მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ტექნოლოგიური ფაკულტეტი
 























ფაკულტეტის სიახლეები
13 აგვისტო 2014 წელი
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯემალ ბერიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღვაწლმოსილ პროფესორს იუბილე მიულოცეს და მის მიღწევებზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გიზო ფარცხალაძემ, აკადემიკოსმა ვანო პაპუნიძემ, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ რამაზ სურმანიძემ, კოლეგებმა და მეგობრებმა. პროფესორი ჯემალ ბერიძე წლების განმავლობაში მოწვეულ პროფესორად მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტებზე. ცნობილ მკვლევარს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის კავშირგაბმულობის განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის ნაშრომი, 10-ზე მეტი სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო. 2014 წელს გამოიცემა მონოგრაფია `თანამედროვე უსადენო ქსელები: მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები~. ... »»»
2014-2015 სასწავლო წლისათვის საათობრივი ანაზღაურების წესით მასწავლებელთა და უფროს მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი... »»»
12 ივნისი 2014 წელი
შემოქმედებითი საღამო "მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა"
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ რეზო სტურუას შემოქმედებითი საღამო "მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა" გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საღამოზე პროფესორ-მასწავლებლებმა და მწერლებმა მეცნიერის პოეზია შეაფასეს, ხოლო ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა მისი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების დასასრულს ავტორმა საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნო და წიგნი "მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა" წარუდგინა. ლექსების კრებული გამომცემლობა “მოაზროვნემ” გამოსცა და მასში პროფესორ რეზო სტურუას ბოლო პერიოდში შექმნილი 100 ლექსია შესული. შემოქმედებითი საღამო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
23 მაისი 2014 წელი
“პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა მონაწილეობა მიიღო თანამშრომლობის პირველ ფორუმში: “პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“. პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გამოფენაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სარეკლამო ბუკლეტები, ბანერები, ტექნოლოგიური ფაკულტეტისა და სამშენებლო კომპანიების ურთიერთობის ამსახველი ფოტომასალა, სარეკლამო რგოლი და ,,მშენებლობის მწარმოებლის’’ პროგრამის სტუდენტების ნამუშევრები წარადგინეს. ფორუმი მიზანი იყო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და ახალი სამშენებლო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა. ... »»»
02 მაისი 2014 წელი
,,სასოფლო-სამეურნეო სამართლებრივ-ორგანიზაციული ინფრასტუქტურის ფორმირება და აგრარული სექტორის პერსპექტივები’’
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ვანო პაპუნიძემ სემინარი ჩაატარა თემაზე: ,,სასოფლო-სამეურნეო სამართლებრივ-ორგანიზაციული ინფრასტუქტურის ფორმირება და აგრარული სექტორის პერსპექტივები’’. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოში აგრარული დარგის პრობლემებზე, სოფლის მეურნეობის ინოვაციურ და მატერიალურ-ტექნიკურ მაჩვენებელზე, მწვავე სასურსათო კრიზისის მიზეზებსა და მისი გაუმჯობესების საკითხებზე. პროფესორმა ვანო პაპუნიძემ წარმოადგინა გლეხური მეურნეობის ინტეგრირებული ფორმების ჩამოყალიბების პრინციპები. ყურადღება გაამახვილა აგრეთვე აგარარული სფეროს ქვეყნის პრიორიტეტად აღიარების, სახელმწიფო დარგების სტიმულირების მექანიზმების, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების სრულად და კომპლექსურად გამოყენების აქტუალურ საკითხებზე.
25 აპრილი 2014 წელი
„პარამაგნეტური რელაქსაცია ანიზოტროპულ მასალებში ნულოვან და დაბალსიხშირულ ველებში“
ტექნოლოგიური ფაკულტეტის სააქტო დარბაზში ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესორმა ენვერ ხალვაშმა სემინარი თემაზე ჩაატარა: „პარამაგნეტური რელაქსაცია ანიზოტროპულ მასალებში ნულოვან და დაბალსიხშირულ ველებში“. მომხსენებელმა საზოგადოებას გააცნო, თუ რა ადგილი უჭირავს აღნიშნული მაღალტექნოლოგიური მასალების კვლევებს მსოფლიო მეცნიერებაში, რაში მდგომარეობს მაგნიტური რეზონანსის მოვლენა და როგორ გამოყენება ეს მეთოდი ტელეკომუნიკაციაში, მედიცინაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში და სხვა.
22 აპრილი 2014 წელი
დედამიწის დღე
ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტებმა დედამიწის დღე ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი ”გავუფრთხილდეთ დედამიწას” და გამართეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის - „ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგები ბუნებაზე“ ჩვენება. საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა ვანო პაპუნიძემ ლექცია წაიკითხა თემაზე: „დედამიწაზე არსებული გარემოს დაცვის გლობალური პრობლემები“. ღონისძიებების დასასრულს, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა უნივერსიტეტის საცდელ ნაკვეთზე დარგეს 70-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის ნერგი.
02 აპრილი 2014 წელი
სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის - KTH ვიზიტის შედეგები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის - KTH ვიზიტის შედეგები გააცნო. ვიზიტი მიზნად ისახავდა ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაციას. პრეზენტაციაზე მომხსენებელმა სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების ამსახველი ვრცელი აუდიო-ვიზუალური მასალა წარმოადგინა. ისაუბრა კომპანიებთან თანამშრომლობის ახალ მიდგომებზე, ევროპელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარების მეთოდებსა და ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებზე. საუბრისას ხაზი გაუსვა ასევე უნივერსიტეტის ურთიერთობას შემდეგ დამსაქმებელ კომპანიებთან: ,,Scania’’, ,,Ericsson’’, ,,Volovo’’, ,,H,M’’ და სხვ. წარდგინების დასასრულს, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დისკუსია გამართეს თემაზე: „საქართველოში უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაციის ასპექტები“.
21 მარტი 2014 წელი
სტუდენტებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სატყეო საქმის სპეციალობის სტუდენტებმა ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებისათვის ადგილობრივი ფლორისა და სელექციის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, ბიოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა დავით ხარაზიშვილმა სემინარი გამართა თემაზე:
,,აჭარის ტყის ეკოსისტემების მრავალფეროვნება’’. სტუდენტებს ტყის მნიშვნელობასა და ბაღის ფლორისტულ სიმდიდრეზე, ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე და მეთესლეობის სექტორის ხელმძღვანელი ჯულიეტა ჯაყელი ესაუბრა. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებთან ერთად ბაღის ტერიტორიაზე ხეები დარგეს.
08 მარტი 2014 წელი
2-8 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიზო ფარცხალაძე შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში - სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში-KTH იმყოფებოდა. ვიზიტი 530244-TEMPUS-ის პროექტ-ENGITEC - ის ფარგლებში შედგა, რომლის მიზანია უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაცია საქართველოში ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ. პროექტის სამუშაო გეგმის შესაბამისად, სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარების, კომპანიებთან თანამშრომლობის ახალი მიდგომებისა და ევროპელი პარტნიორების მიერ გამოცდილების გაზიარების გათვალისწინებით, საქართველოში უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაცისათვის ტექნოლოგიური გამოწვევების საკითხები განიხილეს. ENGITEC - ის პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია „სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი-KTH“.... »»»




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა