მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური
 
მთავარი >> ზოგადი ინფორმაცია >> სტუდენტები უნივერსიტეტის ცხოვრებაში
სტუდენტები უნივერსიტეტის ცხოვრებაში

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფართო კარია გახსნილი სტუდენტური ცხოვრებისათვის, სტუდენტთა შესაძლებლობებისა და პოტენციალის წარმოჩინებისათვის. უნივერსიტეტის სტუდენტები ჩართული არიან სხვადასხვა შემოქმედებითი, სამეცნიერო და თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში, უნივერსიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში და გარდა სასწავლო პროცესისა მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნივერსიტეტის მართვის თითქმის ყველა დონეზე.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად ჩვენს უნივერსიტეტში უზრუნველყოფილია სტუდენტთა უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობა. თავისუფალი, საყოველთაო, პირდაპირი, ფარული კენჭისყრით უნივერსიტეტის სტუდენტები ირჩევენ თავიან წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოებში არჩეული სტუდენტები, როგორც ფაკულტატის საბჭოს სრულუფლებიანი წევრები, იღებენ გადაწყვეტილებებს სტუდენტების ინტერესების შესაბამისად. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტები უნივერსიტეტში ქმნიან სტუდენტთა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს – სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო.

უნივერსიტეტში სტუდენტის უპირველესი მოვალეობა სწავლაა, მთელი ძალისხმევა მიმართულია სწორედ იქეთკენ, რომ სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა და ჩამოყალიბდეს კვალიფიციურ სპეციალისტად. უნივერსიტეტის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ასევე ხელი შეუწყოს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას, ამისთვის ჩვენს უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი.

უნივერსიტეტის სტუდენტები ჩართული არიან სხვადასხვა სამეცნიერო პროგრამებში, პროექტებში, მეცნიერ ხელმძრვანელებთან ერთად აწარმოებენ კვლევებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში. სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ორგანიზების მიზნით ჩვენს უნივერსიტეტში შექმნილია სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი, ტარდება არაერთი სამეცნიერო კონფერენცია და სიმპოზიუმი, რომლის უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩინებასა და განვითარებაში. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქმნება სათანადო პირობები სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების წარმოჩინებისათვის, რისი ნათელი დადასტურებაა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა შრომების სხვადასხვა კრებულთა გამოცემა.

სამეცნიერო ცენტრი არის სტუდენტთა საინიციატივო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებს და ზრუნავს სტუდენტთა შემოქმედების განვითარებაზე. სამეცნიერო ცენტრის მიერ გახორციელებული პროექტები უკვე ტრადიციულად ხორციელდება. ესენი გახლავთ: სამეცნიერო კონფერენციები, სესიები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი პერიოდულად გამოცემს სტუდენტთა სამეცნიერო შრომათა კრებულებს.

ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს მრავალი უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტი.

სამეცნიერო ცენტრის უმთავრესი მიზანია გაუწიოს დახმარება სტუდენტებს შემოქმედებითი უნარის განვითარებაში, მოახდინოს სტუდენტებში სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და პროპაგანდირება. წარმართოს საქმიანობა სტუდენტებში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, უზრუნველყოს სტუდენტთა მონაწილეობა სხვადასხვა დონის სამეცნიერო კონფერენციებში, დაგეგმოს და განახორციელოს სასწავლო-სამეცნიერო და შემოქმედებითი ღონისძიებანი. სამეცნიერო ცენტრი თანამშრომლობს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.

სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი შექმნილია სტუდენტური თვითმმართველობის ბაზაზე, ცენტრის საქმიანობაში ჩართულია ნოვატორი სტუდენტები, რომლებიც ეხმარებიან უნივერსიტეტს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. ცენტრის შემადგენლობაში ჩამოყალიბებას იწყებს სტუდენტური კლუბები, რომლებშიც გაერთიანდებიან სხვადასხვა სამეცნიერო დარგის მიმართ ინტერესების მქონე სტუდენტები, კლუბი ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და პროფესიულ ზრდას.

სტუდენტთათვის განათლების, ცოდნისა და ინტელექტის სტიმულირების საუკეთესო საშუალებაა ყოველწლიური ტურნირი „რა? სად? როდის?”, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში ტრადიციულად იმართება. სტუდენტების მიერ შექმნილი გუნდები მონაწილეობას ღებულობენ საკვალიფიკაციო და ფინალური თამაშებში. ტარდება ინტელექტუალური თამაშების საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ტურნირები, საუკეთესო მოთამაშეები ირიცხებიან უნივერსიტეტის ნაკრებ გუნდში და მონაწილეობას ღებულობენ რესპუბლიკურ ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირები უნივერსიტეტში ტარდება “რა? სად? როდის?” ფედრერაციის ეგიდით და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გარდა იმისა, რომ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაა, რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის კერაა, ამის მანიშნებელია უნივერსიტეტში მოქმედი მრავალი კულტურული და სპორტული გაერთიანება და მათი აქტიური საქმიანობა.

უნივერსიტეტში მუშაობს სხვადასხვა შემოქმედებითი წრეები, უპირველესად აღსანიშნავია უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი”, რომელმაც წელს დაარსებიდან 50 წლის იუბილე აღნიშნა. ანსამბლი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისგანაა დაკომპლექტებული და მათი რეპერტუარი საყოველთაოდა ცნობილი. ანსამბლი ხშირად არის მიწცვეული როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე.

უკანასკნელ დროს ჩამოყალიბდა და დიდ წარმატებებს მიაღწია სტუდენტთა თეატრალური დასი, სტუდენტებმა მაყურებელს უკვე წარუდგინეს სპეკტაკლები: „ღია შუშაბანდი”, “ორი კუნძული შავ ზღვაში”, “უცხო ჩიტი”, “გველის მჭამელი”. სტუდენტთა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, დასი მიწვეულ იქნა საქართველოს არაერთ უნივერსიტეტში. სტუდენტთა თეატრალური დასის საქმიანობას პროფესიონალებიც მაღალ შეფასებას აძლევენ. თეატრალური დასის საქმიანობაში ჩართულია ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც საშემსრულებლო და თეატრალური ხელოვნებისადმი იჩენენ ინტერეს, უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი მათთვის შესაძლებლობების რეალიზების საუკეთესო საშუალებაა.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ქალთა და ვაჟთა ვოკალური წრეები. სტუდენტები მონაწილეობენ ქალაქში გამართულ მნიშვნელოვბან კონცერტებსა თუ ღონისძიებებში, ვოკალური წრეების კვალიფიციური პედაგოგები ეხმარებიან სტუდენტებს ვოკალური ხელოვნების ღრმად დაუფლებაში, ასევე საესტრადო სიმღერების შესრულების დონის განვითარებაში.

ჩამოყალიბების დღიდან მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა უნივერსიტეტის მან-სან-კან-ის ნაკრებმა გუნდმა „თეთრი გედი”. გუნდმა მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო ფესტივალში და მრავალჯერ მოიპოვა პირველი ადგილი. უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება მხიარულთა და საზრიანთა კლუბის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირები, ასევე უნივერსიტეტი მასპინძლობს მან-სან-კან-ის რეგიონალურ და რესპუბლიკური მაშტაბის თამაშებს.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყურადღება ექცევა ასევე სტუდენტთა ფიზიკურ აღზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ხელშეწყობას, სტუდენტთა სპორტის სხვადასხვა სახეობების მოქმედ წრეებში ჩართვას და მათ მხარდაჭერას. ამ მიზნით უნივერსიტეტი დახმარებას უწევს სტუდენტებს სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად, გარდა ამისა, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული წრე, ასევე უნივერსიტეტში იქმნება ნაკრები გუნდები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მაგალითად, უკვე საფუძველი ეყრება უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრებს.

უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ჩამოყალიბდა პლაჟის ფრენბურთის ნაკრები, ჩამოყალიბდა ასევე ფუტზალის ნაკრები, რომელმაც 2010 წელს საქართველოს უმაღლესი ლიგის თამაშებში მიიღო მონაწილეობა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული გუნდები გაწევრიანდნენ აჭარის ა.რ შესაბამის ფედერაციებში.

უნივერსიტეტში ტარდება არაერთი სპორტული ტურნირი, ამათგან აღსანიშნავია პროექტი „ცოცხალი ეზო”, პროექტის ფარგლებში ეწყობა სპორტული კვირეული და იმართება შეჯიბრებები მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, ჭადრაკში, შაშში და სხვა სახეობებში. ტურნირში გამარჯვებულებს გადაეცემათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები. ყოველწლიურად იმართება ასევე სტუდენტური თვითმმართველობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში, ტურნირში ჩართულია ცალკეული ფაკულტეტების ნაკრები გუნდები. სხვადასხვა თარიღის აღსანიშნავად უნივერსიტეტის სტუდენტები ხშირად აწყობენ ველომარათონს, გადარბენებს და ღია სპორტულ ტურნირებს.

2010 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა უნივერსიტეტის კრივის დარბაზს, ახალი საწავლო წლიდან აქ შესაძლებელი გახდება სტუდენტების მომზადება სპორტის აღნიშნულ სახეობაშიც. განახლდა უნივერსიტეტის მთავარი სპორტული დარბაზიც, რომელიც შესაძლებლობების ფართო კარს გაუღებს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს.

სტუდენტური ცხოვრების მხარდასაჭერად ჩვენს უნივერსიტეტში შექმნილია სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური, რომელიც ასევე კურირებს კულტურისა და სპორტის ცენტრს და შემოქმედებით წრეებს. ორგანიზებას უწევს საუნივერსიტეტოს სტუდენტურ ღონისძიებებს, ეხმარება სტუდენტებს სასწავლო პროცესის დროს წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში, უწევს კონსულტაციას საუნივერსიტეტო და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას თავისუფალი ვაკანსიების შესახებ, ხელს უწყობს სტუდენტებს მოიძიონ სამუშაო ადგილები, რათა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ და მიიღონ სათანადო ანაზღაურება. სამსახური კურირებას უწევს სტუდენტთა დასაქმების შესახებ სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს.

უნივერსიტეტი ყოველწლიურად ახორციელებს მიზნობრივ პროგრამას სტუდენტთა სხვადასხვა კატეგორიისათვის, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა სასწავლო გრანტით დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამა უკვე 3-ჯერ განხორციელდა და ბევრ სტუდენტს გაუწია დახმარება.

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთათვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში მოქმედი სტიპენდიები. წარჩინებულ სტუდენტებს ენიშნებათ სტიპენდია 100 ლარის ოდენობით. წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში, კონკურსის წესით, ენიშნებათ სტიპენდია 150 ლარის ოდენობით.

უნივერსიტეტის აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანეობში სტაჟიორთა პროგრამებში. ასევე ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში, სტუდენტები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებში, სოციალურ და საქველმოქმედო ღონისძიებებში.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია წარმატებული საგარეო ურთიერთობები, თანამშრომლობს ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტთან და საგანმანათლეობლო ფონდთან. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში. ამათგან გამორჩეულია “Erasmus Mundus”, მისი საშუალებით მრავალი სტუდენტი გაემგზავრა საბერძნეთის, იტალიის, პორტუგალიის, რუმინეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტობა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, სტუდენტები ჩართულნი არიან ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დიდია მათი შესაძლებლობები და პოტენციალი. უნივერსიტეტის განვითარების პირობებში ფართოვდება მათი პერსპექტივის არეალიც. დღეს, როცა უნივერსიტეტი აღნიშნავს დაარსებიდან 75 წლის იუბილეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი შემდგომი განვითარების გზა თითოეულ სტუდენტზე გადის. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს ვულოცავთ ჩვენი სახელოვანი უნივერსიტეტის იუბილეს. დაე ღირსეულად გვეტარებინოს უნივერსიტეტელის სახელი.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა