მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
 























სიახლეები
15 ივლისი 2014 წელი
ექვსკვირიანი საწვრთნელი პროგრამა მინესოტას უნივერსიტეტში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ქეთინო ნაცარიშვილმა მარცვლოვანთა ჟანგების საწვრთნელ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. ექვსკვირიანი საწვრთნელი პროგრამა მიზნად ისახავდა მარცვლეულის ჟანგების ბიოლოგიის, ეკოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, დიაგნოზისა და დაავადების მართვის სხვადასხვა მეთოდის გაცნობასა და შესწავლას. კურსი მოიცავდა ლაბორატორიულ, სასათბურე და საველე აქტივობებს, ლექციებსა და ჯგუფურ დისკუსიებს. პროექტი მინესოტას უნივერსიტეტში (აშშ) სტეკმენ-ბორლაუგის მარცვლოვანთა ჟანგების ცენტრისა (S-BCRC) და ჟანგების მიმართ ხორბლის გამძლეობის საერთაშორისო პროგრამის (DRWW) ორგანიზებითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
01 აპრილი 2014 წელი
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის რობერტ ბოლტონის ვიზიტი
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი რობერტ ბოლტონი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში რობერტ ბოლტონმა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მკვლევარებთან ერთად, ბიოუსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები განიხილა. შეხვედრაზე დაიგეგმა ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და თანამშრომლობის გაგრძელება. რობერტ ბოლტონის მხარდაჭერით 2004-2012 წლებში დიდი რვიანის გლობალური პარტნიორობის ფარგლებში ინსტიტუტში განხორციელდა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (ISTC) ორი პროექტი: ,,მცენარეთა დაცვის გაუმჯობესება საქართველოში დაავადებებისადმი გამძლეობის დონის ამაღლების, საკარანტინო დაავადებების შესწავლისა და კულტურათა ნაციონალური კოლექციის შექმნის გზით“ (№G 1093 p, მენეჯერი ზოია სიხარულიძე) და ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა: სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაუმჯობესება მათი დაავადებებისადმი გამძლეობის დონის შესწავლის გზით საქართველოში და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში” (№G-1775p, მენეჯერი გალინა მეფარიშვილი).
26 მარტი 2014 წელი
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგებს გაეცნენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის წევრები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერების მიერ 2013 წელს წარმოებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგებს გაეცნენ. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ მარიამ მეტრეველმა და დირექტორმა გურამ მემარნემ აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის სხდომაზე ბოლო პერიოდში შესრულებული სამუშაოები წარადგინეს და ხაზი გაუსვეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების 54-წლიანი ისტორიის განმავლობაში განხორციელებული კვლევების მნიშვნელობას ქვეყნის ბიოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით.
22 მარტი 2014 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა ქეთინო ნაცარიშვილმა და რუსუდან დუმბაძემ მექსიკაში, ქალაქ სიუდად-ობრეგონში გამართულ ნორმან ბორლაუგის ჟანგების გლობალური ინიციატივის (BGRI) ვორკშოპსა და ბორლაუგის სამიტში მიიღეს მონაწილეობა. შვიდდღიან ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელმა მსოფლიოს მოსახლეობის დაავადებების მიმართ გამძლე ხორბლით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს. ქართველმა მკვლევარებმა საერთაშორისო სესიაზე წარადგინეს სასტენდო პრეზენტაციები თემაზე: ,,საკოლექციო ხორბლის ჯიშების ღეროს ჟანგას მიმართ გამძლეობის შეფასება“ და ,,მარცვლოვანთა ჟანგები საქართველოში“. ფორუმის ფარგლებში ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები აშშ-ს მინესოტას უნივერსიტეტის მარცვლოვანთა დავადებების ლაბორატორიის ხელმძღვანელსა და წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეთა შეთანხმებით, ქართველი და ამერიკელი მკვლევარები ერთობლივად იმუშავებენ მარცვლოვანთა ჟანგის საკითხებზე. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტსა და აშშ-ს მინესოტას უნივერსიტეტის მარცვლოვანთა დავადებების ლაბორატორიას შორის 2007 წელს დაწყებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება და გაღრმავდება.
19 ოქტომბერი 2013 წელი
ინსტიტუტის თანამშრომლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად ჩაირიცხნენ
ინსტიტუტის თანამშრომლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად ჩაირიცხნენ. გამძლეობის გენეტიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი ქეთინო ნაცარიშვილი ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე აგროეკოლოგიისა და მცენარეთა დაცვის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ხოლო ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების ლაბორანტი დალი ბერიძე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ბიოლოგიის პროგრამაზე სასწავლებლად ჩაირიცხნენ(ბრძ.№01-09/615. 11 ოქტომბერი 2013 წელი).
26 სექტემბერი 2013 წელი
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა გაიმართა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდნენ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ მეტრეველი და ინსტიტუტის დირექტორი გურამ მემარნე. სხდომაზე განხილული იქნა საკითხი ინსტიტუტის არსებულ საშტატო განრიგში თანამდებობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ; წარმოდგენილი იქნა დირექტორის ანგარიში ინსტიტუტში 2013 წლის სამ კვარტალში გაწეული ფინანსური ხარჯების შესახებ; მოსმენილი იქნა გამძლეობის გენეტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის ქეთინო ნაცარიშვილის საინტერესო მოხსენება ინდოეთის ქალაქ დელიში მარცვლოვანთა ჟანგების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ; განხილული იქნა ინსტიტუტში მიმდინარე სხვა საკითხები.
19 აგვისტო 2013 წელი
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი რუსეთის ფედერაციის მცენარეთა კარანტინის ცენტრის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს. რუსეთის მცენარეთა კარანტინის ცენტრის დირექტორის მოადგილეები: ევგენი მაზურინი და ლიუბოვ სკოტნიკოვა, დირექტორის მრჩეველი მიხეილ მასლოვი, რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობისა და მარცვლეულის ხარისხის სამმართველოს მთავარი სპეციალისტ-ექსპერტი ირინა ბარინოვა და რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის ყაბარდო-ბალყარეთის რეფერენტული ცენტრის მცენარეთა კარანტინის განყოფილების უფროსი ევგენია სტაროსტინა ფიტოპათოლოგიის მიმართულებით წარმოებულ კვლევებს გაეცნენ. შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც ითვალისწინებს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს.
30 ივლისი 2013 წელი
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა გაიმართა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ მეტრეველი და ინსტიტუტის დირექტორი გურამ მემარნე უძღვებოდნენ. მკვლევრები ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებათა უფროსებისა და სამეცნიერო პერსონალის 2013 წლის პირველი ნახევრის ინდივიდუალური სამეცნიერო მუშაობის ანგარიშს გაეცნენ. სხდომის მონაწილეებმა ამ პერიოდში წარმოებული სამეცნიერო კვლევა-ძიება დადებითად შეაფასეს.
12 ივლისი 2013 წელი
უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის დოქტორანტმა ლამზირა გორგილაძემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ხორბლის სილაქავეების გამომწვევთა პოპულაციების სახეობრივი და შიდასახეობრივი სტრუქტურა საქართველოში და სელექციისათვის საწყისი მასალის შერჩევა“. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დისერტანტს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
11 ივლისი 2013 წელი
ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ცისანა ცეცხლაძემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის დოქტორანტმა ცისანა ცეცხლაძემ სადოქტორო დისერტაცია თემაზე დაიცვა: ,,ქერის ნაცრის გამომწვევის Blumeria graminis DS. f.sp. Hordei Marchal. შიდასახეობრივი დიფერენციაცია საქართველოში”. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცისანა ცეცხლაძეს მიენიჭა აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი.




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა