მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
 























მთავარი >> ზოგადი ინფორმაცია >> ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმა
ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმა

ინსტიტუტის აგრარული ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და დანერგვითი სამუშაოების ძირითადი მიმართულებები განსაზღვრულია ქვეყნის ხელისუფლების მიერ შემუშავებული აგრარული სფეროს განვითარების სტრატეგიული კურსით, ხოლო მემბრანული ტექნოლოგია შედის მსოფლიოს პროგრესული ტექნოლოგიების ხუთეულში და წარმოადგენს მომავლის ტექნოლოგიას. იგი ერთადერთია საქართველოში, რომელიც მუშაობს უახლესი მემბრანული ტექნოლოგიების შემუშავების, სრულყოფის და გამოყენების მიმართულებით. შემუშავებულია ელექტრომემბრანული, ბარომემბრანული და სორბციული ტექნოლოგიური სქემები, აპარატურა, სინთეზირებულია მემბრანები, რომლებიც გამოიყენება ქიმიური, ფარმაცევტული, სამედიცინო, კვების, ბუნების დაცვის, გადამამუშავებელი მრეწველობის, აგროსამრეწველო სფეროს ცალკეულ დარგებსა და ფირმებში.

მიმართულებას დაგეგმილი აქვს განახორციელოს შემდეგი ამოცანები:

მემბრანულ ტექნოლოგიაში:

-ელექტრომემბრანული პროცესებისა და ტექნოლოგიების შემუშავება სხვადასხვა თხევადი ხსნარების დაწმენდის, ნივთიერებათა კონცენტრაციის რეგულირების, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მიღების უზრუნველყოფის მიზნით;

-ბარომემბრანული პროცესებისა და ტექნოლოგიების შემუშავება თხევადი ნარევების დაყოფის, დაკონცენტრირების, დაწმენდის მიზნით;

-სორბციული პროცესებისა და ტექნოლოგიების შემუშავება დაბინძურებული თხევადი ნარევების დაწმენდის და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად;

-უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებო პროგრამების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება მემბრანული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადების მიზნით;

აგრარულ ტექნოლოგიაში:

- გადამამუშავებელი საწარმოების ორიენტაცია ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებაზე და ეროვნული პროდუქციის კონკურნეტუნარიანობის ამაღლება.

- ტექნოლოგიური სიახლეების შემუშავებისა და დანერგვის პოლიტიკის განსაზღვრა. მეწარმეთათვის სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების საჭირო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების შემუშავება;

- დასახული პროგრამის შესრულების რეალობის, მისი სამეცნიერო-კვლევითი, დანერგვითი და ეკონომიკური სარგებლიანობის შედეგების პროგნოზირება.

მიმართულების ადამიანური რესურსები, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მიმართულებები, მათი აქტუალობა, მიღებული შედეგების ფართო სპექტრი, თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების ფაკულტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან საშუალებას იძლევა განხორციელდეს ისეთი სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებო პროგრამები, რომლებშიც აისახება მიმართულების დარგების პრაქტიკული და მეცნიერული მხარე, აგრეთვე ქვეყნის მოთხოვნები.

მიმართულების მემბრანულ ტექნოლოგიებში შესაძლებელია შესრულდეს ნაშრომები შემდეგ საგნებში:
● მაღალმოლეკულურ ნაერთთა ფიზიკა-ქიმია;
● პოლიმერული მასალების წარმოება და გამოყენება;
● მემბრანების ფორმირება ბუნებრივი და სინთეზური პოლიმერებისაგან;
● ჰიდროეკოლოგია;
● ბუნებრივი წყლების გაუმარილების ელექტრომემბრანული პროცესები;
● ბუნებრივი წყლების დამუშავების სორბციული მეთოდები;
●მემბრანული ტექნოლოგიის გამოყენება საწარმოო ჩამდინარე წყლების
გასუფთავებაში;
● თხევადი ნარევების დაყოფა და ღირებული კომპონენტების გამოყოფა მემბრანული
ტექნოლოგიური მეთოდებით;
● მემბრანული ტექნოლოგია ბიოაქტიური ნივთიერებების წარმოებაში;
● მემბრანები და მემბრანული პროცესები;
● ნანომემბრანების ტექნოლოგია;
● საწარმოო წყლების დამუშავების სორბციული მეთოდები.

-ეკონომიკური პროექტების შემუშავება მემბრანული ტექნოლოგიების გამოყენებით და მათი დანერგვა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

-მიღებული შედეგების დაპატენტება, რეკლამირება კომერციალიზაციის მიზნით;

-ლაბორატორიული და ტექნიკური ბაზის რეაბილიტაცია და განვითარება მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველსაყოფად;

-ახალი ტექნოლოგიების გამოცდისა და პროდუქციის საცდელი ნიმუშების დამზადებისათვის, რომლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები მიმართულების ფინანსირების დამატებითი წყარო იქნება;

-მიმართულების ბაზაზე შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის სარწმუნო ანალიზების შესრულება,რომელიც ღირებული იქნება ნებისმიერი სამეცნიერო და სამრეწველო ორგანიზაციისათვის;

-მიმართულებას შეუძლია განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს საქართველოს მოსახლეობის სუფთა წყლით უზრუნველყოფის საკითხებში, აგრეთვე ჩამდინარე და დაბინძურებული წყლების გაწმენდისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში;

-მიმართულების უახლოეს გეგმებში შედის ახალი სპეციფიკური თვისებების პოლიმერული მასალებიდან წინასწარ დაგეგმილი სტრუქტურისა და ფორიანობის მქონე მემბრანების შექმნა, მემბრანების გამტარუნარიანობის და სელექტიურობის გაზრდა, მიზნობრივი ნივთიერებების მიმართ დროში სტაბილური თვისებების მქონე მემბრანების დამზადება, ახალი მემბრანული ტექნოლოგიების ათვისება და გლობალური ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების საკითხებში ჩართვა.

მიმართულების აგრარული ტექნოლოგიის ბაზაზე შეიძლება განხორციელდეს სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები საგნებში: ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია, მიკრობიოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია, უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სამელების წარმოების ტექნოლოგია, აგროქიმია, აგროეკოლოგია. ასევე, შეიძლება ჩამოყალიბდეს საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ხელს შეუწყობს აგროსამრეწველო დარგისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

საცდელ-საწარმოო ბაზა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, გამოყენებული იქნება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროგრამების შესრულების, ახალი ტექნოლოგიების გამოცდისა და პროდუქციის საცდელი პარტიების გამოშვებისათვის. ტექნოლოგიური სტენდის (მინისაწარმოს) სრულყოფის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დამზადდეს 30-მდე დასახელების საკონსერვო პროდუქცია, რომლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები მიმართულების ფინანსირების დამატებითი წყარო იქნება.

მიმართულების ბაზაზე შესაძლებელია მცენარეული ნედლეულისა და მზა პროდუქციის ქიმიური კვლევა ტრადიციული ფიზიკო-ქიმიური და ქრომატოგრაფიული მეთოდების გამოყენებით. კვლევისათვის გამოიყენება Waters-ის ფირმის (აშშ) მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფი, დეტექტორით ხილულ და ულტრაიისფერ უბანში, რომლითაც განხორციელებული ნებისმიერი კვლევა იქნება უფრო სარწმუნო, ღირებული ნებისმიერი სამეცნიერო და სამრეწველო დაწესებულებისათვის.

აგრარულ ტექნოლოგიაში მიმართულებას შეუძლია განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს აჭარის რეგიონში მეჩაიეობის, მეციტრუსეობის და მევენახეობის რეაბილიტაციაში. ამ დარგების სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოების, ხარისხობრივი მაჩვენებლების ამაღლების, სასაქონლო დამუშავების, ახალი ტექნოლოგიების შემუშავების, არსებული რაციონალური ტექნოლოგიების ფერმერულ მეურნეობებში დანერგვისა და ტექნიკური საშუალებების შემუშავებაში, მარკეტინგული და სწავლება-კონსულტაციების სამსახურების ჩამოყალიბებაში.

მიმართულების განვითარების უახლოეს გეგმებში შედის in vitro სისტემაში მცენარეთა გამრავლების მეთოდების შემუშავება და დანერგვა უვირუსო, გაჯანსაღებული სარგავი მასალის მისაღებად.

მიმართულება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში კვების პროდუქტების საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო HACCP-ის სისტემის და საექსპერტო საქმიანობის დანერგვის პროცესში. შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან დაიდება ხელშეკრულებები და ჩატარდება ცხიმების (პალმის, სიმინდის, სოიას, მზესუმზირის) მარცვლეულის, ფქვილის და პურპროდუქტების, თამბაქოს, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სამელების, აზოტოვანი სასუქის ანალიზი საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებუილი მეთოდებით. დაგეგმილია ლაბორატორიების აკრედიტაცია, რომელსაც ექნება კვების პროდუქტების სასერთიფიკაციო უფლება.

მიმართულების მეცნიერები ახორციელებენ კვლევებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
- ახალი სახის ფუნქციონალური დანიშნულების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება;
- საერთო და პროფილაქტიკური დანიშნულების ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება;
- არატრადიციული ნედლეულიდან ახალი სახის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების შემუშავება;
- ჩაის ფოთლის გადამუშავების ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიის შემუშავება;
- მცენარეული ნედელულის ბაზაზე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების და ბუნებრივი დამატკბობლების მიღების მეთოდების შემუშავება;
- აჭარაში გავრცელებული აბორიგენული და ინტროდუცირებული ვაზის ჯიშების გამოკვლევა და მათგან ახალი სახის პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება;
- კვების პროდუქტების ხარისხის განსაზღვრის და ფალსიფიკაციის დადგენის მეთოდების შემუშავება;
-ელექტროდიალიზური ტექნოლოგიით ბუნებრივი და საწარმოო ჩამდინარე წყლების გაწმენდა, დაყოფა, გაუმარილება-დაკონცენტრირება ღირებული პროდუქტების გამოყოფისა და ტექნოლოგიურ ციკლში დაბრუნების მიზნით;
-ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოების ნარჩენებიდან პექტინური ნივთიერებებისა და P ვიტამინის მიღება ტრადიციული და ელექტრომემბრანული ტექნოლოგიების კომბინირებით;
-ელექტრომემბრანული აპარატების კონსტრუქციული ელემენტებისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის აპარატურისა და მოწყობილობების შემუშავება, გამოცდა და სრულყოფა მეურნეობის სხვადასხვა დარგში დანერგვის მიზნით;
-თერმო-და ქიმიურად მდგრადი ბარომემბრანების სინთეზი, გამოკვლევა და მათი პარამეტრების განსაზღვრა;
-ბარომემბრანული ტექნოლოგიების და აპარატების შემუშავება თხევადი ნარევების დაყოფისა და დაწმენდისათვის;
-კომპლექსური (ტრადიციული და ბარომემბრანული) ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობის პროდუქტების და ნარჩენების გადასამუშავებლად;
-ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გაწმენდა სორბციული და გაფილტვრის მეთოდებით სხვადასხვა სორბენტების კომბინირების გზით;
-საწარმოთა ჩამდინარე წყლების გაწმენდა მძიმე მეტალებისაგან (ზღვრულად დასაშვებ კონცენტაციამდე) გაფილტვრისა და სორბციული მეთოდებით;
-კალიუმის შემცველი მიწისქვეშა წყლებიდან კალიუმიანი სასუქების მიღების ტექნოლოგიური პროცესის შემუშავება და მემბრანული ტექნოლოგიით ზღვის წყლიდან მიკროელემენტების გამოყოფა;
-ელექტრომემბრანული, ბარომემბრანული და სორბციული პროცესების ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზებით უზრუნველყოფა.

2011 წელს დაგეგმილი გვაქვს ჩავატაროთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ღვაწლმოსილი მეცნიერის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ლევან ლაზიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავის იუბილეს, ხოლო 2012 წელს - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ნივთიერებათა დაყოფის მემბრანულ-სორბციული პროცესები და მათი გამოყენება წარმოებაში“, რომელიც მიეძღვნება ღვაწლმოსილი მეცნიერის, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პროფესორ კირილე სალდაძის 100 წლისთავის იუბილეს. შემდგომში იგეგმება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების პერიოდულად ჩატარება და მიმართულების შრომათა კრებულის გამოცემა.

ინტენსიურად წარიმართება მუშაობა, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი, საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებით მაღალი მეცნიერული ღირებულების საგრანტო პროექტების შემუშავებისა და განხორციელებისათვის.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა