მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
 























ფაკულტეტის სიახლეები
05 სექტემბერი 2014 წელი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „კორპუსლინგვისტიკა და ქართველოლოგიის სპეციალური პრობლემები“
„დიგიტალური ჰუმანიტარიის“ საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „კორპუსლინგვისტიკა და ქართველოლოგიის სპეციალური პრობლემები“ გაიხსნა შოთა რუსთაველის დარბაზში. საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ორგანიზებით მესამედ ტარდება. პროექტის ასამდე ქართველი და უცხოელი მონაწილე ათი დღის განმავლობაში ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნაზე იმუშავებს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეიქმნება დიგიტალური ჰუმანიტარიის პლატფორმა. ევროპელი და ქართველი მეცნიერები შეხვდებიან კვლევის ინოვატორული მეთოდებით დაინტერესებულ ქართველ ჰუმანიტართა ახალ თაობას. სკოლის მონაწილეებისათვის ბსუ-ს საპატიო დოქტორის, პროფესორ იოსტ გიპერტის ინიციატივით ცნობილი ევროპელი მეცნიერები საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ ვორკშოპს გამართავენ. ... »»»
02 ივლისი 2014 წელი
სტაჟირება პუატიეს უნივერსიტეტში თემაზე: „ფრანკოფონია, ენები და თარგმანი“
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორებმა მარინე სიორიძემ და ვიქტორია დიასამიძემ, ფილოლოგიის დოქტორმა ნინო გურგენიძემ, ფრანგული ფილოლოგიის III კურსის სტუდენტებმა ქეთევან ჯაიანმა და თეონა ბუაძემ საფრანგეთის ქალაქ პუატიეს უნივერსიტეტში გაიარეს სტაჟირება ლინგვისტიკასა და თარგმანში თემაზე: „ფრანკოფონია, ენები და თარგმანი“. ევროპული საზაფხულო კამპუსის ეგიდით გამართულ ორკვირიან სტაჟირებაში მონაწილეობდნენ ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები. სალექციო კურსებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს უძღვებოდნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. საზაფხულო კამპუსის მონაწილეებმა გაიარეს 37-საათიანი კურსი შემდეგი მიმართულებით: თარგმანის თეორია, თარგმნის პრაქტიკული კურსი და ინტერპრეტირება, თარგმანი და ინტერკულტურული აზროვნება. ასევე ჩართული იყვნენ 30 ივნისს გამართულ თარგმანის ევროპული კომისიის მიერ შეთავაზებულ 3-საათიან სემინარში: „ევროპული მულტილინგვიზმი და თარგმანი“. ევროპული კამპუსის მონაწილეებს გადაეცათ სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
23 ივნისი 2014 წელი
თურქეთისმცოდნეობისა და თურქული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტების დაჯილდოება
თურქეთისმცოდნეობისა და თურქული ფილოლოგიის სპეციალობის 18 სტუდენტს ,,ჩაღლარის’’ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელმა მეჰმედ სალი კოჩიმ, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ემზარ მაკარაძემ, რექტორის მრჩეველმა რევაზ დიასამიძემ და მასწავლებელმა მუზაფერ კირიმ სერტიფიკატები გადასცეს. მომავალმა თურქოლოგებმა თურქული ენის ერთწლიანი სასწავლო კურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გახსნილ თურქული ენის შემსწავლელ მეგობრობის კაბინეტში გაიარეს.
17 ივნისი 2014 წელი
ალი თანდილავას წიგნის - „ლაზური ლექსიკონი“ წარდგინება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ფილოლოგისა და ისტორიკოსის ალი თანდილავას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეხვედრა ჩატარდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა, მეცნიერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ცნობილი მკვლევარი გაიხსენეს და მისი სამეცნიერო მიღწევები შეაფასეს. ასევე შედგა ალი თანდილავას წიგნის - „ლაზური ლექსიკონი“ წარდგინება. ნაშრომი პროფესორ მერაბ ჩუხუას რედაქტორობით გამოიცა და 23000 ლექსიკურ ერთეულს მოიცავს. თითოეულ სიტყვას დართული აქვს მრავალფეროვანი მასალა, საილუსტრაციო წინადადებები და ფრაზები. სოლიდური გამოცემა ხელს შეუწყობს ქართულის მონათესავე მეგრული, ლაზური და სვანური ენების საფუძვლიან გამოკვლევას, ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და ისტორიის შესწავლას.
10 ივნისი 2014 წელი
სემინარი თემაზე: „ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“
ბათუმის შოთარუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა თემაზე: „ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“. უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ და მკვლევარმა რუსლან ბარამიძემ სტუდენტებს გააცნეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტის ,,ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“ (საგრანტო ხელშეკრულება№57/06) ფარგლებში წარმოებული კვლევის შედეგები. პროექტი მიზნად ისახავს თურქეთის რესპუბლიკაში ქართული მუსლიმური მემკვიდრეობის გამოვლენასა და შესწავლას. 2014 წლის 8–17 მაისს, პროექტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ართვინის ილში (ისტორიული ტაო–კლარჯეთი) მოეწყო პირველი ექსპედიცია. ექსპედიციამ გამოავლინა 20–მდე მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელთა ნაწილი შესულია თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
09 ივნისი 2014 წელი
მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ხელშეკრულება ახალი სამეცნიერო მიმართულების - სემიოტიკის პოპულარიზაციასა და ერთობლივი კვლევების წარმოებას ითვალისწინებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრი ერთობლივად ჩაატარებენ სამეცნიერო კონფერენციებს, სემინარებს, საჯარო ლექციებს, საზაფხულო სკოლებს, შემოქმედებით კონკურსებსა და კულტურულ ღონისძიებებს. პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ სემიოტიკის სილაბუსების შედგენაში.
06 ივნისი 2014 წელი
ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტებს საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის „ბიაფის“ მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა სერტიფიკატები გადასცა. სტუდენტებმა აუდიო-ვიზუალური თარგმანის სასწავლო კურსის ფარგლებში ფესტივალზე წარსადგენი საავტორო მოკლემეტრაჟიანი ფილმები თარგმნეს და თეორიული ცოდნა პრაქტიკით განამტკიცეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა ახალგაზრდები სექტემბერში დაგეგმილ კინოფორუმში მიიწვიეს, რომელიც სასტუმრო „რედისონსა“ და კინოთეატრ „აპოლოში“ ჩატარდება.
31 მაისი 2014 წელი
„უნივერსიტეტის მასწავლებელთა მთარგმნელობითი მასტერ-კლასი“
არასამთავრობო ორგანიზაცია „ლინგვა პლუსის“ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე: „უნივერსიტეტის მასწავლებელთა მთარგმნელობითი მასტერ-კლასი“. ილიას უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქეთევან ჯაშმა და ფილოლოგიის დოქტორმა მარიამ ფარეშიშვილმა ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლებს სიახლეები გააცნეს თარგმანმცოდნეობის შემდეგ მოდულებში: თარგმნის თეორია და პრაქტიკა, წერითი თარგმანი (პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი) და თანმიმდევრული თარგმნის სწავლება. ტრენინგის დასასრულს მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
30 მაისი 2014 წელი
მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და თურქულენოვანი წიგნების კითხვის კონკურსი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქეთისმცოდნეობისა და თურქული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა თემაზე: „მეგობრობა“ რამდენიმე ღონისძიება გამართეს. მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდებმა საკუთარი ფილმები წარმოადგინეს, რომელთა შორის საუკეთესოდ თურქეთისმცოდნეობის III კურსის სტუდენტ ნანა გამყრელიძის ფილმი დასახელდა. თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულმა ქალაქ ბათუმში ერგინ არიქანმა გამარჯვებული დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა. სტუდენტებმა საკუთარი შესაძლებლობების წარმოაჩინეს თურქულენოვანი წიგნების კითხვაშიც. თურქულენოვანი წიგნების კითხვის შეჯიბრშიც ამავე კურსის სტუდენტებმა ნანა გამყრელიძემ და მალვინა მსახურაძემ გაიმარჯვეს.
30 მაისი 2014 წელი
ისტორიკოსის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტემენტის ორგანიზებით ისტორიკოსის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს ისტორიის აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს და ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგები შეაჯამეს. ასევე გაიხსენეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე ისტორიკოსები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა