მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
 























მთავარი >> განყოფილებები >> მემბრანული ტექნოლოგიის განყოფილება >> განყოფილების შესახებ
განყოფილების შესახებ

მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ბათუმში მემბრანული აპარატებისა და პროცესების კვლევების ცენტრის ჩამოყალიბების იდეა ეკუთვნის მოსკოვში მოღვაწე დიდ ქართველ მეცნიერს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს –კირილე მაქსიმეს ძე სალდაძეს, რომელიც იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა მოსკოვის პლასტიკური მასების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი წამყვან განყოფილებას.
კ. სალდაძის ხელმძღვანელობით პირველად საბჭოთა კავშირში, შეიქმნა იონგაცვლითი მემბრანები, რამაც დასაბამი მისცა მრეწველობის სხვადასხვა დარგში მემბრანული პროცესებისა და აპარატების გამოყენებას იონგაცვლით ფისებთან ერთად, განსაკუთრებით, სპეციალური ტექნიკის დარგებში (ატომური და თბოენერგეტიკის).
მემბრანული ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატების შექმნას და გამოცდას სჭირდებოდა სხვადასხვა სითხის (ხსნარების) ძალიან დიდი რაოდენობა. აქაც, კ. სალდაძის გამჭრიახობით, მოინახა უნივერსალური ხსნარი - ზღვის წყალი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო ნებისმიერი ექსპერიმენტის ჩატარება.
1968 წელს ქ. ბათუმში ფუნქციონირება დაიწყო მოსკოვის პლასტმასების ინსტიტუტის საცდელი ქარხნის საზღვაო სტენდმა.
1973 წელს საზღვაო სტენდის ბაზაზე ჩამოყალიბდა მოსკოვის საკავშირო პლასტმასების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის №113 ლაბორატორია. ამ პერიოდისათვის აქ მუშაობდა 110 მეცნიერ-თანამშრომელი და დამხმარე პერსონალი.
1984 წელს ბათუმის №113 ლაბორატორია გარდაიქმნა №23 განყოფილებად. განყოფილების შემადგენლობაში იყო ოთხი ლაბორატორია და საცდელი საამქრო. ეს იყო ერთადერთი კვლევითი ორგანიზაცია საბჭოთა კავშირში, რომელიც კომპლექსურად იკვლევდა მემბრანულ-სორბციულ პროცესებს, ტექნოლოგიებსა და აპარატებს, ქმნიდა ახალი თაობის სხვადასხვა დანიშნულების აპარატებსა და იონგაცვლითი ფისების მოდიფიკაციებს სპეციალური დანიშნულებისათვის. შედეგად საკავშირო ჟურნალებში გამოქვეყნდა ათობით სტატია, დაცული იქნა მრავალი საკანდიდატო დისერტაცია, თანამშრომლებს მიღებული ჰქონდათ ათობით საავტორო მოწმობა გამოგონებებზე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ №23 განყოფილება ჩამოყალიბდა ბათუმის მემბრანული ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად.
1997-2000 წლებში მემბრანული ტექნოლოგიის ინსტიტუტის მიერ წარმოებული ტექნოლოგიები დაინერგა სხვადასხვა ორგანიზაციებში: სამთავრობო დაცვის სასწავლო ცენტრში სოფელ სააკაძეში (სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში), ბათუმის სამშობიარო სახლში (ულტრაფილტრაციული აპარატი ეკოლოგიურად სუფთა სასმელი წყლის მისაღებად), თბილისში, გაერთიანება ,,პირველისთვის” (უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების ჩამოსასხმელი ფირმა), მახინჯაურის ბავშვთა სახლში (ულტრაფილტრაციული აპარატი სასმელი წყლის მისაღებად), ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ჰემოდიალიზის განყოფილებაში (ისეთივე დანადგარი), თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში, ბათუმის ღვინის ქარხანაში (ერთი ელექტროდიალიზური და ორი მიკროფილტრაციული დანადგარი), ბათუმის ქიმიურ ქარხანაში სასმელი წყლის ,,მეჯინისწყალი’’ ფილტრაციისათვის.
ამ პერიოდში რამდენიმე კერძო საწარმომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისში, ბათუმში და სხვ.) შეისყიდა ინსტიტუტის მიერ დამზადებული სხვადასხვა წარმადობის მიკროფილტრაციული და ელექტროდიალიზური დანადგარი. ასე რომ, 1991 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე დაინერგა 60-მდე მემბრანული დანადგარი.
2006 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით მემბრანული ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი შეუერთდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
განყოფილებას მიღებული აქვს სამი გრანტი,
 საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის გრანტი:
ISTC / G-1302 ,,Разработка технологического процесса получения нового вида калийсодержащих удобрений, создание и испытание экспериментальной установки”. (ხელმ. - რაულ გოცირიძე, მენეჯერი - გიზო ლანჩავა);
 სახელმწიფო გრანტი GNSF/ST07/7-250,, მძიმე ლითონების (უპირატესად სპილენძის) იონების შემცველი ჩამდინარე და გამრეცხი წყლების გაწმენდა ელექტროდიალიზის მეთოდით–ტექნოლოგიის შემუშავება, რეკომენდაციებისა და საწყისი მონაცემების გაცემა ელექტროდიალიზური აპარატების პროექტირებისათვის’’.
(ხელმ. - რაულ გოცირიძე, მენეჯერი - ლამზირა კონცელიძე);
 სახელმწიფო გრანტი ,,წვენების გადამუშავების უნარჩენო კომპლექსური ტექნოლოგიის შემუშავება’’
(ხელმ.- ირა ბეჟანიძე, მენეჯერი - თინა ხარებავა).

2012 წლიდან ელექტრომემბრანული ტექნოლოგიის, ბარომემბრანების სინთეზის და ტექნოლოგიის განყოფილებები გაერთიანდა და სორბციული პროცესების, ანალიზური ქიმიისა და მიკრობიოლოგიური ანალიზის ლაბორატორიასთან ერთად განაგრძობს ფუნქციონირებას მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების სახით აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის შემადგენლობაში.
მემბრანული განყოფილების კვლევების პრიორიტეტული მიმართულებაა: თხევადი ნარევების გაწმენდის, დაყოფისა და დაკონცენტრირების ეკოლოგიურად სუფთა, რესურს დამზოგავი, უნარჩენო და მცირედ ენერგოტევადი მემბრანული ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატურის შექმნა, შესწავლა და სრულყოფა მათი მეურნეობის სხვადასხვა დარგში დანერგვის მიზნით.
მემბრანული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის წინაშე მდგარი გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში: ეს არის მოსახლეობის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის საკვებით, წყლით, ენერგეტიკული რესურსებით, გარემოს დაცვა, ნედლეულის და საკვები რესურსების მეორადი გამოყენება და სხვა. მისი საშუალებით შესაძლებელია მოვახდინოთ თხევადი და აირადი ნარევების დაყოფა, კონცენტრირება, დაწმენდა მოლეკულურ დონეზე, შესაძლებელია ღირებული პროდუქტების მეორადი უტილიზაციაც.
არსებული ბაზის საფუძველზე განყოფილებაში განხორციელდა კვლევითი და საცდელ - ექსპერიმენტული სამუშაოები:
. სინთეზირებულია უკუოსმოსური და ულტრაფილტრაციული მემბრანები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი, თერმო- და ქიმიური მდგრადობით, სელექტიურობითა და წარმადობით;
. დამუშავებულია ციტრუსოვანი ხილის და ყურძნის წვენებიდან მაღალი შემცველობის კონცენტრატების მიღების კომპლექსური მეთოდი;
. მინერალური წყლებიდან მიღებულია მშრალი ფხვნილები კომპლექსური მემბრანული მეთოდით;
. დამზადებულია ინდივიდუალური (საოჯახო) მოხმარების სასმელი წყლის გასაფილტრი აპარატები, ასევე დიდი წარმადობის კოლექტიური მოხმარების გასაფილტრი აპარატები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ქალაქის პარკებში, ხალხის თავშეყრის ადგილებში, სკოლებში,ბაღებსა და ა.შ. ბიოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის წყლის მისაღებად;
. შესწავლილია ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლების გაწმენდა გაფილტვრისა და სორბციული მეთოდებით სხვადასხვა სორბენტისა და გამფილტრავი მასალის კომბინირების გზით.
. შესწავლილია რძის შრატის უნარჩენო გადამუშავების შესაძლებლობა კომლექსური მემბრანული ტექნოლოგიის გამოყენებით. შრატიდან გამოყოფილია მაღალი ხარისხის კომპონენტები (ცილები, კრისტალური ლაქტოზა).
. დამუშავებულია გალვანური წარმოების მოთუთიების საამროს ჩამდინარე წყლების ელექტროდიალიზური გაწმენდის ჩაკეტილი ტექნოლოგიური სქემა, რომელიც რეკომენდირებულია პრაქტიკაში დანერგვისათვის და იძლევა ღირებული პროდუქტების უკან, საწარმოო ციკლში დაბრუნების შესაძლებლობას.
. ბუნებრივი ცეოლიტის - კლინოპტილოლიტის და ზღვის წყლის გამოყენებით მიღებულია ახალი ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა კალიუმიანი სასუქი კომბინირებული სორბციული მეთოდით.
. შემუშავებულია და დანერგილია ელექტრომემბრანული სისტემების ფუნქციონალური მაჩვენებლების განსაზღვრის ახალი მეთოდები;
. შემუშავებულია ხსნარის პირდაპირი დინების რეჟიმით მომუშავე რევერსიული ელექტროდიალიზური დანადგა რის ავტომატური მართვის სქემა;
. შემუშავებულია და გამოცდილია ელექტროდიალიზატორის ახალი ჰიდრავლიკური სქემა ღრმად გაუმარილოებული წყლის მისაღებად;
. შესწავლილია ჩამდინარე სპილენძშემცველი წყლებიდან სპილენძის იონების ელექტროდიალიზური დაკონცენტრირების პროცესის კანონზომიერებები;
დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამუშავდეს კონკრეტული პირობებისთვის მისაღები ტექნოლოგიური პროცესი.
განყოფილებაში მუშაობს 1 მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (განყოფილების გამგე); 1 მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 4 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 3 - მეცნიერი თანამშრომელი;
განყოფილების ექსპერიმენტული ლაბორატორიები, საპილოტე მემბრანული და სორბციული დანადგარები, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზის მოწყობილობები წარმოადგენს საუკეთესო ბაზას ხარისხითა და ცოდნის დონით პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული მომავლის სპეციალისტების (მაგისტრანტებისა და დოქტორანტების) მომზადებისათვის.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა