული სიმბოლიზმი“ (1973), რომელიც მკვლევრის სადოქტორო დისერტაციას წარმოადგენდა. ნ. დუმბაძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ თეატრს. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლებზე დაწერილი მისი ათობით რეცენზია გამოირჩევა საქმის ცოდნითა და პირუთვნელობით. ნ. დუმბაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ ახალგაზრდა მწერალთა წრესა და ხელნაწერ ჟურნალ ,,მაჭახელას“.

1962–67 წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ მუშაობდა დოც. ნადეჟდა (ნადია) საბაშვილი (1914–1998), რომელსაც 1954–1995 წლებში მიჰყავდა ლექციების კურსი თანამედროვე ქართულ ენასა (მორფოლოგია) და ძველ ქართულ ენაში. ნ. საბაშვილი 1939 წელს ჩაირიცხა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის იბერიულ–კავკასიური ენების სპეციალობაზე. ამის პარალელურად კვლევით საქმიანობას ეწეოდა ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (პროფ. ს. ყაუხჩიშვილის ხელმძღვანელობით), ხოლო 1945 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში (აკად. არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით). მონაწილეობას იღებდა „ქართლის ცხოვრებისა“ და „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ფუნდამენტური გამოცემების მომზადებაში. ნ. საბაშვილმა საკანდიდატო დისერტაცია („გურული ლექსიკა ქართულ პროზაში“) 1954 წელს დაიცვა. მის სამეცნიერო ინტერესებში შედიოდა ქართული ლექსიკოლოგიის, დიალეექტოლოგიის, ტექსტოლოგიისა და მწერლის ენის პრობლემები, რომლებსაც მიუძღვნა 40–მდე სამეცნიერო ნაშრომი.

1967–1985 წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას განაგებდა პროფ. შოთა ნიჟარაძე (1915–1989), რომელმაც 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი აღმოსავლური და კავკასიური ენების განხრით, 1946 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მისი კვლევის ძირითადი ობიექტი იყო ქართული ენის აჭარული დიალექტი. 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართული ენის ზემოაჭარული დიალექტი“ (ხელმძღვანელი – აკად. ვარლამ თოფურია), ხოლო 1972 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართული ენის აჭარული დიალექტი“. ამავე პრობლემატიკას ეძღვნება შ. ნიჟარაძის 50–მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური გამოკვლევები: „ზემოაჭარულის თავისებურებანი“ (1960), „ქართული ენის აჭარული დიალექტი, ლექსიკა“ (1971) და „აჭარული დიალექტი“ (1975). შოთა ნიჟარაძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ენათმეცნიერთა და ქართველოლოგთა წრეებში; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სპეციალიზებული საბჭოს წევრი. თანამშრომლობდა იენის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „გეორგიკის“ (რედაქტორი – პროფ. ჰაინც ფენრიხი) და საფრანგეთში გამომავალ ჟურნალ „ბედი ქართლისას“ (რედატორი – კალისტრატე სალია) რედაქციებთან.

50–იანი წლებიდან ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე ტრადიციად დამკვიდრდა სტუდენტების ჩაბმა სამეცნიერო–კვლევით მუშაობაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ზრუნვა და კათედრაზე დატოვება. მათ შორის ერთ–ერთი პირველია დოც. მერი ცინცაძე, რომელიც 1952 წლიდან დღემდე ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ და მეცნიერულ მუშაობას (1965–1976 წლებში იყო დაწყებითი განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკათა კათედრის გამგე). მ. ცინცაძემ პირველი სამეცნიერო ნაშრომი „კირნათ–მარადიდის მეტყველების თავისებურებანი“ სტუდენტობის წლებში მოამზადა. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „იოანე სინელის „სათნოებათა კიბის“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანის ენა“ (ხელმძღვანელი – აკად. ილია აბულაძე). უძღვება სალექციო კურსებს ძველ ქართულ ენასა და ქართული სალიტერატურო ენის ისტორიაში, არის 30–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის ერთი – მონოგრაფიაა: „სამხრული დიალექტები და ქართული სამწერლობო ენა (V-XVIII სს.)“ (1998, თანაავტორი – მ. ფაღავა).



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა