მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
 























ფაკულტეტის სიახლეები
09 აგვისტო 2014 წელი
„დიპლომამდელი სამედიცინო განათლების რეფორმა“
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ბაზაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის USAID-ის პროგრამა ,,შენარჩუნების“ მხარდაჭერით ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „დიპლომამდელი სამედიცინო განათლების რეფორმა“. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, ასისტენტ პროფესორმა თამარ ანელავამ და თინათინ გაგუამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ჯანდაცვის მიმართულების აკადემიურ პერსონალს სამედიცინო განათლების მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს. სამედიცინო განათლების რეფორმის ინიციატივის ფარგლებში, უნივერსიტეტთან არსებულ სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრს უსასყიდლოდ გადმოეცა სამეანო და გინეკოლოგიური სიმულატორების სრული პაკეტი. ... »»»
14 ივლისი 2014 წელი
ეკოტური ეკოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის ერთობლივი ეკოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის: “ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ ფარგლებში ეკოტური მოეწყო მარშრუტით: ბათუმი – ნოქალაქევი – მარტვილის კანიონი – ბათუმი. საზაფხულო სკოლის მონაწილეები კოლხეთის დაბლობისა და მთისწინეთის ეკოსისტემების მრავალფეროვნებას გაეცნენ და ისტორიული ძეგლები დაათვალიერეს. სწავლების დასასრულს საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
11 ივლისი 2014 წელი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა “ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის ერთობლივი ეკოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ტარდება თემაზე: “ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. სამი დღის განმავლობაში 50-მდე ქართველი და თურქი მონაწილე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობა, როგორიცაა: კლიმატის გლობალური ცვლილება და მისი შედეგები, დაცული ტერიტორიების თანამედროვე ბიოეკოლოგიური მდგომარეობა, ლანდშაფტური ბიომრავლფეროვნება და ბიოეკოლოგია, შავი ზღვის სანაპიროსა და ჭოროხის დელტის ეკოლოგიური პრობლემები. ასევე განიხილავენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და ჩამდინარე წყლების ეკოლოგიურ პრობლემებს. საზაფხულო სკოლა ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მეცნიერების პოპულარიზაციას, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესებასა და საველე პირობებში კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საზაფხულო სკოლა ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ტექნოლოგიური ფაკულტეტისა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება.
16 მაისი 2014 წელი
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე
სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტების, რეზიდენტებისა და ექიმი-სტომატოლოგებისთვის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა. ქვეყნის სხვადასხვა წამყვანი კლინიკების ექიმებმა დარგში არსებული სიახლეები და პრობლემები განიხილეს. სესიის ფარგლებში ასევე გაიმართა მასტერ-კლასი ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: სხვადასხვა თაობის ადჰეზიური სისტემები, სარესტავრაციო მასალები, მუშაობის პრაქტიკული რეკომენდაციები, პირის ღრუს გავრცელებული დაავადებები, დეფექტების ქირურგიული რეკონსტრუქცია და მკურნალობის მენეჯმენტი. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა და უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.
16 მაისი 2014 წელი
ვიზიტი ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში
ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ინგა დიასამიძე თურქეთის რესპუბლიკის გაცვლითი პროგრამის „MEVLANA”-ს ფარგლებში, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტს ეწვია. მკვლევარმა ორი კვირის განმავლობაში საველე პრაქტიკა გაიარა ართვინის ვილაეთის მაღალმთაში, გაეცნო ახალ ტექნოლოგიებს, მატერიალურ ტექნიკურ ბაზას და ასოცირებულ პროფესორ ოზგურ ემინამაოღლუს ჯგუფთან ერთად, მონაწილეობდა ართვინის საჰერბარიუმო ფონდის შექმნაში. ასისტენტ პროფესორი ინგა დიასამიძემ ვიზიტის ფარგლებში ლექცია ჩაატარა ასევე თემაზე: „საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეების მრავალფეროვნება“.
11 მაისი 2014 წელი
გადამფრენ ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღე
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტმა და ბათუმის მტაცებელ ფრინველთა მონიტორინგის ორგანიზაციამ გადამფრენ ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღე ერთობლივად აღნიშნეს. სხვადასხვა ქვეყნის ორნითოლოგები და ეკოლოგები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, საყოველთაოდ ცნობილ „ბათუმის სამიგრაციო ძაბრს“ ეწვივნენ გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად. ღონისძიების მონაწილეებმა სახალვაშოსა და ჭოროხის დელტაში წარმოებული დაკვირვების შედეგები უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციასა და გამოფენაზე შეაჯამეს.
06 მაისი 2014 წელი
მემორანდუმი „თინაზთეფე“-ს საავადმყოფოსთან
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „თინაზთეფე“-ს (თურქეთი) საავადმყოფოს შორის. ხელშეკრულება ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევარებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ერთობლივი სასწავლი-სამეცნიერო პროექტების შემუშავებასა და სპეციალისტების გადამზადებას. მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება სიმპოზიუმები, კონფერენციები, სემინარები და კულტურული ღონისძიებები. მხარეთა შეთანხმებით, უნივერსიტეტის ბაზაზე ამოქმედდება იმუნოგენეტიკის ლაბორატორია, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის მიმართულების პროფესორები თურქეთის წამყვან ექიმებთან ერთად ერთობლივ კვლევებს ჩაატარებენ.
03 მაისი 2014 წელი
პროექტის „ბათუმის ბოტანიკური ბაღის სტიპენდიანტი“ წარდგინება
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი და ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს ირაკლი ბარამიძეს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა ბსუ-ს ბიოლოგიის, მცენარეთა ბიომრავალფეროვნებისა და აგროეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს პროექტი „ბათუმის ბოტანიკური ბაღის სტიპენდიანტი“ წარუდგინა. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ბაღის განვითარებით დაინტერესებასა და დარგისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. კონკურსის წესით გამოვლენილი სამი საუკეთესო სტუდენტი ბოტანიკურ ბაღში ორთვიან სტაჟირებას გაივლის და 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ღონისძიების მონაწილეებმა ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს და ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ... »»»
22 მარტი 2014 წელი
ტყის დაცვისა და წყლის დაცვის საერთაშორისო დღეები
ტყის დაცვის დღე - 21 მარტი და წყლის დაცვის დღე - 22 მარტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა ერთობლივად აღნიშნეს. ახალგაზრდებმა ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე წითელი წიგნის ნუსხაში შეტანილი ხეები დარგეს. ჰართვისის მუხის IUCN კატეგორია შეიცვალა და საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა გახდა. საძოვრების მენეჯმენტის არარსებობამ, საბჭოთა პერიოდში გაყვანილმა სადრენაჟე არხებმა, ინვაზიური სახეობის დომინანტობამ და გვალვამ ბოლო ასწლეულის განმავლობაში ხის ბუნებრივი განახლება შეწყვიტა და მუხა დაავადდა.
19 მარტი 2014 წელი
სტუდენტებმა ზამთრის სკოლაში მიიღეს მონაწილეობა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობის II და III კურსის სტუდენტებმა ზამთრის სკოლის - „ბაზაზე განახლებადი ენერგიის წყაროების გეოფიზიკური შეფასების მეთოდები გეოთერმული ენერგიის მაგალითზე“ მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. სტუდენტებმა დემეტრე ქაჯაიამ, ალექსანდრე წეროძემ და გოგიტა შაინიძემ სემინარის მონაწილეებს ალტერნატიული ენერგიის წყაროების გეოფიზიკური შეფასების მეთოდები წარუდგინეს. ზამთრის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა