მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























უნივერსიტეტის სიახლეები
13 ივნისი 2014 წელი
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ფსიქოლოგებმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის, არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“, „დღის ცენტრის“, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლებმა ინკლუზიური განათლების პედაგოგებს დარგის სიახლეები და მიღწევები გააცნეს. მომხსენებლებმა სესიის მონაწილეებს ასევე გაუზიარეს ინკლუზიური განათლების სფეროში დაგროვილი გამოცდილება და სპეციალისტების გადამზადებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. კონფერენცია სტუდენტური თვითმმართველობისა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
12 ივნისი 2014 წელი
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია „ზღვა და ლიტერატურა“
ლევან ბერძენიშვილი რადიო „შოკოლადისა“ და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი გადაცემის „წიგნების“ ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. სტუმარმა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ზღვა და ლიტერატურა“. მომხსენებელმა ძირითადად ის მხატვრული ნაწარმოებები შეაფასა, სადაც ზღვას განსაკუთრებული როლი აქვს. განიხილა ჰერმან მელვილის რომანი „მობი დიკი“, ოთარ ჭილაძის - „გზაზე ერთი კაცი მიდოდა", ჯეიმს ჯოისის - „ულისე“, ევრიპიდეს - „მედეა“, ერკ ემანუელ შმიდტის - „ულისე ბაღდადიდან“, ჰომეროსის -„ოდისეა“. ასევე ისაუბრა ისეთ საინტერესო საკითხზე, როგორიცაა: ზღვის როლი ალბერ კამიუსა და თომას მანის შემოქმედებაში. ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა 2012 წლიდან გადის და მიზნად ისახავს მხატვრული ცნობიერების ამაღლებას.
12 ივნისი 2014 წელი
შემოქმედებითი საღამო "მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა"
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ რეზო სტურუას შემოქმედებითი საღამო "მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა" გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საღამოზე პროფესორ-მასწავლებლებმა და მწერლებმა მეცნიერის პოეზია შეაფასეს, ხოლო ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა მისი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების დასასრულს ავტორმა საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნო და წიგნი "მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა" წარუდგინა. ლექსების კრებული გამომცემლობა “მოაზროვნემ” გამოსცა და მასში პროფესორ რეზო სტურუას ბოლო პერიოდში შექმნილი 100 ლექსია შესული. შემოქმედებითი საღამო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
10 ივნისი 2014 წელი
სემინარი თემაზე: „ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა თემაზე: „ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“. უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ და მკვლევარმა რუსლან ბარამიძემ სტუდენტებს გააცნეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტის ,,ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“ (საგრანტო ხელშეკრულება№57/06) ფარგლებში წარმოებული კვლევის შედეგები. პროექტი მიზნად ისახავს თურქეთის რესპუბლიკაში ქართული მუსლიმური მემკვიდრეობის გამოვლენასა და შესწავლას. 2014 წლის 8–17 მაისს, პროექტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ართვინის ილში (ისტორიული ტაო–კლარჯეთი) მოეწყო პირველი ექსპედიცია. ექსპედიციამ გამოავლინა 20–მდე მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელთა ნაწილი შესულია თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
09 ივნისი 2014 წელი
მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ხელშეკრულება ახალი სამეცნიერო მიმართულების - სემიოტიკის პოპულარიზაციასა და ერთობლივი კვლევების წარმოებას ითვალისწინებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრი ერთობლივად ჩაატარებენ სამეცნიერო კონფერენციებს, სემინარებს, საჯარო ლექციებს, საზაფხულო სკოლებს, შემოქმედებით კონკურსებსა და კულტურულ ღონისძიებებს. პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ სემიოტიკის სილაბუსების შედგენაში.
07 ივნისი 2014 წელი
უნივერსიტეტის პროფესორებმა სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს
სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასახმარებლად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა ,,McDonald's“-ის თანამშრომლის ფუნქციები შეითავსეს. პროფესორ-მასწავლებლები შემოსული თანხით იმ სტუდენტებს დაეხმარებიან, რომლებმაც სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლეს. საქველმოქმედო აქცია ,,სტუდენტური დღე“ მომავალ შაბათსაც გაიმართება.
03 ივნისი 2014 წელი
უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის საჯარო ლექციები
უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, აკადემიკოსმა, თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ანტიკური კულტურის მწვერვალები“. მომხსენებელმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის საკითხები გააცნო და შეხვედრის დასასრულს შეკითხვებს უპასუხა. აკადემიკოსი ორი დღის განმავლობაში ლექციებს განაგრძობს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: „ევროპის იდეა ანტიკურობასა და თანამედროვეობაში“ და „ლეგენდარული კოლხეთი ბერძნულ-ქართული მიმართებების კონტექსტში“. საჯარო ლექციები აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის (საჯარო ლექციები) ფარგლებში გაიმართა.
03 ივნისი 2014 წელი
აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ რისმაგ გორდეზიანს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი ავტორია 140-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 26 წიგნის. გამოსაქვეყნებლად გადაცემული აქვს 100-მდე (ძირითადად ენციკლოპედიისათვის „ანტიკური კავკასია“) სამეცნიერო ნაშრომი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 40-მდე დისერტაცია.... »»»
31 მაისი 2014 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის მორიგი ერთობლივი სამედიცინო აქცია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების პროფესორებმა და ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმებმა, შუახევის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მმართველობის ქვეშ არსებულ შუახევის რაიონული ჰოსპიტალის ბაზაზე უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს. აქციის ფარგლებში შუახევის ხეობის - დაბის, ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრის, ზამლეთის, უჩამბის, დღვანის, ოლადაურის, შუბნის თემების მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვა, რენტგენოლოგიური გამოკვლევები და დამატებითი დიაგნოსტიკა (თერაპიის, პედიატრიის, კარდიოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, უროლოგიის, ალერგოლოგიის, ქირურგიის, რევმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ონკოლოგიის, რადიოლოგიის, ოფთოლმოლოგიის, მამოლოგიის, ნევროლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიის, ტრავმატოლოგიის, დერმატოვენეროლოგიის, გინეკოლოგიის, ორთოპედიისა და სტომატოლოგიის) მიმართულებით ჩაუტარდა. შუახევის თემების ამბულატორიებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ უფასოდ პირველადი საჭიროების მედიკამენტები გადასცა.
30 მაისი 2014 წელი
I რესპუბლიკური სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „ტურიზმი და ახალგაზრდობა 2014“
I რესპუბლიკური სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „ტურიზმი და ახალგაზრდობა 2014“ ჩატარდა შოთა რუსთაველის დარბაზში. სესია ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებმა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს და მოხსენებები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე წარმოადგინეს როგორიცაა: საქართველოს შავიზღვისპირეთში ტურიზმის მდგრადი განვითარების პერსპექტივები, სეზონურობა და ტურიზმზე დამოკიდებულების საფრთხე, ეკოტურიზმის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები აჭარაში. ასევე განიხილეს სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი, აჭარის სასტუმროების მომსახურების ხარისხის კვლევის ანალიზი და რეკომენდაციები, მტირალას ეროვნული პარკი - ტურისტული პოტენციალი და განვითარების პერსპექტივები. კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
30 მაისი 2014 წელი
ამერიკული უნივერსიტეტების გამოფენა
ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებისა და კოლეჯების გამოფენა გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში. აჭარის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ამერიკაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობებს, დაფინანსების წყაროებსა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვის კრიტერიუმებს გაეცნენ. ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის ინოვაციური პროექტების ფარგლებში დაარსებული „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ წარმომადგენლებმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ საქართველოს მთავრობის მიმდინარე პროექტები წარმოადგინეს. გამოფენა უნივერსიტეტის, ფონდ „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
30 მაისი 2014 წელი
კომპანია „Revolution” კრეატიული სტუდენტების დასაქმებას იწყებს!
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მარკეტინგის მიმართულებისა და სტუდენტების ინიციატივით პროექტი „revolution motivatori” იწყება. პროექტი „revolution motivatori” ბათუმში მარკეტინგული განყოფილების შექმნას და სტუდენტების დასაქმებას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია კრეატიულ და მარკეტინგული საქმიანობით დაინტერესებულ სტუდენტებს დაეხმაროს პროფესიული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში, კარიერულ წინსვლასა და გამოცდილების გაზიარებაში. ... »»»
29 მაისი 2014 წელი
„ევროკავშირის რეგიონული საინოვაციო პოლიტიკა: მოდელი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონებისთვის“
შოთა რუსთაველის დარბაზში სემინარი გაიმართა თემაზე: „ევროკავშირის რეგიონული საინოვაციო პოლიტიკა: მოდელი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონებისთვის“. პროფესორ-მასწავლებლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული კომიტეტის წევრები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები, მეწარმეები ევროინტეგრაციის საინოვაციო პოლიტიკის საკითხებს გაეცნენ. განიხილეს საინოვაციო პოლიტიკა ევროკავშირსა და საქართველოში, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა და ევროინტეგრაცია, ევროკავშირის ახალი წევრი და კანდიდატი ქვეყნების რეგიონული საინოვაციო პოლიტიკა სლოვაკეთისა და თურქეთის მაგალითზე, სოციალური ინოვაციები სოფლის მეურნეობაში,. სემინარის მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება აჭარაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და განვითარების ინოვაციურ მიდგომების შესახებ. სემინარი „ასოციაცია ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა.
29 მაისი 2014 წელი
უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ეწვია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძესთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი სიგუასთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. შეხვედრაზე მინისტრმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები და პრიორიტეტები გააცნო. ახალგაზრდებს ასევე შესთავაზა ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტები მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამაში ჩაერთვებიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ სტუდენტებს მობილური გიდების პროგრამა წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მინისტრმა თამარ სანიკიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები სასწავლო გრანტებით, უფასო საგანმანათლებლო პროგრამებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, დასაქმების ხელშემწყობი პროექტებით და სხვა აქტუალური საკითხებით დაინტერესდნენ. ... »»»
29 მაისი 2014 წელი
სამეცნიერო კონფერენცია „ჩვენ ერთი ტკივილი და სიხარული გვქონდა“
აფხაზთა მუჰაჯირობის 150 წელს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ჩვენ ერთი ტკივილი და სიხარული გვქონდა“. პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევარებმა სესიაზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხები განიხილეს. მომხსენებლებმა სესიაზე ნაშრომები წარმოადგინეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური და დემოგრაფიული ვითარება XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოში, მუჰაჯირობა XIX საუკუნის 60-იანი წლების აფხაზეთში, მუჰაჯირობა აჭარაში, ქართული სამღვდელოება და აფხაზეთის პრობლემები XIX საუკუნის I ნახევარში. სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ქართულ-აფხაზური მეგობრობის საზოგადოების „ძმობის“ ორგანიზებით გაიმართა.





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა