მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
 























მთავარი >> ზოგადი ინფორმაცია >> ისტორია
ისტორია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 29 ნოემბრის №228 დადგენილებით შეიქმნა აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი.
აგრარული ტექნოლოგიების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ისტორია 1943 წლიდან იწყება, როცა ბათუმში შეიქმნა საკავშირო საკონსერვო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი. ფილიალის ბაზაზე, 1981 წელს ჩამოყალიბდა ინსტიტუტი და მას სრულიად საკავშირო ინსტიტუტის სტატუსი მიეცა. ამ რეორგანიზაციას თან მოჰყვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოება. აშენდა თანამედროვე ხელსაწყო-აპარატებით, მანქანა-დანადგარებით, დაზგებით აღჭურვილი საინჟინრო-ლაბორატორიული კორპუსი, ექსპერიმენტული, მექანიკური და ტექნოლოგიური საწარმოები.
1992 წელს ინსტიტუტის განვითარების ისტორიაში პირველად სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან ერთად ფუნქციონირება დაიწყო უმაღლესმა სასწავლებელმა.
1999 წლიდან ინსტიტუტი აქტიურად ჩაერთო საგრანტო საქმიანობაში. მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულმა საკონკურსო საგრანტო პროექტებმა ინსტიტუტის თანამშრომლებს თავისი სამეცნიერო პროდუქციის წარმოებაში გამოცდისა და დანერგვის საშუალება მისცა. ერთდროულად მოხდა ინსტიტუტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განახლება და კომპიუტერიზაცია.
2006 წლიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ინსტიტუტი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა, როგორც მისი სტრუქტურული ერთეული.
მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ერთადერთია საქართველოში, რომელიც მუშაობს მემბრანული ტექნოლოგიური პროცესების სხვადასხვა მიმართულებებზე: მაღალსელექტიური პოლიმერული მემბრანების შემუშავებაზე; შექმნაზე; შესწავლაზე; სრულყოფაზე; მემბრანული დანადგარების დამზადებაზე და მათ დანერგვაზე სხვადასხვა წარმოება - დაწესებულებებში (სამედიცინო, ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხნებში, გადამამუშავებელი მრეწველობის, აგროსამრეწველო სფეროს ცალკეულ დარგებსა და ფირმებში), თუ ინდივიდუალური მოხმარებისათვის. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ბათუმში მემბრანული აპარატებისა და პროცესების კვლევების ცენტრის ჩამოყალიბების იდეა ეკუთვნის მაშინ, მოსკოვში მოღვაწე დიდ ქართველ მეცნიერს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, იონმიმოცვლითი მასალების ქიმიისა და ტექნოლოგიის სკოლის დამაარსებელს ყოფილ საბჭოთა კავშირში, ბატონ კირილე სალდაძეს, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა საბჭოთა კავშირის მთავარ ქიმიკოსად იონგაცვლითი ფისების შექმნისა და წარმოების დარგში. ის ერთდროულად ხელმძღვანელობდა მოსკოვის პლასტიკური მასების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთ წამყვან განყოფილებას. მისი უშუალო სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის შედეგად საბჭოთა კავშირში პირველად სინთეზირებული იქნა და შემდეგში, მრავალი ქარხანა აშენდა იონგაცვლითი ფისების წარმოებისათვის, რამაც დიდი როლი შეასრულა ატომური და თბოენერგეტიკის განვითარებაში.
1972 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირის ქიმიური მრეწველობის სამინისტროს თანხმობით (ბრძანება №130 06.10.1972წ) ბათუმში ჩამოყალიბდა მოსკოვის პლასტმასების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფი, რომელმაც მისცა დასაბამი ბათუმში დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტული ინსტიტუტის ჩამოყალიბებას.
1984 წელს ბათუმის 113 ლაბორატორია გარდაიქმნა №23 განყოფილებად, სადაც ფუნქციონირებდა 4 ლაბორატორია და საცდელი საამქრო. ის იყო ერთადერთი კვლევითი ორგანიზაცია საბჭოთა კავშირში, რომელიც კომპლექსურად იკვლევდა მემბრანულ-სორბციულ პროცესებს, ტექნოლოგიებსა და აპარატებს, ქმნიდა ახალი თაობის სხვადასხვა დანიშნულების აპარატებსა და იონგაცვლითი ფისების მოდიფიკაციებს სპეციალური დანიშნულებისათვის, აქ პირველად პრაქტიკაში შეიქმნა სასმელი წყლის კონდიციონირებისათვის ბრომსელექტიური სორბენტი, შემდეგ კი კომბინირებული ბორ-ბრომ სელექტიური სორბენტი.
საკავშირო სტრუქტურების მოშლისა და ნაციონალიზაციის შედეგად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1992 წლის 10 მარტის დადგენილებით №23 განყოფილების ბაზაზე შეიქმნა ბათუმის მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამეურნეო ანგარიშზე. თვითდაფინანსებაზე ინსტიტუტის გადაყვანამ განაპირობა სამეცნიერო კადრების მნიშვნელოვანი დენადობა. მიუხედავად აღნიშნულისა, ძირითადი ბირთვი ინსტიტუტს მაინც შემორჩა. 1997 წლის ივნისში ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ ინსტიტუტის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების მიზნით თხოვნით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, საქართველოს ჯანმრთელობის, ეკოლოგიის, თავდაცვის, კვების მრეწველობის სამინისტროებს ინსტიტუტის ასაყვანად მათ დაქვემდებარებაში, პარალელურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით ინსტიტუტის დირექცია მიმართავდა აჭარის ავტომომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსაც. 2001 წლის 8 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ინსტიტუტს მიენიჭა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის’’ სტატუსი, რამაც დასაბამი მისცა სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან ამაღლებას. ყოველწლიურად ტარდებოდა შიგა საინსტიტუტო კონფერენციები; საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებებში დაინერგა 30-მდე ელექტრო- და ბარომემბრანული დანადგარები.
2006 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ქალაქ ბათუმის საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაქმნის მიზნით, ინსტიტუტი შეუერთდა შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტს, როგორც მისი სტრუქტურული ერთეული.




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა