მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
 

























ფაკულტეტის სიახლეები
23 აგვისტო 2014 წელი
საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,,სამართალი და პოლიტიკა“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: ,,სამართალი და პოლიტიკა“. საქართველოს, ლიტვის, ინგლისის, კანადის, უკრაინის, იტალიის, ეგვიპტის, ირანის, უნივერსიტეტების პროფესორები ადამიანის უფლებათა დაცვის, არბიტრაჟისა და განათლების სფეროებში არსებულ სამართლებრივ პრობლემებს განიხილავენ. დელეგატები მოხსენებებს ისეთ აქტუალურ თემებზე წარმოადგენენ როგორიცაა: ,,მემკვიდრეობისა და განვითარების კრიტერიუმების საკითხი სამართალში“, ,,ქართული რეალობა სისხლის სამართლის კანონის უკუქცევის შესახებ“, ,,აკადემიური ეთიკის საკითხები უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში: საერთაშორისო ურთიერთობების გამოყენება კულტურული ინტეგრაციისათვის უნივერსიტეტებში“, ,,კავკასიური გეოპოლიტიკის სპეციფიკა ახალი მსოფლიოს წყობის კონსტრუირებაში“. ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში 35-მდე სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების მკვლევარი მონაწილეობს.
29 ივლისი 2014 წელი
სამეცნიერო კონფერენცია ,,ელქტრონული მმართველობის ფორმირება საქართველოში“
უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ,,ელქტრონული მმართველობის ფორმირება საქართველოში“. ბსუ-სა და თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა სამეცნიერო სესიაზე ელექტრონული მმართველობის ფორმირების ზოგად თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს. მომხსენებლებმა წარმოადგინეს საქართველოში ელექტრონული მმართველობის კუთხით არსებული მდგომარეობის ანალიზი და განიხილეს ელექტრონული მმართველობის ფორმირების პროცესში არსებული პრობლემები. ასევე შეაფასეს აჭარის მაგალითზე რეგიონალური ელექტრონული მმართველობის ფორმირების არსებული მდგომარეობა. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
23 ივლისი 2014 წელი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ (EULISC) დასრულდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ავსტრიის გრაცის უნივერისტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა - „ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ (EULISC) დასრულდა. ბსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ, ევროპული სამართლის ინსტიტუტის პროფესორმა ბენედიქტ ჰარცლიმ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით მიქელაძემ 13 ქვეყნის 40-მდე სტუდენტს სასეირნო გემზე სერტიფიკატები გადასცეს. ახალგაზრდებმა უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტის ექსპერტებთან ერთად, ორი კვირის განმავლობაში კავკასიის პრობლემატურ საკითხებზე, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემებზე იმსჯელეს. უნივერსიტეტი საზაფხულო სკოლას მომავალ წელს მესამედ უმასპინძლებს და მასში მონაწილეობა სამართლის მიმართულების სტუდენტებს შეეძლებათ.
22 ივლისი 2014 წელი
,,გეოპოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში: მეთოდები, იდენტობები, სირთულეები“
ფრანგულ-ქართული საზაფხულო სკოლა ,,გეოპოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში: მეთოდები, იდენტობები და სირთულეები“ ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფრანგი პროფესორები ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში გეოპოლიტიკის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სწავლებისას წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პოსტსაბჭოთა სივრცე: გეოპოლიტიკური რეალობა თუ წარმოსახვითი კავშირი; კრიზისი: არქტიკიდან შავი ზღვისპირეთამდე, კორუფცია, კრიტიკა, მეთოდები; კიბერსივრცე - პოსტმოდერნისტული გეოპოლიტიკის არენა; გეოპოლიტიკა და ადგილობრივი მმართველობა; საქართველო და შავი ზღვის რეგიონი - ახალი ბალანსისაკენ? ასევე წარმოდგენილი იქნება თემები: გეოპოლიტიკა როგორც მეცნიერება: მეთოდოლოგია და ეპისტემოლოგია, გარე და შიგა გეოპოლიტიკა და ახალი პოსტსაბჭოთა ოლიგარქია: პოლიტიკური ანალიზი. საზაფხულო სკოლა საფრანგეთის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სამინისტროსა და პარიზის მე-8 უნივერსიტეტის გეოპოლიტიკის ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
15 ივლისი 2014 წელი
იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია
517-ე აუდიტორიაში იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. აკადემიურმა პერსონალმა კონფერნციაზე 9 სამეცნიერო მოხსენება წარმოადგინა. ზოგად-იურიდიულ დისციპლინებში 2 მოხსენება (მურმან გორგოშაძე, დავით სამნიძე) წაიკითხეს, საჯარო სამართლის მიმართულებით - 2 მოხსენება (ომარ მახარაძე, ნუგზარ ფუტკარაძე,); კერძო სამართლის მიმართულებით - 2 მოხსენება (ანზორ უსტიაძე, გულიკო კაჟაშვილი) და სისხლის სამართლის მიმართულებით - 3 მოხსენება (გივი აბაშიძე, ირაკლი აბაშიძე, ანზორ მახარაძე). სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგების გაცნობას.
20 ივნისი 2014 წელი
სამართლის საერთაშორისო კონგრესი „კონსტიტუციური სამართალი: გლობალური და ადგილობრივი გამოწვევები“
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ ნორვეგიის ქალაქ ოსლოში გამართულ კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო კონგრესში – „კონსტიტუციური სამართალი: გლობალური და ადგილობრივი გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა. კონსტიტუციონალისტმა ფორუმზე მოხსენება წაიკითხა თემაზე: „დასავლური კონსტიტუციური ინსტიტუტების მნიშვნელობა კონსტიტუციის შემუშავების პროცესში პოსტ საბჭოთა სივრცეში – საქართველოს მაგალითზე“. მსოფლიოს მასშტაბის კონგრესი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მიზნად ისახავს ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგები შეჯამებას. კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო ასოციაციისა და ოსლოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ ხუთდღიან კონგრესზე 85 ქვეყნის 600–ზე მეტმა წარმომადგენელმა წარმოადგინა ნაშრომი.
14 ივნისი 2014 წელი
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ფსიქოლოგებმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის, არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“, „დღის ცენტრის“, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლებმა ინკლუზიური განათლების პედაგოგებს დარგის სიახლეები და მიღწევები გააცნეს. მომხსენებლებმა სესიის მონაწილეებს ასევე გაუზიარეს ინკლუზიური განათლების სფეროში დაგროვილი გამოცდილება და სპეციალისტების გადამზადებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. კონფერენცია სტუდენტური თვითმმართველობისა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
05 ივნისი 2014 წელი
ცესკოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები გააცნეს
ცესკოს წარმომადგენლებმა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდები ღონისძიების ფარგლებში კენჭისყრის პროცედურებს, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებსა და სხვა სიახლე გაეცნენ. ცესკოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ პროცედურებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საარჩევენო უბანზე კენჭისყრას გაუმარტივებს. ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით, დაიგეგმა დებატები თემაზე: "არჩევნები - დემოკრატიის გარანტია".
28 მაისი 2014 წელი
IV კურსის სტუდენტი დავით ანანიძე სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიეტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი დავით ანანიძე სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულია. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონკურსი „ადამიანის უფლებების დაცვას" ეძღვნებოდა და მასში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ. სპეციალური ჟიურის შეფასებით, დავით ანანიძემ მესამე ადგილი დაიკავა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა გამარჯვებულ კონკურსანტებს სერტიფიკატებთან ერთად, იურიდიული ლიტერატურა გადასცა და საქართველოს წამყვან იურიდიულ ფირმაში სტაჟირების გავლა შესთავაზა. ვულოცავთ დავით ანანიძეს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
23 მაისი 2014 წელი
სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
დასრულდა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. საჯარო სამართლისა და სისხლის სამართლის სექციებში მომავალმა სამართალდამცავებმა ნაშრომები წარმოადგინეს დარგის მნიშვნელოვან საკითხებზე. სპეციალურმა ჟიურიმ საჯარო სამართლის სექციაში პირველობა თემურ აბაშიძეს მიაკუთვნა მოხსენებისათვის: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან საქართველოს ზოგიერთი კანონის სტრუქტურის შესაბამისობის საკითხისთვის“ (ხელმძღვანელი პროფესორი მურმან გორგოშაძე). მეორე ადგილზე გავიდა ნინო ჭკადუასა და ნათია წულაიას მოხსენება „ლობიზმი: საერთაშორისო გამოცდილება და ქართული პრაქტიკა“ (ხელმძღვანელი პროფესორი მურმან გორგოშაძე), ხოლო მესამე ადგილი ერგო ნიკა დუმბაძისა და ირაკლი გობაძის ნაშრომს: „არასაერთაშორისო კონფლიქტების რეგულირება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ლევან ჯაყელი) და მაია ოქროპირიძის თემას: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი - მუნიციპალური რეფორმა თუ შეფუთული საფრთხე?!“ (ხელმძღვანელი მოწვეული სპეციალისტი დავით სამნიძე).... »»»




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა