მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური
 
მთავარი >> სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი >> ცენტრის ანგარიში
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის შესახებ
ანგარიში (2009-2010 სასწავლო წელი)

წარმოგიდგენთ სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიშს, რომელშიც ასახულია საქმიანობის საკმაოდ მოკლე პერიოდი, 2010 წლის მარტიდან 2009-2010 სასწავლო წლის ბოლომდე.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის გააქტიურებისა და ხელშეწყობის მიზნით 2010 წლის თებერვალში დაიწყო სათანადო მექანიზმების ჩამოყალიბებაზე მუშაობა. არსებული სამეცნიერო წრეები ვერ ახორციელებდნენ უნივერსიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევების შესაბამის მუშაობას, ასევე არ იყო ჩამოყალიბებული სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობისადმი სადანადო მიდგომა. უნდა ითქვას, რომ საქართველოს კანონმა უმაღლესი განათლების შესახებ სტუდენტთა საინიციატივო სამეცნიერო წრეებისა და სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ფუნქციები სტუდენტური თვითმმართველობის პრეროგატივას მიაკუთვნა. სტუდენტური თვითმმართველობა კი თავის მხრივ პრიორიტეტების განსაზღვრაში თავისუფალია, ხოლო სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობა წლების განმავლობაში სათანადო ყურადღებასა და ორგანიზებას იყო მოკლებული. ერთის მხრივ ის, რომ სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის ორგანიზება უნივერსიტეტისათვის უმნიშვნელოვანესი პროცესია და მეორე მხრივ ის, რომ მოიშალა ამ პროცესის ორგანიზების მექანიზმები, საჭირო გახდა სწრაფი გადაწყვეტილების მიღება პრობლემის გადასაჭრელად.

არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით შემუშავდა წინადადებები უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს 2010-2011 წლებში ამ მიმართებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. უპირველეს ამოცანად დასახული იქნა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის შექმნა სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ცენტრი თავისი საქმიანობის პრიორიტეტებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის ინტერესების შესაბამისად ანუ ის ხელს უწყობს უნივერსიტეტს შესაბამისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში.

სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის სტრატეგიამ მოიცვა შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
1. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის შექმნა, ნოვატორ სტუდენტთა საკოორდინაციო ჯგუფის ჩამოყალიბება, საუნივერსიტეტო და საუნივერსიტეტთაშორისო ურთიერთობების განვითარება, ცენტრის უფლებამოვალეობების, მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მექანიზმების შექმნა.
2. სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება, სტუდენტური, სამეცნიერო კლუბების ჩამოყალიბება და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა, სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზების ახალი სისტემისა და მიზნების ჩამოყალიბება და ხელახალი გააზრება, სხვადასხვა სამეცნიერო პროექტების განხორციელება, ურთიერთობების გაღრმავება სამოქალაქო სექტორთან და ახალგაზრდულ სამეცნიერო-ორგანიზაციებთან, ფონდებთან.

აღნიშნული წინადადებები განხულული და შემუშავებული იქნა რექტორთან, ადმინისტრაციასთან, სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების მართვის დეპარტამენტთან, სტუდენტურ თვითმმართველობასთან, სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურთან ერთად და საბოლოო სახით ჩამოყალიბდა სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის სტრუქტურა, მიზნები, ამოცანები და საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები, რის შემდეგაც დაიწყო პროექტის წარდგენა ცალკეულ ფაკულტეტებზე საჯარო განხილვის მიზნით.

2010 წლის 15 მარტს სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობის სხდომაზე დამტკიცდა სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის დებულება და მისი საქმიანობის სტრატეგია 2010-2011 წლებისათვის. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრში, უპირველეს ყოვლისა, ფორმირება, ჩამოყალიბება დაიწყო საკოორდინაციო ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტდა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური სტუდენტებით, მათი ნაწილი ფლობს უნივერსიტეტის სხვადასხვა სახელობით სტიპენდიას.

13 აპრილს, შოთა რუსთაველის დარბაზში გაიმართა ახლადშექმნილი სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის პრეზენტაცია. მოწვეული სტუმრები, პროფესორ-მასწავლებლები გაეცნენ სამეცნიერო ცენტრის მიზნებს, სამოქმედო გეგმასა და ამოცანებს, ასევე მოხდა სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრში დასაქმებული ნოვატორების წარდგენა. ცენტრის მიერ დასახული იქნა უპირველესი ამოცანები, რომელიც გულისხმობდა სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციისა და საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV სიმპოზიუმის ორგანიზებულად ჩატარებას, ასევე სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა შრომების კრებულის აღდგენასა და სტუდენტთა, ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმის I და II კრებულების გამოცემას.

* სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით 19 მაისს დაიწყო სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია. მასში მონაწილეობა მიიღო 206 სტუდენტმა. კონფერენციის ფარგლებში იმუშავა 17 სექციამ. მიმდინარე წელს სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებაში დაინერგა რამდენიმე სიახლე. 14 აპრილიდან 16 მაისამდე მიმდინარეობდა კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა წინასწარი რეგისტრაცია კვალიფიციური სამეცნიერო ნაშრომების შერჩევის მიზნით. გარდა ამისა მონაწილეთა წინასწარ შერჩევას ტექნიკური დანიშნულებაც გააჩნდა, შეიქმნა საინტერესო და საჭირო ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სტუდენტის საკვლევი თემის, პირადი მონაცემების, მეცნიერ ხელმძღვანელისა და შესასრულებელ სამუშაოთა მიზნების შესახებ. წინასწარმა რეგისტრაციამ გაადვილა კონფერენციის ორგანიზება და მონაწილეთა სერთიფიცირება. სიახლე იყო ისიც, რომ შეიზღუდა კონფერენციაში მონაწილე სტუდენტთა და სექციათა რაოდენობა, რათა კონფერენციაზე გაზრდილიყო სამეცნიერო ნაშრომების ხარისხი. საუნივერსიტეტო კონფერენციის მიზანი ერთგვარად ახლებურად წარმოჩინდა, გამოირიცხა შეჯიბრებითობა, უპირატესი მნიშვნელობა მიენიჭა სტუდენტთა ნაშრომების შინაარს, აქტუალურობას, კვალიფიკაციას და არა ამ ნაშრომების ზეპირი პრეზენტაციის ხარისხს. გაუქმდა გამარჯვებულთა გამოვლენის წესი და საკვალიფიკაციო ადგილები. ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ნაშრომები იბეჭდება სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა შრომების კრებულში.

25 ივნისს კონფერენციის ყველა მონაწილეს საზეიმოდ გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ინიციატივითა და რექტორის შესაბამისი ბრძანებით დადგინდა სერთიფიკატების აღრიცხვისა და გაცემის წესი, რაც აძლევს საშუალებას სამეცნიერო ცენტრს აწარმოოს კონტროლი აღნიშნული სერთიფიკატების ბეჭდვასა და გავრცელებაზე. სტუდენტთა სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ წესის ამოქმედებით საუნივერსიტეტო დანიშნულებით აღნიშნული სერთიფიკატები აღარ საჭიროებს ნოტარიულ დამოწმებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია ორგანიზებულად ჩატარდა, რაც გვიქმნის საფუძველს სამომავლოდ გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი. მიგვაჩნია, რომ კონფერენციის ხარისხს განსაზღვრავს არა მონაწილეთა დიდი რაოდენობა არამედ წარმოდგენილი ნაშრომების აქტუალურობა და კვალიფიკაცია.

* საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV სიმპოზიუმი
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით 10-11 ივნისს ჩატრადა საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV სიმპოზიუმი, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში ტრადიციულად იმართება. მიმდინარე წელს საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმი მიეძღვნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლის იუბილეს, რის გამოც პროექტი უფრო წარმომადგენლობითი და სოლიდური იყო.

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 12 უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტმა, ასევე პროექტში ჩართული იყვნენ პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების თავმჯდომარეები და სტუდენტური ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავა “ინჟინერიისა და მშენებლობის” და “ბიზნესის ადმინისტრირების” სექციებმა. “ბიზნესის ადმინისტრირების” სექციაში ჩატრდა 4 სესია და წარმოდგენილი იქნა 40 მოხსენება ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე. “ინჟინერიისა და მშენებლობის: სექციის ფარგლებში ჩატარდა 2 სესია და წარმოდგენილი იქნა 20-მდე მოხსენება. სექციის თემატიკა გახლდათ: _ ტექნოლოგიები ინჟინერიასა და მშენებლობაში.

საინტერესო და მრავალფეროვანი იყო სიმპოზიუმის პროგრამაც. მონაწილეებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ ბათუმის სხვადასხვა სამშენებლო ობიექტები, ლაბოლატორიები, საწარმოები, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები. ბიზნესის ადმინისტრირების სექციის მონაწილეებთან შეხვედრა გამართა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა. სიმპოზიუმზე საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ დიასამიძემ.

მიმდინარე წელს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმის პარტნიორები იყვნენ სამშენებლო კომპანია “ანაგი”, კომპანია “ბათოილი”, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ბიზნესის უმაღლესი სკოლა.

საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ, რომ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV სიმპოზიუმი მაღალ დონეზე იქნა ჩატარებული, რასაც ადასტურებს მონაწილეთა სამადლობელი წერილები და გამოხმაურება პრესაში. საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმმა უკვე დაიკავა სათანადო ადგილი, აღნიშნული პროექტით უკვე დაინტერესდა სხვადასხვა ორგანიზაციები, რაც გვაძლევს იმედს, რომ სამომავლოდ ის უფრო მაშტაბურ და კვალიფიციურ სამეცნიერო ღონისძიებად ჩამოყალიბდება.

* საგამომცემლო საქმიანობა
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ინიციატივით დაიწყო სტუდენტთა სამეცნიერო შრომათა კრებულების გამოცემა. მას განსაკუთრებული როლი ენიჭება სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის გააქტიურებასა და სტიმულირების საქმეში, ასევე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ნაშრომები გააცნოს ფართო საზოგადოებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა შრომების კრებული, რომლის გამოცემაც 2003 წელს შეწყდა, უნივერსიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით გადაწყდა აღნიშნული კრებულის აღდგენა. VI კრებული უკვე მზადაა დასაბეჭდად, მასში შესულია 2010 წელს სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები, რომელიც მოიცავს მეცნიერების მრავალ დარგს და ეხმიანება თანამედროვე პრობლემატიკას. კრებული განკუთვნილია სტუდენტებისათვის და მკითხველთა ფართო წრისათვის. სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა შრომების VI კრებული მიეძღვნება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლის იუბილეს.

უკვე გამოიცა საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმის შრომების I კრებული, რომელშიც შესულია სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III სიმპოზიუმზე წარმოდგენილი ნაშრომები არქეოლოგიასა და ისტორიაში. ჩვენი აზრით ეს კიდევ ერთი კარგი და მნიშვნელოვანი ტრადიციის დასაწყისია, როგორც უკვე ავღნიშნეთ სიმპოზიუმის მუშაობაში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შესაბამისად აღნიშნულ კრებულს მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია. ასევე მზადდება საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა შრომების II კრებული, რომელშიც შევა IV სიმპოზიუმზე წარმოდგენილი 60-მდე ნაშრომი ორი მიმართულებით: “ბიზნესი საქართველოში” და “ტექნოლოგიები, ინჟინერია და მშენებლობა”.

ამრიგად, სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრმა, მიუხედავად საქმიანობის მოკლე დროისა, მოახერხა საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა შრომების სხვადასხვა კრებულების გამოცემისათვის. გარდა ამისა ცენტრი ხელს უწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებს რათა მათი ნაშრომები დაიბეჭდოს სხვადასხვა ჟურნალებსა და კრებულებში.

სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის საქმიანობა მრავალმხრივია და არ შემოიფარგლება კონკრეტული ღონისძიებების ორგანიზებით. ცენტრი ხელს უწყობს სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებში სტუდენტთა მონაწილეობას, განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ არაერთი რესპუბლიკურ კონფერენცია, რომლებშიც ჩვენმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს.

სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე დგას, ამ მხრივ გამოვყობთ სტუდენტური კლუბების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროგრამას. სტუდენტური კლუბები უნდა ჩამოყალიბდეს საერთო-სამეცნიერო ინტერესების მქონე სტუდენტების მიერ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. აქამდე მოქმედი სამეცნიერო წრეებისაგან განსხვავებით კლუბი არ არის წარმომადგენლობითი ორგანო, კლუბში არ მიმდინარეობს საქმისწარმოება, კლუბი არ ირჩევს თავმჯდომარეს, მდივანს და ა.შ. კლუბი აერთიანებს მხოლოდ იმ სტუდენტებს რომლებიც უკვე მუშაობენ კონკრეტულ პრობლემატიკაზე და გააჩნიათ სამეცნიერო კარიერის განვითარებისათვის საჭირო კრიტერიუმები, კრიტერიუმების ზოგადი კომპონენტები დადგინდება უნივერსიტეტის მიერ. სტუდენტურ სამეცნიერო კლუბს ხელმძღვანელობს კლუბის კურატორი რომლის საქმიანობაც შეფასებული იქნება უნივერსიტეტის მიერ, კლუბის კურატორის უმთავრესი ფუნქცია კვლევით თანამედროვე მეთოდების დანერგვა და სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა იქნება.

სტუდენტური კლუბები უკვე ფორმირებული იქნა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, გვჯერა, რომ კლუბების ჩამოყალიბება ჩვენს უნივერსიტეტში ორგანიზებულად ჩაივლის და ის გახდება მნიშვნელოვანი საფუძველი სტუდენტთათვის აქტიური სამეცნიერო მუშაობის წარმართვის პროცესში.

აქვე გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი ანგარიში, საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით დაიბეჭდა გაზეთ “ბათუმის უნივერსიტეტის” ივლისის თვის ნომერში.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა