მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
 























მთავარი >> დეპარტამენტები >> სლავისტიკის დეპარტამენტი >> დეპარტამენტის შესახებ
სლავისტიკის დეპარტამენტის შესახებ

რუსული ენის კათედრა

/ხელმ. ასოც. პროფ. ქეთევან სვანიძე/


ბათუმის უნივერსიტეტში რუსისტიკის ისტორია შვიდ ათეულ წელზე მეტს მოითვლის. რუსული ენის სწავლება ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში დაიწყო მისი დაარსებიდან, 1935 წლიდან. 1938 წელს ჩამოყალიბდა რუსული ენის კათედრა, რომელიც წლების მანძილზე არაერთხელ იქნა რეორგანიზებული, ფუნქციონირებდა რუსული ლიტერატურის კათედრასთან ერთად ან დამოუკიდებლად.

რუსული ენის კათედრაზე ჩამოყალიბების დღიდან მუშაობდნენ გამოჩენილი ენათმეცნიერები, აკადემიკოსები: გ.ახვლედიანი, გ.წერეთელი; პროფესორები: დ.მგელაძე, კ.კაპანელი, ა.ხიდეშელი, დ.ჭანტურიშვილი, თ.მახარაძე; დოცენტები: გ.პატარაია, ნ. გოლოსკოჩენკო და სხვები.

დროთა განმავლობაში კათედრაზე აღიზარდნენ ენათმეცნიერების ადგილობრივი კადრები: პროფესორები: მ.ფარტენაძე, რ.კომახიძე, მ.ბერიძე, მ.აროშიძე; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნ.ხახუტაიშვილი; ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატები: ა.არძენაძე, ნ.ქაჯაია, ქ.სვანიძე, ჟ.მამუჭაძე, მ.ახვლედიანი, დ.დობორჯგინიძე, ნ.თამაზაშვილი; ფილოლოგიის დოქტორები: ს.თავართქილაძე, ლ.აგაჯანოვა, ნ.ჩხაიძე, ნ.სურმანიძე; უ/მ: ვ.ნაგირნაია, გ.თარბა, ნ.მოისწრაფიშვილი, თ.გრიგორიევა; მასწავლებლები: ლ.ატრუჟბა, ლ.ლომთათიძე, ქ.ჩავლეიშვილი, ს.ხახუტაიშვილი, გ.გვარიშვილი.

ბათუმში რუსისტიკის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის აკადემიკოს გ.ახვლედიანს, რომელმაც შეიმუშავა პირველი რუსული და ქართული ენის სახელმძღვანელო ქართული სკოლებისათვის შეპირისპირებითი მეთოდის გამოყენებით, განახორციელა რუსული და ქართული ფენომენების შედარებითი ანალიზი, გამოაქვეყნა მრავალი საინტერესო ნაშრომი ძველ სლავურ, დიალექტოლოგიასა და რუსული სალიტერატურო ენის ისტორიაში.

ფართო პროფილის ფილოლოგი, კლასიკური ენების უბადლო მცოდნე, პროფ. დ.მგელაძე დიდ ყურადღებას აქცევდა ფილოლოგ სპეციალისტთა მომზადებას. 1932 წელს პროფ. დ.მგელაძემ თ.კანდელაკთან ერთად გამოსცა სახელმძღვანელო „რუსული ენის გრამატიკა“. იგი სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს რუსული ენის ორთოგრაფიასა და გრამატიკაში. განსაკუთრებით საყურადღებო ოყო მისი ექსკურსები ეტიმოლოგიაში. აღსანიშნავია, რომ პროფ. დ.მგელაძე იყო კავშირგაბმულობის მინისტრი ნ.ჟორდანიას მთავრობაში საქართველოს დამოუკიდებლობის (1918–1921) წლებში.

1945 წლიდან 1955 წლამდე ბათუმის სახელმწიფო პედინსტიტუტის რუსული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ. ა.ხიდეშელი. ამ გამოჩენილი ენათმეცნიერის სახელი ფართოდ იყო ცნობილი საქართველოს საზღვრებს გარეთ. მისი ნაშრომებით დაინტერესდნენ ჰარვარდის, ბერლინის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტები. მას ეკუთვნის 70–ზე მეტი სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია, მათ შორის: «Диалектологический словарь островного русского говора» (1977), «Русские говоры в Грузии (ტექსტები ლექსიკონთან ერთად, 1982), «Словарь дманисских говоров русского языка» (1991). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონოგრაფია «Говор духоборцев в Грузии», რომელიც დამუშავებული იყო ბპი–ს რუსული ენის კათედრაზე და ეძღვნებოდა სოფელ შეკვეთილში მცხოვრებ დუხობორთა რელიგიური საზოგადოების მეტყველების თავისებურებებს.

წლების განმავლობაში ბათუმში მოღვაწეობდა პროფ. დ.ჭანტურიშვილი (კათედრას ხელმძღვანელობდა 1955–1961წწ ). იგი იყო გამოჩენილი სპეციალისტი რუსული და ქართული ენების შეპირისპირებითი გრამატიკის სფეროში. მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევები: «О бинарном сопоставлении разносистемных контактирующих языков» (РЯНШ, М, 1964), «Основные проблемы сопоставительной типологии исследования неродственных языков» (В книге «Русский язык - язык межнационального общения» М, 1976), «Становление и основные тенденции развития научно-технической терминологии в Грузии» (В книге «Проблемы разработки и упорядочения терминологии» М, 1983), «Существительные лица в русском и грузинском языках» (Тбилиси, 1979). სამწუხაროდ, გამოუქვეყნებელი დარჩა მისი უნიკალური ნაშრომი «Материалы парадигматического словаря русского языка».

ბპი–ს რუსული ენის კათედრის დოცენტმა ე.კრემერმა შეადგინა სახელმძღვანელო სტუდენტი ფილოლოგებისთვის: «История русского языка» (Фонетика и морфология, 1982), Исторический комментарий к современному русскому языку (Iч. Фонетика 1989), Исторический комментарий к современному русскому языку (IIч. Морфология 1990). ე.კრემერი წარმატებით მუშაობდა სემასიოლოგიის პრობლემებზე, ამზადებდა ასპირანტებს. მან მოამზადა სპეციალისტთა მთელი პლეადა, რომელთაგან ბევრი მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორია.

სანკტ–პეტერბურგის აღიარებული ფილოლოგიური ენის განმარტებითი ლექსიკონის (17 ტომი) ერთ–ერთი ავტორი დოცენტი ვ.ორლოვი 1968 წლიდან 1974 წლამდე მუშაობდა ბპი–ს რუსული ენის კათედრაზე და კითხულობდა თანამედროვე რუსული ენის კურსს.

ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის აღზრდილი პროფ. მ. ფარტენაძე წლების განმავლობაში მუშაობდა რუსული ენის კათედრაზე. მას ეკუთვნის ბევრი სამეცნიერო ნაშრომი. მისი მონოგრაფიებიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 2000 წელს გამოცემული კვლევა „დიალექტური ლექსიკის სტატუსის შესახებ ლიტერატურული ენის განმარტებით ლექსიკონში“. მასში გაანალიზებულია ლიტერატურული ენისა და დიალექტების მიმართების თავისებურებანი ლექსიკის დონეზე.

რუსული ენის კათედრაზე ნაყოფიერად მუშაობდნენ დოცენტები გ.შიუკაშვილი, ი.კარელოვი, რ.ვიგნანსკაია, ნ. ჭყონია, ლ. ხალვაში და სხვ. კათედრაზე ლაბორანტად მუშაობდა ნ. მამფორია.

რუსული ლიტერატურის კათედრა


აჭარაში რუსული ლიტერატურათმცოდნეობის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ბპი–ს რუსული ლიტერატურის კათედრასთან, რომელიც სათავეს 1938 წელს იღებს. დამოუკიდებლად კათედრამ 20 წელი იარსება. 1986 წელს რუსული ლიტერატურის კათედრა გამოეყო ენის კათედრას და მის გამგედ დოც.ნ.ვარშანიძე დაინიშნა. 1991 წელს კათედრამ კვლავ შეწყვიტა არსებობა და დამოუკიდებელი ერთეულის უფლებებში აღდგენილი იქნა 1996 წელს. 2001 წლიდან კათედრის გამგე იყო პროფ.მ.ბერიძე. შემდგომში რუსული ლიტერატურის კათედრა გაერთიანდა რუსული ენის კათედრასთან, 2005 წელს კი გადაკეთდა სლავისტიკის დეპარტამენტად.

რუსული ლიტერატურის კათედრაზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ პროფესორი ა.მხიტარიანი, დოცენტები თ.მახარაძე და ა.პარასტაევი. დოც. თ. მახარაძის კვლევის საგანი იყო ჩეხოვი და ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი. პროფ. მხიტარიანი თავის მეცნიერულ გამოკვლევებში ყურადღებას უთმობდა რუსულ–სომხურ ლიტერტურულ ურთიერთობებსა და მ. გორკისა და ქართული საზოგადოებრიობის ურთიერთობებს.

კათედრა ნაყოფიერად წარმართავდა თავის მუშაობას რუსული ლიტერატურის ისტორიისა და რუსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის მიმართულებით. ამ მხრივ კათედრაზე ფუნქციონირებდა სამი მეცნიერულ-კვლევითი მიმართულება: 1. რუსულ-ქართულ და ქართულ-რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა კვლევა; 2. ორიგინალის ეროვნული სპეციფიკისა და მხატვრული თარგმანის თავისებურებათა კვლევა; 3. რუსული ლიტერატურის ისტორიის პრობლემების კვლევა.

კათედრის მეცნიერული მუშაობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ლიტერატურისა და ფოლკლორის, ლიტერატურულ ურთიერთობათა, მხატვრული თარგმანის აქტუალური პრობლემებისა და რუსული ლიტერატურის ისტორიის შესწავლა.

მრავალი წლის განმავლობაში კათედრაზე ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა დოცენტი ნოდარ ვარშანიძე. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენდა მხატვრული თარგმანის თეორია და პრაქტიკა, რუსულ–ქართული და ქართულ–რუსული ლიტერატურული ურთიერთობანი. მისი მონოგრაფიები „ი. გონჩაროვი ქართულ ლიტერატურაში“ და „ორიგინალის ეროვნული სპეციფიკა და მხატვრული თარგმანი“ ეძღვნება რუსულ–ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ტექსტის ეროვნული სპეციფიკის სხვა ენაზე გადატანის პრინციპებს.

კათედრაზე წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მასწავლებლები, როგორებიცაა ს.ტყებუჩავა, გ.შანიძე, ტ.დიომინა, ჟ.ჩხარტიშვილი და სხვები. ისინი სათანადო ყურადღებას უთმობდნენ რუსული ლიტერატურის სკოლაში სწავლების საკითხებს, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ბათუმის სკოლებთან.

სერაფიმა ტყებუჩავა 1952 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე უფროს მასწავლებელად. Mმონაწილეობას ღებულობდა ს.ესენინის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც წაიკითხა მოხსენება: “ესენინი ბათუმში”, (მოსკოვი, 1993). გამოქვეყნებული აქვს 15–მდე სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული აქვს აჭარის არ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება და შრომის ვეტერანის მედალი.კათედრა სათანადო ყურადღებას უთმობდა რუსული ლიტერატურის სწავლებას სკოლაში. მასწავლებელ გიორგი შანიძეს წლების განმავლობაში მიჰყავდა რუსული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის კურსი. მას ახლო კონტაქტები ჰქონდა აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან.

ბათუმის უნივერსიტეტის აღზრდილი გახლავთ მასწავლებელი ჟუჟუნა ჩხარტიშვილი, რომელიც კითხულობდა თანამედროვე რუსული ლიტერატურის ისტორიის კურსს.

კათედრის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ სამეცნიერო სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მუშაობაში.

წლების განმავლობაში რუსული ლიტერატურის კათედრაზე მუშაობდნენ ლაბორანტები თ. ჩიქოვანი, ქ. ჩაჩანიძე. კათედრის ლიტერატურულ სამეცნიერო წრეს წარმატებით ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ზ. ხალვაში.

სლავისტიკის დეპარტამენტი
2005 წელს რუსული ენისა დ ლიტერატურის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა სლავისტიკის დეპარტამენტი, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი სიცოცხლის ბოლომდე იყო პროფ. როლანდ კომახიძე (1985-2008). ამ გარდაქმნასთან დაკავშირებით საგრძნობლად გაფართოვდა დეპარატმენტის სამეცნიერო მუშაობის არეალი: დეპარტამენტის წევრთა სამეცნიერო ინტერესის ძირითად სფეროსა და კვლევის მიმართულებას წარმოადგენს სლავური ენებისა და ლიტერატურების კვლევა ზოგადევროპულ კონტექსტში, სავსებით შეეფერება გლობალიზაციისა და ევროპასთან ინტეგრირების თანამედროვე მოთხოვნებს.

ვრცელი იყო პროფ. როლანდ კომახიძის ლინგვისტური ინტერესების სფერო. არამონათესავე ენების ტერმინოსისტემების ლექსიკოლოგიური კვლევა გადაიზარდა საკანდიდატო დისერტაციაში «Сопоставительный анализ физической терминологии в русском и грузинском языках» (1982, Одесса). დიდ ინტერესს იწვევს მისი ნარკვევები რუსული ასპექტოლოგიის სფეროში. პროფ. რ.კომახიძის მონოგრაფია «Парадигматика и синтагматика текста» (1995, Тбилиси) გამოირჩევა მეცნიერული კონცეფციის მთლიანობითა და სიახლით. ავტორი ყოველმხრივ იკვლევს ტექსტის ტრანსფორმაციის მოვლენებს სხვადასხვაგვარი ტექსტების საფუძველზე.

პროფ.რ.კომახიძის ხელმძღვანელობით სლავისტიკის დეპარტამენტში მიმდინარეობდა კომპლექსური მეცნიერული კვლევა ტექსტის ლინგვისტიკაში, გაიზარდა ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი.

ქართული რუსისტიკის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის შესანიშნავ მეცნიერს, პროფ. დავით გოცირიძეს. მას ეკუთვნის ფუნდამენტური კვლევები «Очерки русской грамматической мысли» (1988), «Средневековый перевод и его особенности» (1989). სამეცნიერო წრეებში დიდი რეზონანსი გამოიწვია მისმა მონოგრაფიამ ტექსტის ლინგვისტიკაში «Типологическая интерпретация фразовых текстов» (1989). ეს მონოგრაფია იქცა ძირითად საყრდენად ბათუმელ ენათმეცნიერთათვის ტექსტის ლინგვისტიკის პრობლემათა კომპლექსურ კვლევაში. ფინეთისა და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის პროფ. დავით გოცირიძის ხელმძღვანელობით დაცული იქნა მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. პროფ. დავით გოცირიძე ნაყოფიერ პედაგოგიურ და მეცნიერულ მუშაობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტში.

სლავისტიკის დეპარტამენტში წარმატებით მოღვაწეობდნენ მასწავლებლები: ს.ტყებუჩავა, ნ.მოისწრაფიშვილი, გ.თარბა, ნ.ოსეფაშვილი, გ.შანიძე, ჟ.ჩხარტიშვილი, ტ.დიომინა, ლ.ლომთათიძე, ქ.ჩავლეიშვილი, ლ.ატრუჟბა, ს.ხახუტაიშვილი, გ.გვარიშვილი და სხვები.

სლავისტიკის დეპარტამენტი მუდმივ კონტაქტშია არა მარტო საქართველოს, არამედ საზღვარგარეთ სლავისტიკის ცენტრებთან და ღებულობს აქტიურ მონაწილეობას სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციებსა და რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის მუშაობაში. გაფარტოვდა კონტაქტები და თანამშრომლობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან. მიღწეული იქნა შეთანხმებები ბულგარეთისა (ნეოფიტ რილსკის სამხრეთ-დასავლეთის უნივერსიტეტი,) და პოლონეთის (პოზნანის) უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგრანტო პროგრამების შესახებ.სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აქტიურად მონაწილეობენ საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმსა და ღონისძიებაში.

დეპარტამენტის წევრები ასოცირებული პროფესორები ქ. სვანიძე, ნ. ქაჯაია, ა. არძენაძე, ასისტენტ-პროფესორები ჟ. მამუჭაძე, დ. დობორჯგინიძე აქტიურად მონაწილეობენ სხვადსხვა საერთაშორისო კონფერენციებისა და სემინარების მუშაობაში, მათ შორის გრანადის (ესპანეთი), ველიკო–ტირნოვოს (ბულგარეთი), პეჩის (უნგრეთი), გალათი (რუმინეთი), სალონიკის (საბერძნეთი) და სხვა საერთაშორისო კონფერენციებში.
სლავისტიკის დეპარტამენტის ძალებით მომზადდა და ჩატარდა შემდეგი საერთაშორისო კონფერენციები:
1. «Сопоставление как метод исследования и обучения». Май, 2005.
2. «Русский язык: система и функционирование». 7-9 июня 2007 г.
3.«Инновационные аспекты исследования культуры, археологии, этнологии, лингвистики стран Черноморского бассейна». 16-18.06.2007.
4. II Международная конференция «Инновационные аспекты исследования культуры, истории, антропологии, литературы и лингвистики стран Черноморского бассейна», Батуми, Грузия, 2010, 1-3 июля.

ხოლო 2009 წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული საერთშორისო კონფერენციის „ჰუმანიტარული მეცნიერებანი ინფორმაციულ საზოგადოებაში“ სლავისტიკის სექცია ერთ–ერთი წარმომადგენლობითი გახლდათ, მის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ მკვლევარები რუსეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, აზერბაიჯანიდან.

2005 წელს სლავისტიკის დეპარტამენტმა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტთან ერთობლივად მოამზადა და გამოსცა სამეცნიერო სტატიათა კრებულის «Историко-филологические изыскания»-ს 1 ტომი. კრებულის გამოცემა დღესაც წარმატებით გრძელდება, უკვე გამოიცა 7 ტომი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სლავისტიკის დეპარტამენტში მ.აროშიძის ხელმძღვანელობით გააქტიურდა მუშაობა უცხოელ სტუდენტებთან. უნივერსიტეტის მათემატიკის სპეციალობის თურქი სტუდენტებისათვის შემუშავებული იქნა minor-ის პროგრამა, გარდა ამისა, 2009 წელს ამოქმედდა ინდივიდუალური პროგრამა რუსული ენისა დ ალიტერატურის სპეციალობის თურქი სტუდენტებისათვის. ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით ჩამოსული უცხოელი სტუდენტები დიდ ინტერესს იჩენენ რუსული ენის სესწავლის მიმართ. სხვადასხვა დროს რუსულ ენას სწავლობდნენ ბერძენი და ბულგარელი სტუდენტები.

ამჟამად დეპარტამენტში მოღვაწეობენ პროფ. მარინე აროშიძე, ასოცირებული პროფესორები ქეთევან სვანიძე, ნანა ქაჯაია, ასმათ არძენაძე, ასისტენტ პროფესორები ჯალე მამუჭაძე, მერაბ ახვლედიანი, დალი დობორჯგინიძე, სოფიკო ახვლედიანი. თვიდანვე დიდი ყურადღება ექცეოდა მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებას. აწ განსვენებული პროფ. რ. კომახიძის ხელშეწყობითა და ხელმძღვანელობით კათედრის ბევრმა თანამშრომელმა დაიცვა საკანდიდატო თუ სადოქტორო დისერტაცია, გაიარა სტაჟირება პეტერბურგის, მოსკოვისა და თბილისის უნივერსიტეტებში. მუშაობა მომავალი მეცნიერების აღზრდის მხრივ ახლაც წარმატებით მიმდინარეობს. 2009 წელს დეპარტამენტის ოთხმა დოქტორანტმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

პროფესორი მარინე აროშიძე 2009 წლიდან ხელმძღვანელობს სლავისტიკის დეპარტამენტს. 1975-1979 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედინსტიტუტში. წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის სხვადასხვა სკოლებში. 1994-1995 წლებში ის იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მაძიებელი. 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საზღვაო კომუნიკაციის ფრაზარიუმის სტრუქტურა და მისი ტექსტლინგვისტური სტატუსი“. ხოლო 2004 წელს - სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ტექსტური ინფორმაციის კოდირების ლინგვოსემიოტიკური მექანიზმი და მისი დეკოდირების პრობლემები“. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია «Лингвосемиотический механизм свертывания текстовой информации и проблемы ее декодирования».

აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, მათ შორის რუსული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის ველიკო-ტირნოვოს, გრანადის, სალონიკის, პეჩის სამეცნიერო კონფერენციებში. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს კულტურათშორისი კომუნიკაცია, ტექსტის ლინგვისტიკა და ტექსტური ინფორმაციის ინტერპრეტაცია, თანამედროვე რუსული ენის აქტუალური პრობლემები, თარგმანმცოდნეობა, მეთოდური ინოვაციები უმაღლეს სკოლაში უცხო ენების სწავლებისა და სწავლის პროცესში. გაიარა ტრენინგები „კრიტიკული აზროვნება და აქტიური სწავლა უმაღლეს სასწავლებელში“, ნეოფიტ რილსკის სამხრეთ დასავლეთის უნივერსიტეტის საერთაშორისო სემინარი „ბულგარული ენა დ კულტურა“, პროფესიული განათლების კურსები/ტრენინგები. ხელმძღვანელობს რუსული ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას და რუსული ფილოლოგიისა და კულტურათშორისი კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამას. არის რსუ–ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი 2006 წლიდან დღემდე, 2009 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

სლავისტიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან სვანიძემ 1993 წელს ჩააბარა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის მიზნობრივ ასპირანტურაში. 1998 წლიდან მუშაობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებლად. 2002 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სოციალური იმპერატივების ლინგვისტური ბუნება” (ხელმძღვანელი - პროფ. დავით გოცირიძე). 2006 წლიდან არის სლავისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ხელმძღვანელობს თარგმანის თეორიისა და კულტურათშორისი კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამას. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო სტატია. მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, მათ შორის რუსული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის სოფიის, ველიკო-ტირნოვოს, გრანადის, სალონიკის, რიგის სამეცნიერო კონფერენციებში. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს კულტურათშორისი კომუნიკაცია, ტექსტის ლინგვისტიკა, თარგმანმცოდნეობა.

სლავისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორმა ნანა ქაჯაიამ 1992 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივ ასპირანტურაში. 1998 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. 2002 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ზოგადსაკაცობრიო მოტივები ვ.შუკშინისა და ნ. დუმბაძის შემოქმედებაში“ (ხელმძღვანელი პროფ. დიმიტრი თუხარელი). მისი სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს: თანამედროვე რუსული ლიტერატურა, ლიტერატურული ურთიერთობანი, ლიტერატურის თეორია, თარგმანმცოდნეობა. 2003–2010 წლებში ხელმძღვანელობდა რუსული ლიტერატურის ისტორიის სამაგისტრო პროგრამას. 2006 წლიდან არის სლავისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. არის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რუსული ლიტერატურის ისტორიისა და თეორიის მოდულის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 45 სამეცნიერო სტატია. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო და რესპულიკურ კონფერენციებში, არის სამეცნიერო კრებულების რედკოლეგიის წევრი, სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

სლავისტიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ასმათ არძენაძემ 1993 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა. 2000–2002 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მაძიებელი. 2003 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „კითხვის გამოხატვის სტრატეგია და ტაქტიკა რუსულ დისკურსში“ (ხელმძღვანელი პროფ. დ.გოცირიძე). 1993-1997 წლებში მუშაობდა ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის უცხო ენების კათედრის ლაბორანტად. 1998 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრის მასწავლებელად. 2006 წლიდან არის სლავისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ასმათ არძენაძეს გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნიერო სტატია. მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში. მათ შორის რუსული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის ველიკო-ტირნოვოს, გრანადის, სალონიკის სამეცნიერო კონფერენციებში. იყო სხვადასხვა სახელმძღვანელოების რედკოლეგიის წევრი, სამეცნიერო ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. არის პროგრამა minor-ის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს კულტურათშორისი კომუნიკაცია, გენდერული ლინგვისტიკა, ლინგვისტიკა და ეთნომენტალური სამყარო.
დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ჟალე მამუჭაძე 1975–1978 წლებში სწავლობდა თსუ–ს მიზნობრვ ასპირანტურაში. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე “ნომინაციურ–ინფორმაციული სტრუქტურები სარეკლამო პოზიციაში“ (ხელმძღვანელი პროფ. დავით გოცირიძე). მისს სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს სარეკლამო დისკურსის თავისებურებანი, მეტყველების კულტურა და ენის სტილისტიკა. გამოქვეყნებული აქვს 15–მდე სამეცნიერო ნაშრომი. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში. 2006–2009 წლებში მუშაობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. ხელმძღვანელობს რუსული ენის პრაქტიკული კურსის მოდულს.

დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი დალი დობორჯგინიძე 1999-2003 wლებში სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრვ ასპირანტურაში. 2003 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ოფიციალური და საქმიანი დოკუმენტები თარგმნის თეორიის შუქზე“ (ხელმძღვანელი პროფ. დავით გოცირიძე). მის სამეცნიერო ინტერესს თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა სფერო წარმოადგენს. არის თარჯიმან–რეფერენტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რუსული ენა და ლიტერატურის სპეციალობის მოდულის - ლიტერატურული ურთიერთობანის ხელმძღვანელი, სლავისტიკის დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი. გამოქვეყნებული აქვს 31 სამეცნიერო ნაშრომი. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში, გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები.

ასისტენტ პროფესორმა მერაბ ახვლედიანმა 1978 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1986-1989 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1993 წ. დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი ნაშრომი თემაზე: „ქართული ლექსიკა XX საუკუნის რუსული პოეზიის ენაში (ნასესხობისა დაადაპტაციის პრობლემები)“ (ხელმძღვანელი პროფ. გ. წიბახაშვილი).1980 წლიდან მუშაობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრაზე, 1984-1985 წწ. იყო ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1988 -1994 წწ. - რუსული ენის კათედრის გამგის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო ნაშრომი. მისი სამეცნიერო ინტერესის ძირითად სფეროს წარმოადგენს ქართული ლექსიკის რუსულ ენაში ადაპტირების პრობლემები.სოფიკო თავართქილაძე 2003 წელს გაფორმდა თსუ–ს რუსული ენის კათედრის მაძიებლად. 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მედია–ტექსტები კულტურულ–სემიოტიკურ სივრცეში და პრესკრიპციული ენობრივი ფუნქცია“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი როლანდ კომახიძე. გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

ლილია აგაჯანოვა 2003 წელს გაფორმდა თსუ–ს რუსული ენის კათედრის მაძიებლად. 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „კრეოლიზებული ტექსტი როგორც ნაციონალურ-კულტურული ინფორმაციის მატარებელი“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მ. აროშიძე, გამოქვეყნებული აქვს 7 ნაშრომი.

ნანული ჩხაიძემ 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „პრეცედენტული სახელები ქართულ და რუსულ დისკურსში“ (ხელმძღვანელი პროფ. დავით გოცირიძე), გამოქვეყნებული აქვს 7 სამეცნიერო ნაშრომი.
დეპარტამენტის მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო სურმანიძე 2003–2005 წლებში იყო თსუ–ს ფილოლოგიის ფაკულტეტის მაძიებელი. 2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „საქმიანი გამონათქვამების ლინგვისტური სტატუსი“ (ხელმძღვანელი პროფ. დავით გოცირიძე). გამოქვეყნებული აქვს 7 სამეცნიერო ნაშრომი. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში.

მრავალი წლის განმავლობაში კათედრაზე ნაყოფიერად მოღვაწეობს პროფ. მერაბ ბერიძე, რომლის სამეცნიერო ინტერესების სფეროს განეკუთვნება ქართული და რუსული რომანების იდეურ-მხატვრულ თავისებურებები, მხატვრული თარგმანის პრობლემები და სხვა. პროფ. მ.ბერიძე 45–მდე სტატიისა და 3 მონოგრაფიის ავტორია. თავის შრომებში „ტრადიციები და ნოვატორობა თანამედროვე ქართულ რომანში“, „ახალგაზრდა პროზაიკოსები“ ის იკვლევს თანამედროვე რუსული და ქართული რომანების იდეურ–მხატვრულ თავისებურებებს, ხოლო მონოგრაფია „პრეცედენტული ტექსტი და თარგმანი“ ეძღვნება მხატვრული თარგმანის პრინციპების კვლევებს. პროფ. მ.ბერიძე ხალხთა შორის ინტერნაციონალური მეგობრობის განმტკიცებისათვის, ხანგრძლივი საზოგადოებრივი, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის დაჯილდოებულია ნორვეგიული ჰუმანისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის ფრიტიოფ ნანსენის პრემიით. არის სომხეთის რესპუბლიკის გრიგორ ნარეკაცის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

1998 წლიდან დეპარტამენტში მუშაობდა პროფ. ნანა ხახუტაიშვილი, მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა სარეკლამო ტექსტები, ტექსტის ლინგვისტიკა. მისი მონოგრაფია „საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამის ენის სტრუქტურული და სემანტიკური თავისებურებანი“ ეხება თანამედროვე სარეკლამო ტექსტების ლინგვისტურ ანალიზს. მასვე ეკუთვნის რუსული ენის დამხმარე სახელმძღვანელო. დეპარტამენტში დიდი ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების აღზრდის საკითხს. ა.ხიტრუკმა, ი.შარაძემ და ს.შამოღლიმ სწავლა განაგრძეს დოქტორანტურაში, ა.ხიტრუკი და ი.შარაძე ამავე დროს პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევიან.

წლების განმავლობაში დეპარტამენტში მუშაობს სპეციალისტი ეთერი გოგუაძე.რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე ფუნქციონირებს სწავლების სამივე საფეხური: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. წლების განმავლობაში დეპარტამენტში მოქმედებდა შემდეგი სამაგისტრო პროგრამები: რუსული ფილოლოგია და კულტურათშორისი კომუნიკაცია (ხელ–ლი პროფ. მ. აროშიძე), თარგმანი და კულტურათშორისი კომუნიკაცია (ხელ–ლი ას. პროფ. ქ. სვანიძე), რუსული ლიტერატურის ისტორია (ხელ–ლი ასოც. პროფ. ნ. ქაჯაია). დოქტორანტურის საფეხურზე სწავლება მიმდინარეობს სამი მიმართულებით: სლავისტიკის,ლიტერატურათმცოდნეობისა და თარგმანმცოდნების მიმართულებით. დეპარტამენტში ფუნქციონირებს თარჯიმან–რეფერენტის პროფესიული პროგრამა.




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა