მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
 























სიახლეები
02 სექტემბერი 2014 წელი
V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“
,,ბათუმის“ სახალხო დღესასწაულს მიეძღვნა მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“. ქართველმა, ამერიკელმა, ინგლისელმა და თურქმა მკვლევარებმა ბათუმის ისტორიასა და თანამედროვეობაზე 50-მდე მოხსენება წარმოადგინეს. მეცნიერებმა ორდღიან სამეცნიერო სესიაზე ისეთი აქტუალური საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ,,ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“, ,,ბათუმი ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში“, ,,რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის თავისებურებანი და მისი რეალიზაციის მექანიზმები ბათუმში“, ,,უცხოელი ინვესტორის თვალით დანახული ბათუმის ბუნებრივი რესურსები“ და სხვ. საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებითა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. იხ. პროგრამა
29 აგვისტო 2014 წელი
საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების (შუშანა ფუტკარაძე, როინ მალაყმაძე, ელზა ფუტკარაძე, ნაილა ჩელაბაძე, თამილა ლომთათიძე) საგრანტო პროექტი დააფინანსა, რომელიც სავანეში დაცული ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობის შეწავლას ითავლისწინებს. პროექტის ფარგლებში მკვლევართა მივლინება სტამბოლის ქართველთა სავანეში ორჯერ განხორციელდა.... »»»
04 აგვისტო 2014 წელი
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების კვლევა-ძიების შედეგების წარდგინება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და დეპარტამენტების მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგების წარდგინება გაიმართა. შეხვედრაზე მკვლევრებმა საქართველოს მეცნიერებთა ეროვნული აკადემიის ანგარიში წარმოადგინეს. შეფასების მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და დეპარტამენტების კვლევებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მიერ მიღებული უმაღლესი შეფასება. კვლევითი ინსტიტუტი რამდენიმე სამეცნიერო პროექტს ახორციელებს. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამწლიანი სამეცნიერო პროექტის - „სტამბულის ქართული სავანის ეპისტოლურ და მემუარული მემკვიდრეობა“ ფარგლებში მკვლევრები უახლოეს მომავალში თურქეთში გაემგზავრებიან. სექტემბერში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით მეცნიერები საქართველოს ისტორიული მხარეების - ტაო-კლარჯეთის კვლევას განაგრძობენ. ... »»»
29 მაისი 2014 წელი
სამეცნიერო კონფერენცია „ჩვენ ერთი ტკივილი და სიხარული გვქონდა“
აფხაზთა მუჰაჯირობის 150 წელს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ჩვენ ერთი ტკივილი და სიხარული გვქონდა“. პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევარებმა სესიაზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხები განიხილეს. მომხსენებლებმა სესიაზე ნაშრომები წარმოადგინეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური და დემოგრაფიული ვითარება XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოში, მუჰაჯირობა XIX საუკუნის 60-იანი წლების აფხაზეთში, მუჰაჯირობა აჭარაში, ქართული სამღვდელოება და აფხაზეთის პრობლემები XIX საუკუნის I ნახევარში. სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ქართულ-აფხაზური მეგობრობის საზოგადოების „ძმობის“ ორგანიზებით გაიმართა.
03 აპრილი 2014 წელი
სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალ „მაჭახლის“ წარდგინება
შოთა რუსთაველის დარბაზში სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალ „მაჭახლის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია და ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას დოკუმენტური ფილმის "მაჭახლის აკვანი" ჩვენება შედგა. ჟურნალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტმა გამოსცა და „მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულს ეძღვნება. „მაჭახელი“ მკითხველს სიახლით გამორჩეულ სხვადასხვა თემატიკის სტატიებს, ინტერვიუებსა და ხეობის ცხოვრების ამსახველ მასალებს სთავაზობს. ჟურნალში გამოქვეყნებულია მაჭახლის, კირნათის, ახალსოფლის სოფლების სამეურნეო და კულტურული ცხოვრების ამსახველი წერილები, ზემო მაჭახლის მეტყველების ნიმუშები, მაჭახლელ მუჰაჯირთა დასახლებებისა და განსახლების ისტორია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სიახლეები. წარდგინება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
02 დეკემბერი 2013 წელი
ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტი - 55
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის 55 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ორი დღის განმავლობაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში სამეცნიერო სესია, ეთნოგრაფიული ფოტოებისა და ნაშრომების გამოფენა, წიგნის „აჭარული საუნჯე“ და ფილმის „საქართველოს ეროვნული გმირი - სელიმ ხიმშიაშვილი“ წარდგინება გაიმართა. საიუბილეო სამეცნიერო სესია გახსნა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების 55-წლიანი კვლევა-ძიების შედეგებზე ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ. მკვლევარებს მნიშვნელოვანი დღე ასევე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ სულიკო თებიძემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გურამ ლორთქიფანიძემ, ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და ემერიტუს-პროფესორებმა: შუშანა ფუტკარაძემ, ამირან კახიძემ და აკაკი ბერიძემ. ... »»»
31 ოქტომბერი 2013 წელი
ეთნოგრაფიული ექსპედიციის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია
აჭარაში 1933 წელს ჩატარებული ეთნოგრაფიული ექსპედიციის 80 წლისთავს მიეძღვნა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩაატარებული სამეცნიერო სესია. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვლის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ გახსნა. აჭარის პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიციის შედეგებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა ნოდარ კახიძემ (`აჭარის პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიციის 80 წლისთავი”), უფროსმა მეცნიერ თანამშრომლებმა ჯემალ ვარშალომიძემ (`აჭარის მატერიალური კულტურის საკითხები აჭარის პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიციის მასალების მიხედვით”), ნაილა ჩელებაძემ (`აჭარის საზოგადოებრი-ვი და საოჯახო ყოფის საკითხები აჭარის პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიციის მასალების მიხედვით”) და თამილა ლომთათიძემ (`აჭარის სულიერი კულტურის საკითხები აჭარის პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიციის მასალებში”). აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმში ეთნოგრაფიულ კვლევა-ძიებაზე მოხსენება წარმოადგინა მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, სრულმა პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა.

სამეცნიერო სესია ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილებისა და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდა.
16 ოქტომბერი 2013 წელი
ხულოს მუნიციპალიტეტში „აჭარული საუნჯის“ წარდგინება გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მიერ გამოცემული წიგნის „აჭარული საუნჯის“ წარდგინება გაიმართა. პრეზენტაციაზე კრებულის პირველი ტომის მნიშვნელობაზე უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ბაუჩაძემ, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ, პროფესორებმა: შუშანა ფუტკარაძემ, ბიჭიკო დიასამიძემ, სერგო დუმბაძემ, რამაზ ხალვაშმა და ჟურნალისტმა ოთარ ცინარიძემ ისაუბრეს. წიგნის პირველ ნაწილში ზღაპრების, ლეგენდების და პოეტური ნიმუშების გარდა, შეტანილია გამოცანები, ანდაზები, ისტორიული თქმულებები, შელოცვები და სხვ. კრებულში წარმოდგენილი მასალები სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა 1958 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის, დიდაჭარის, ღორჯომის 116 სოფელში შეკრიბეს და დღემდე დაწესებულების ფონდებში ინახებოდა. წარდგინების დასასრულს მონაწილეებს საჩუქრად „აჭარული საუნჯე“ გადაეცათ.
07 ოქტომბერი 2013 წელი
„სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიის სფეროში (მუსლიმური თემი)“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში სემინარი ჩატარდა თემაზე: „სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიის სფეროში (მუსლიმური თემი)“. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ეთნოლოგიის და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა რუსლან ბარამიძემ კოლეგებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტის „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და მუსლიმური თემი საქართველოში“ (საგრანტო ხელშეკრულება №12/48) ფარგლებში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგები გააცნო. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მუსლიმური რელიგიური თემისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების შესწავლას, მუსლიმურ თემთან მიმართებით 1990–იანი წლებიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რელიგიური პოლიტიკის, ბეჭდური და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის, მუსლიმური ორგანიზაციების საქმიანობის, სახალხო დამცველისა და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშის ანალიზს.
11 სექტემბერი 2013 წელი
საველე კომპლექსური ექსპედიცია შავშეთსა და იმერხევში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრები: როინ მალაყმაძე, შუშანა ფუტკარაძე, ბიჭიკო დიასამიძე, ნაილა ჩელებაძე, თამილა ლომთათიძე, ნარგიზ ახვლედიანი, ჯემალ ვარშალომიძე, ელზა ფუტკარაძე, ციალა ნარაკიძე საველე კომპლექსური ექსპედიციის ფარგლებში შავშეთსა და იმერხევს ეწვივნენ. შვიდ დღის განმავლობაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ისტორიკოსები, ეთნოლოგები და ფოლკლორისტები თურქეთის რესპუბლიკის ძირძველი ქართველებით დასახლებულ რეგიონებს იკვლევნენ. ექსპედიციის დროს მეცნიერებმა ჩაწერეს ქართული ტოპონიმები, ქართული გვარ-სახელები, ცნობები მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლებზე, საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებზე, მარან-საწნახლებზე, სამეურნეო იარაღებზე, მემინდვრეობასა და მესაქონლეობასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებზე (რთველობა, კოტრობა, ხარმანობა-კალოობა, მემხლიანობა, მარიობა, შუამთობა, ხიზირელეზი) ამინდის მართვის რიტუალები, საბავშვო თამაშობებზე (კოჯო, ხუნთქვა, ლეფიკი, ბილა). მკვლევრებმა ასევე შეკრიბეს მასალები მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშებზე (საწეს-ჩვეულებო, საყოფაცხოვრებო, სატრფიალო ლექს-სიმღერები, ცეკვები), ხატოვან სიტყვა-თქმაზე, ფრაზეოლოგიაზე, მკურნალობის ხალხურ წესებზე.




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა