მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























მთავარი >> მართვის ორგანოები >> აკადემიური საბჭო >> რეგლამენტი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.1. აკადემიური საბჭოს რეგლამენტი განსაზღვრავს რსუ-ს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურას.
1.2. სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭო (შემდგომში – აკადემიური საბჭო) არის რსუ-ს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
1.3. აკადემიურ საბჭოს აქვს ბეჭედი და ბლანკი წარწერით: „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო“.

მუხლი 2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა
2.1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის რექტორი - აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს წევრები.
2.2. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი. მათი რაოდენობა და აკადემიური საბჭოს საქმიანობაში რსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენელთა მონაწილეობის წესი განისაზღვრება რსუ-ს წესდებით.
2.3. აკადემიური საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა რსუ-ს სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2.4. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე წილისყრით ვლინდება აკადემიური საბჭოს წევრების ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა იქნება 2 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ აკადემიური საბჭო ექვემდებარება განახლებას.
2.5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარება;
დ) გარდაცვალება;
ე) აკადემიური საბჭოს სხდომებზე არასაპატიო მიზეზით სისტემატიურად გამოუცხადებლობა;
ვ) რსუ-ს შესაბამისი აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება;
ზ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2.6. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება;

მუხლი 3. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
3.1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
3.2. აკადემიური საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და რსუ-ს წესდების შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ)ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, ხოლო რსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის შეფასების წესს.“;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და საგანმანათლებლო პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
ე) სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;
ვ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას;
ზ)სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
თ) მონაწილეობს რსუ-ს წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვისას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
კ) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების აღიარების წესს;
ლ) ფაკულტეტის საბჭოს ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;
მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს რსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ნ) აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოტივირებული წინადადებით მიმართავს წარმომადგენლობით საბჭოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;
ო) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
პ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ჟ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;
რ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს და ათავისუფლებს რსუ-ს ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;
ს) რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.
ტ) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს;
უ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის შესახებ და წარუდგენს დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს;
ფ) პერიოდულად ისმენს რსუ-ს სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშს;
ქ) ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით განსაზღვრავს ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის საშტატო ნუსხას;
ღ) იღებს გადაწყვეტილებას რსუ-ს მიერ სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ. მიღებულ გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
ყ) სიითი შემადგენლობის ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას რსუ-ს აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს რსუ-ს ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისათვის.
შ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს აკადემიური საბჭოს რეგლამენტს, ასევე ახორციელებს რსუ-ს წესდებით, შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;
3.3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

მუხლი 4. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი
4.1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
4.2. რექტორის არყოფნის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი რექტორის დავალებით ან აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
4.3. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
4.4. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4.5. სხდომა გრძელდება არაუმეტეს სამი საათისა. სხდომის მიმდინარეობა შეიძლება გაგრძელდეს დამსწრე წევრთა 2/3-ის თანხმობით.
4.6. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს შეუძლია სხდომის მიმდინარეობა გარკვეული დროით შეაჩეროს ან საერთოდ შეწყვიტოს, თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები აქტუალური აღარ არის ან ამოწურულია.
4.7. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
4.8. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის მონაწილე საბჭოს წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-სა. ხმების გაყოფისას თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია;
4.9. მომხსენებელთა გამოსვლის (პროექტის წარმოდგენის) დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს, ხოლო საბჭოს წევრის მიერ მოსაზრების გამოთქმა 5 წუთს. ერთი და იმავე საკითხზე მოსაზრება საბჭოს წევრმა შეიძლება გამოთქვას მხოლოდ ორჯერ. ეს ვადები შეიძლება შეიცვალოს საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
4.10. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია. (თანხმობა დასტურდება ხელის აწევით). კენჭისყრის მიმდინარეობისას იკრძალება აკადემიური საბჭოს წევრის მიერ სხდომის დარბაზის დატოვება.
4.11. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ აკადემიური საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება ოქმი. საჭიროების შემთხვევაში სხდომის მიმდინარეობა იწერება აუდიოფირზე (ჩანაწერი ინახება სამდივნოს მიერ).
4.12. ოქმი მოიცავს სხდომის თარიღს, დამსწრე საბჭოს წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას, დღის წესრიგს, გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. გამომსვლელთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალა დაერთვის ოქმს.
4.13. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება აკადემიური საბჭოს ბეჭედი.

მუხლი 5. აკადემიური საბჭოს სამდივნო
5.1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს სამდივნო.
5.2. აკადემიური საბჭოს სამდივნო, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომის დღის წესრიგს, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს. ისინი უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღისა.
5.3. აკადემიური საბჭოს სამდივნო ვალდებულია უზრუნველყოს აკადემიური საბჭოს აქტების მიწოდება რსუ-ს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის.

მუხლი 6. რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
აკადემიური საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა